7 ოქტომბერს, დილის 06:30 საათზე, ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, “ჰამასის” შეიარაღებული დაჯგუფება ისრაელს დაესხა თავს.
საბრძოლო მოქმედებები ისრაელ-პალესტინის 18-თვიანი დაძაბულობის შედეგია ღაზას სექტორში, რომელიც 1967 წლის შემდეგ ისრაელის მიერ არის ოკუპირებული და რომელსაც პალესტინელები თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს ცენტრად მიიჩნევენ.
უკანასკნელი ინფორმაციით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს, ღაზაში – 560-ს, – ინფორმაციას ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
გამოცემა Reuters-ი წერს, რომ “ჰამასმა” “მოატყუა“ ისრაელი, თითქოს ის თავდასხმას არ გეგმავდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო ავანტიურისთვის არ ემზადებოდა, რომ ის თითქოს ეკონომიკურ პრობლემებზე იყო ორიენტირებული. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ თავდასხმისთვის აქტიურ მზადებაში იყო. Reuters-ი წერს, რომ ისრაელში სწორედ ამ ილუზიას დაუჯერეს.
მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ჰამასი უჩვენებდა ისრაელს, რომ ომს არ გეგმავდა, სინამდვილეში კი აქტიურად ემზადებოდა თავდასხმისთვის.
“ჰამასმა” შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ბრძოლისთვის მზად არ იყო. მან გამოიყენა უპრეცედენტო სადაზვერვო ტაქტიკა ისრაელის შეცდომაში შეყვანის მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში, რაც საზოგადოებას უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მას თითქოს არ სურდა ისრაელთან ბრძოლაში ჩართვა“, – განუცხადა ჰამასთან დაახლოებულმა წყარომ Reuters-ს.
მისი თქმით, ღაზას სექტორში მოძრაობამ იმიტირებული დასახლება ააშენა ჯარების დესანტისა და თავდასხმისთვის მოსამზადებლად. Reuters-ის წყარომ დასძინა, რომ ისრაელი ხედავდა ამ ქმედებებს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ “ჰამასი” არ ცდილობს კონფრონტაციაში ჩართვას.
ის ქმნიდა ილუზიას, თითქოს ეკონომიკური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი იყო და მათი გადაწყვეტისთვის მაგალითად, ღაზას მუშაკებს ნება დართეს გადაეკვეთათ ისრაელის საზღვარი, რათა ემუშავათ იქ ან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ხელფასები უფრო მაღალი იყო.
“მათ დაგვარწმუნეს, რომ ფული სჭირდებოდათ“, – განუცხადა Reuters-ს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ. მან დაამატა, რომ “ჰამასის” ხელმძღვანელობამ შეძლო შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი ტერიტორიების მართვაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
გარდა ამისა, სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ჰამასი ცდილობდა მაქსიმალურად თავიდან აეცილებინა თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, რადგან ისრაელის დაზვერვა ყურადღებით აკვირდებოდა მათ ქმედებებს. სწორედ ამ მიზნით, ჰამასის ბევრმა ლიდერმა ბოლო მომენტამდე ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, ხოლო მებრძოლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ წვრთნების მიზნები.
“ოპერაციამ მიიღო სახელწოდება “ალ-აქსის ქარიშხალი“, – განუცხადა სააგენტოს “ჰამასის” წყარომ. და მისი თქმით, ტაქტიკა შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:
- მასიური თავდასხმა ღაზიდან 3 ათასი რაკეტის გამოყენებით, ისრაელის ტერიტორიაზე მებრძოლების შეჭრასთან ერთად;
- ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენებოდა სასაზღვრო ბარიერების გასარღვევად, ხოლო გაჩენილი უფსკრული გაფართოვდა ბულდოზერების დახმარებით, რათა მებრძოლებს შეძლებოდათ მანქანებით გავლა;
- მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინას, რათა ხელი შეეშალათ კომუნიკაციაში სხვა შტაბებთან;
- “ჰამასმა” მძევლები აიყვანა და ღაზას სექტორში წაიყვანა; ფესტივალის მონაწილეთა გატაცება ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდად იქცა.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯარის რაოდენობა ღაზას მახლობლად იმ მომენტისთვის საჭიროზე ცოტა იყო. “ჰამასმა კი სწორედ ამით ისარგებლა“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ.
კითხვები ისრაელის დაზვერვის სამსახურთან კიდევ უფრო გამწვავდა მას მერე, რაც ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ეგვიპტის გაფრთხილებები “ჰამასის” მხრიდან “რაღაც დიდი ოპერაციის” თაობაზე… მისი მტკიცებით, ეგვიპტის დაზვერვის მინისტრმა ეს შეტყობინება პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადასცა.
“ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ვითარება აფეთქდებოდა, თან ძალიან მალე და ეს იქნებოდა მასშტაბური, მაგრამ მათ ვერ შეაფასდეს საფრთხე”, – განუცხადა Associated Press-ს ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ორიენტირებული იყვნენ დასავლეთ სანაპიროზე და საყურადღებოდ არ მიიჩნიეს საფრთხე ღაზიდან.
ნეთანიაჰუმ უარყო წინასწარი გაფრთხილების თაობაზე ინფორმაცია და მას ერისადმი მიმართვისას “ფეიკ ამბავი ” უწოდა.
“ეგვიპტიდან გაფრთხილების არანაირი შეტყობინება არ მოსულა და პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია და არც შეხვედრა ჰქონია ეგვიპტის დაზვერვის უფროსთან, მოყოლებული მთავრობის შექმნიდან დღემდე, ეს არ მომხდარა არც ირიბად და არც პირდაპირ“, – ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.
ეგვიპტის ანონიმურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისინი შოკირებული იყვნენ ნეთანიაჰუს გულგრილობის გამო… მისი მტკიცებით, პრემიერმა ეგვიპტელ მინისტრს უთხრა, რომ ისრაელელი სამხედროები “ჩაძირული” იყვნენ დასავლეთ სანაპიროზე არსებულ პრობლემებში.
წყარო: ამბები.ჯი
კომენტარები