25 მაისს, თბილისში, ვაკეში დაჭრილი ყოფილი ფეხბურთელი, გუგა ფირცხალავა კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. დაჭრილი კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არაა.
“აღმოჩნდა რომ ჭრილობები შემავალია მუცლის ღრუში, რის გამოც წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავი და ბრმანაწლავი, ანუ მსხვილი ნაწლავის ნაწილი, რის გამოც ჩატარდა რეზექცია. გადმოყვანილია რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა, უგრძელდება მკურნალობა შესაბამისად”, – თქვა ექიმმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
კომენტარები