თქვენ ხალხს ექცევით ისე, როგორც არცერთ თქვენთაგანს არ გინდათ, რომ მოგექცნენ, – ამ სიტყვებით მიმართა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას “ოცნების” ხელისუფლებას.
სასულიერო პირის თქმით, დღეს ქვეყანაში კანონები არა მოქალაქეების დასაცავად, არამედ მხოლოდ მათ დასასჯელად იქმნება. ქადაგებაში მან უსამართლობის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა – მოქალაქეების მიმართ ძალადობის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის დაკავებისა და ციხეში დარჩენილი პირების შესახებ.
„როცა ისინი თქვენ სცემენ და აპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ, და უფალი ამას არ გაპატიებთ. უნდა გაათავისუფლონ ქართველი ერი, სხვანაირად მძიმედ დაისჯებიან,“ – აღნიშნა მამა დოროთემ.
“სახარებაში წერია ოქროს სიტყვებად მიჩნეული ქრისტეს ნათქვამი :”მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ თქვენ”. რამდენად პოლიტიკურია, როცა მე ვამბობ, რომ თქვენ, მთავრობას ვეუბნები, რომ თქვენ ხალხს ექცევით ისე, როგორც არცერთ თქვენთაგანის არ გინდათ, რომ მოგექცნენ. როცა მთელი კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის დასასჯელად. რომელ კანონს ექვემდაბერებიან, საერთოდ გაუგებარია.
ერთი შედარება მინდა, გავაკეთო. ნახეთ, ქუჩაში გოგონა რომ სცემა ერთმა დაბერებულმა ადამიანმა. ამ გოგონას გამოჰკითხეს პოლიციაში და ეკითხებოდნენ, გეტკინა თუ არა? გოგონამ უთხრა, არ მტკენიაო. დგებუაძე ხომ არ ვარო? დააკვირდით, კაცის ხელზე ეს გოგონა, ვაჟკაცი, ამბობს, არ მტკენიაო და მზიას გარტყმულ სილაზე დგებუაძე დღესაც ტირის, მეტკინაო. რა ფაფუკი ლოყა ჰქონია. ეს კაცი გაუშვეს, ვითომ დაიჭირეს და მზია დღესაც ციხეში ზის 2 წლით.
ან ბიძინას შეპირებები გაიხსენეთ, რას გვპირდებოდა? დაიჭირეს მაშინ? მიშამ დაიჭირა? ხომ ხელი არ უხლია? დღეს რაზე დაიჭირეს ლევანი? გულისთქმაზე? შეეშინდათ?
ასეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა! არცერთ სამართალზე არ არის დამყარებული. არც კომუნისტურზე! მარტო ერთი კაცის სამართალზეა, მას როგორ აწყობს და გააჩაღა ტყვეთა სყიდვა.
ლევან ხაბეიშვილი ხალხს კი არ ახვევდა თავის აზრს, ის ხალხის ხმას ახმოვანებდა. და ხალხს რა უნდა? რომ წავიდეს ეს მთავრობა, რომელმაც დაღუპა ეს ქვეყანა და იმის დაჭერით ვერაფერს იზამენ, რადგან ათასობით და ასი ათასობით ლევანი გამოვა. რადგან უსამართლობა ყოველთვის აღიზიანებდა ქართველ ერს.
როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ და უფალი ამას არ აპატიებს. გაათავისუფლონ ქართველი ერი, სხვანაირად მძიმედ დაისჯებიან, – თქვა სასულიერო პირმა.
კომენტარები