ენაწყლიან ფეხბურთელს უთქვამს, რომ წიგნის მაღაზიებში ბესტსელერია ჩემი რომანი, როცა დოსტოევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან” ვერსად უნახავს ამ მაღაზიებში, მხოლოდ ბუკინისტებთანო, რაც ქ. ოცნების და თავად რუსების პროპაგანდის მსგავსად, ჩემი და ჩემნიარების რუსოფობიად გაუსაღებია.
მილან კუნდერას იმოწმებს – მე რომ ვახსენებ – დოსტოევსკის წიგნების უკან რუსული ტანკები დგანანო. მომწონს, რომ კუნდერაც იცის ან წაუკითხავს ამ კაცს, მაგრამ კარგი იქნება ისიც იცოდეს, რომ ჩეხი მწერალი ამას იოსიფ ბროდსკის უწერს – კაცს, რომელიც ზიზღს ანთხევდა უკრაინის დამოუკიდებლობის გამო და საბჭოთა სისტემის კრიტიკის მიუხედავად, რეალურად არანაირი პრობლემა არ ჰქონია რუსული იმპერიალისტური იდეის მიმართ, რომლისთვისაც რუსული კულტურაც, დიახ, რუსული ექსპანსიის ნაწილი იყო ყოველთვის.
თუმცა ბროდსკი, გრიბოედოვის ძეგლი თბილისში თუ ლერმონტოვის ქანდაკება ჯვრის მონასტრის მახლობლად კიდევ ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, თუ როგორი წალეკილია ივანიშვილის საქართველო შეფარული და ღია პუტინისტი “არტისტებით” – დღე არ გავა რომ რომელიმე ხაზანოვის გასტროლების რეკლამა არ ამოხტეს ინტერნეტში, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვის რეკლამები რუსულად და რუსებისთვის ოკუპაციის ახალ მოდალობად არის ქცეული.
კომენტარები