აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოება გამორიცხოს და უარი თქვას ალიანსში ისეთი სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც მანამდე სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსულმა მხარემ მოამზადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“აშშ იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარი თქვას ალიანსში სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც მანამდე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ“, – ნათქვამია ამერიკული მხარისთვის გადაცემული ხელშეკრულების პროექტის მე-4 მუხლში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ მხარეს მისგან გასვლა დეპოზიტარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით შეუძლია.
ასეთ მონაწილეს ხელშეკრულება უწყდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
შეთანხმების თანახმად, ალიანსი ასევე უარს ამბობს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთი და NATO იღებენ ვალდებულებას, არ შექმნან ისეთი პირობები, რომლებიც, შესაძლოა, მეორე მხარის მიერ საფრთხედ ჩაითვალოს. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ თვლიან. ხელშეკრულების მხარეები ინარჩუნებენ დიალოგს და ურთიერთქმედებენ ღია ზღვაში და ჰაერში ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში.
საკითხების გადასაჭრელად და პრობლემური სიტუაციების გადასაჭრელად, რუსეთის ფედერაცია და NATO ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე სასწრაფო კონსულტაციების მექანიზმებს, მათ შორის რუსეთ-NATO-ს საბჭოს იყენებენ.
გარდა ამისა, მხარეები გამორიცხავენ სახმელეთო შუალედური და მოკლე მანძილის რაკეტების განლაგებას იმ ადგილებში, საიდანაც მათ შეუძლიათ, ხელშეკრულების სხვა მხარეების ტერიტორიაზე სამიზნეებზე იერიში მიიტანონ.














კომენტარები