დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი, რუსულენოვანი ბლოგის საკუთარ თარგმანს ავრცელებს:
რუსეთის 6 დილემა
რუსეთი ამჟამად რამდენიმე დილემის წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც საკმაოდ რთულია.
️პირველი დილემა
● სამხედრო ხარჯების გაზრდის სურვილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუარესების გარეშე.
რაც ძალიან ძნელი მისაღწევია. შედეგი არის მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი, რადგან სამხედრო ხარჯები, ისევე როგორც სოციალური დახმარებები ფინანსდება გადასახადებით, და რუსეთის მთავრობა ერთდროულად ცდილობს სამხედრო ხარჯების ზრდას ისე, რომ სოციალური დახმარებები ძალიან არ შემცირდეს.
მეორე დილემა
● პირველიდან გამომდინარეობს. თუ ბიუჯეტის დეფიციტი გაქვთ, მისი დაფარვა ან სესხების აღებით შეიძლება, ან ეროვნული ვალის გაზრდით, ან ემისიებით, რაც გაზრდის ინფლაციას.პუტინს, როგორც ჩანს, 1990-იანი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეშინია როგორც მაღალი ინფლაციის, ასევე მაღალი ეროვნული ვალის.
შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს უწევს “ჟონგლიორობა” ორივეს თავიდან ასაცილებლად. ცოტა ხნის წინ, ამ ყველაფერს წარმატებით ანეიტრალებდა ნავთობზე მაღალი ფასებით შემოსული ფული და რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) რეზერვები. ახლა ეს რეზერვებიც ამოიწურა და ნავთობიდან შემოსავლებიც შემცირდა. ერთადერთი დარჩენილი რესურსი კი ახლა რუსეთის მოსახლეობაა.
მესამე დილემა
●რუსეთის ბიუჯეტთან დაკავშირებული სიტუაცია ასეთი სავალალო არ იქნებოდა, რუსული რუბლი რომ არ იყოს ასეთი” ძლიერი. “სუსტი” რუბლი მომგებიანია მოსახლეობისთვის, მაგრამ აზიანებს ექსპორტიორებსა და ბიუჯეტს.
იმისთვის, რომ რუბლი “დასუსტდეს”, უცხოური ვალუტა თავისუფლად უნდა გადიოდეს ქვეყნიდან, ან ცენტრალურ ბანკს შეეძლოს უცხოური ვალუტის თავისუფლად შეძენა. უცხოური ვალუტის თავისუფალი მოძრაობა მოითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან ვალუტის გადაცვლის “რუხი” არხები აშკარად არასაკმარისია.
მეოთხე დილემა
●კონფლიქტი “რუხ” იმპორტსა და “რუხ-თეთრ” ბაზარს შორის. სანქციების პირობებში, მალევე გაჩნდა მათი გვერდის ავლით არხები, რა გზითაც რუსეთიდან უცხოური ვალუტის გადიოდა და რუსეთის სამხედრო მრეწველობისათვის ძალიან საჭირო კომპონენტები კი შედიოდა.
მაგრამ ყველა ამ არხით, რომელსაც რუსები ამაყად უწოდებენ “პარალელურ იმპორტს”, რუსეთში ასევე შედის სამომხმარებლო იმპორტის დიდი ნაკადი, რომელიც გვერდს უვლის ყველა ოფიციალურ არხს და შესაბამისად არ იწვევს გადასახადების აკრეფის ზრდას. ახლა კი რუსეთის მთავრობა დილემის წინაშე დგას: ან შეავსოს ბიუჯეტი და „გაანადგუროს“ “რუხი” იმპორტი, ან გაანადგუროს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ამ იმპორტზე დგას. რაც ომის დროს გამორიცხულია.
მეხუთე დილემა
● ამ ყველაფრკს ფონზე, არსებობს კიდევ ერთი დილემა – არჩევანი მოსახლეობის შემცირებასა და მიგრანტებთან ბრძოლას შორის. რუსეთის დემოგრაფიული მდგომარეობა ისეთია, რომ პენსიონერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, ახალგაზრდების წილი მცირდება და თავად მოსახლეობა წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანით მცირდება. უკრაინასთან ომში კი რუსეთმა მამაკაცების 1% უკვე დაკარგა.
ამ ყველაფერმა შეიძლება პოტენციურად ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. მიგრანტებს შეუძლიათ ამ სიტუაციის გაუმჯობესება, მაგრამ რუსეთის მოსახლეობას წლებია ყველაფერი უცხოს მიმართ სიძულვილს უნერგავენ და მიგრანტები მათთვის მიუღებელია, ასევე სამართალდამცავი ორგანოები დაუნდობელ კამპანიას აწარმოებენ მიგრანტების წინააღმდეგ. ამასთან, რეალურად მიგრანტები შემოდიან ცენტრალური აზიის განუვითარებელი რეგიონებიდან და პლიუს შორს არიან რუსებისაგან თავიანთი კულტურით თუ რელიგიით (მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია).
შესაბამისად, მიგრანტების შემოდინება მოითხოვს კომპლექსური და ეფექტური მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის მიგრანტების ადაპტაციას და მათ ჩართვას რუსეთისს კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.
მეექვსე დილემა
● მუშახელის ნაკლებობის პრობლენა შეიძლება მოგვარდეს, თუ რუსეთში შევიდოდა თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მისცემდა რუსეთს მკვეთრად შეემცირებინა სამუშაო ძალაზე მოთხოვნა და, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის გაზრდის გზით, ბიუჯეტისთვის დამატებითი საგადასახადო შემოსავლების გენერირება მოეხდინა.
მაგრამ აწ უკვე საკმაოდ დაბერებული პუტინის პოლიტიკურ ინტერესებში არაა თანამედროვე, განვითარებულ ქვეყნებთან თანამშრომლობა. პირიქით, რუსეთი ასეთი ქვეყნების უმრავლესობასთან კონფლიქტშია.
საბოლოო ჯამში, ყველა ეს დილემა მოდის ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მიზნებიდან, რაც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.














კომენტარები