• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

ალია ავტორი - ალია
22:56 11-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456

ბოლო პერიოდში, ხან აქტიურად, ხანაც შიგადაშიგ ვრცელდებოდა ხმები, რომ ირაკლი კობახიძე წლის ბოლომდე დაემშვიდობება სავარძელს და მის ადგილას, ივანიშვილს, მარიამ ქვრივიშვილის კანდიდატურა ჰყავს შერჩეულიო. ვისაც ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ის ეკონომიკის მოქმედი მინისტრია. ერთი ნაწილი ამბობს, ამ ხმებს თავად მინისტრი ავრცელებსო, ზოგი ამტკიცებს, ივანიშვილს ნამდვილად უნდა ქალი პრემიერის დანიშვნაო. და მაინც, ვინ არის მარიამ ქვრივიშვილი, რომელსაც ჟურნალისტები და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, პრაქტიკულად, არც კი ახსენებენ და მას არასერიოზულ „ობიექტად“ აღიქვამენ. მეტიც, მასზე არც ერთი კრიტიკული სიუჟეტიც არ მომზადებულა. არის თუ არა ის მართლაც მეასეხარისოვანი ფიგურა „ქართულ ოცნებაში“, თუ ამ ლამაზი ღიმილის უკან ამბიციური და როგორც იტყვიან, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი ქალი იმალება?!

ეკონომისტების და ეკონომიკური თემების ანალიტიკოსების სფეროში მარიამ ქვრივიშვილზე, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე ბევრი არაფერი იციან. არაერთ ეკონომისტს და ეკონომიკის თემაზე მომუშავე პირს ვკითხეთ, რა იციან მასზე და პასუხები ასე გადანაწილდა: ლამაზი და მდიდარი, ლამაზია, მდიდარი და ინგლისური იცის.  ჩავეკითხეთ, ეკონომიკის კუთხით რა იცოდნენ მასზე და ყველამ თითქმის ერთი და იგივე გვიპასუხა – ეკონომიკა? – „არა, ეგ საერთოდ არ იცის რაა, იცის მხოლოდ ფული და მხოლოდ თავისთვის.“

პოსტი ქვრივიშვილის გვერდიდან, სადაც “იდუსტრიაში” – ინდუსტრია უნდა იგულისხმებოდეს, ალბათ და სადაც განახლებულ სტრატეგიაზე “ხუმრობს” და ამ გადასახედიდან, სულაც აღარ მოჩანს ხუმრობად.

მხოლოდ ფული უყვარს მარიამსო, დიდი „ტყუილია“, რადგან მარიამს ფული მხოლოდ ფულის სახით როდი უყვარს – მის ძვირადღირებულ სამკაულებს შორისაა 12 000 დოლარად ნაყიდი როლექსის ფირმის ერთი საათი, და ამავე ფირმის მეორე საათი, რომლის ღირებულება 10 000 დოლარია. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს ასევე 10 500 დოლარის ღირებულების კარტიეს სამაჯური და ბეჭედი. რაც შეეხება მანქანას, 2018 წელს იყიდა 60 000 დოლარად ბე-ემ-ვე X6. 2025 წლისთვის იყიდა, თუ არა, ახალი ავტომანქანა, ჯერ უცნობია. კულუარულად, არაერთი ადამიანი საუბრობს იმას, რომ მას არადეკლარირებული ქონებაც ბლომად დაუგროვდა ბოლო წლებში, თუმცა, ანტიკორუფციულ უწყებას და რაჟდენ კუპრაშვილს რომ ვთხოვოთ ამის მოკვლევა, თაროზე შემოდებს და დაელოდება, სახელმწიფო სამსახურებიდან წასულ მაღალჩინოსნებს როგორ მისდგება პროკურატურა და სუსი “საჭირო” დროსა და მომენტში,

სხვათა შორის, იმდენად არ ჩანდა აქამდე, რომ კორუფციის მკვლევარებიც კი, თითქმის არასდროს ახსენებდნენ. თქვენ გახსენებდათ ბრიფინგები მარიამ ქვრივიშვილზე? მე არა. მეტიც, დასასანქცირებელთა სიაშიც კი არ არის. ეს მისი ერთ–ერთი მთავარი კოზირი იყო აქამდე, ანუ, იმ დრომდე, სანამ გარისკვა მოუწევდა და ჩრდილიდან გამოსვლა, იმედით, რომ „შამპანიურს“ დალევს. სამაგიეროდ, ქვრივიშვილი ლამაზად და ღიმილით წამოუდებს ლამაზ ფეხს კობახიძეს – ეს ამბის მთავარი ღირსება იქნება. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მართალია, ჩრდილში იდგა, თუმცა, ყოველთვის და ყველგან ყვებოდა, თურმე, რომ იგი ივანიშვილის და მისი ცოლის ახლობელია, მეტად თუ ჩაეძიებოდი აუცილებლად მოისმინედი რაღაც ვრცელ და გაუგებარ ისტორიას ივანიშვილის ცოლის მეგობრის მეგობარზე, მაგრამ ეგ სხვა მასალის თემაა. 

როცა პირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ მარიამ ქვირიშვილმა ირაკლი კობახიძე უნდა შეცვალოს, ქვრივიშვილმა თქვა, როგორი არასერიოზული საკითხიცაა, ისეთივე არასრიოზული პასუხი მაქვსო და ეს „არასერიოზული პასუხი“ რა არის, არ გაამხილა. დასაწყისშივე ვთქვით, რომ მის შესახებ ბევრმა არაფერი მნიშვნელოვანი იცის, არადა, ქვეყნის შიგნით, ყველაზე ძვირადღირებული პროექტების მართვა, გახარიას პერიოდში სწორედ მას ებარა. როგორც „პოლიტიკური ფიგურა“, ჩრდილში დგომას ამჯობინებდა გახარიას დროს, ახლა კი – აშკარად ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს და თავგანწირულად იბრალებს იმ პროექტებსაც, რომლებზეც მუშაობა ეკონომიკის სამინისტრომ მის მინისტრობამდე ბევრად ადრე დაიწყო. მარიამ ქვრივიშვილმა, შესაძლოა, ეკონომიკა არ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, კარგად უნდა იცოდეს, რომ რომელიმე პროექტის, თუნდაც დიდი საინვესტიციო პროექტის შესრულების დაბრალება საკუთარ თავზე – რისკია, დღეს შეიძლება შეგაქონ და როგორც კი რამე არ მოეწონებათ – თანამდებობას დაემშვიდობო. სწორედ ამიტომაც, ადრე ასეთ რისკებზე არ მიდიოდა, მაგრამ ალბათ, პრემიერობის ხიბლი ყველაფერს აჭარბებს და მარიამიც თამაშის ახალ მეთოდებს მიმართავს. სხვათა შორის, სწორედ გახარიას პრემიერობისას გახდა მარიამ ქვრივიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, მწვანე შუქი მის დაწინაურებას სწორედ გახარიამ აუნთო.

“ალია” რამდენიმე წყარო, დამოუკიდებლად უყვება ამბავს, რომ სწორედ მარიამ ქვრივიშვილს ანდეს 130 მილიონი აშშ დოლარი, რომლითაც საქართველოს და ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია უნდა მომხდარიყო მსოფლიოში, თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ “ალიასთან”, ეს ფული აორთქლდა.

“ირაკლი შოთაძემ საქმეც აღძრა, თუმცა, მოგვიანებით ეს საქმე თაროზე შემოდო და იქვე დატოვა. სხვათა შორის, ირაკლი შოთაძე, ძალიან კარგად გამოძვრა, პრაქტიკულად, უსანქციოდ, მხოლოდ უკრაინამ დაასანქცირა და სწორედ ამან გაუჩინა ბიძინა ივანიშვილს ეჭვი, რომ ისიც აწვდიდა მასალებს უცხოელ პარტნიორებს. შოთაძე ამ 130 მილიონის საქმემ “აჭარა ჯგუფამდე” მიიყვანა. აჭარა ჯგუფთან ქვრივიშვილს პირადი ინტერესი აქვს, ჯერ თავად იქ მუშაობდა, სახელმწიფო სამსახურამდე, მერე კი, მისი მეუღლე ახლაც ამ ჯგუფის დირექტორია და თემურ უგულავასთან ერთად მდიდრდება წლებია. რატომ არ გააგრძელა ამ საქმეზე მუშაობა, ოფიციალურად უცნობია, თუმცა, პირადი დაინტერესების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტის 130 მილიონი დოლარი გაფლანგვაზე გაჩუმდე, როგორც წესი, არ ხდება.” – გვიყვება წყარო. 

აქვე, თუ ვინმე ამ 130 მილიონი დოლარის ამბით დაინტერესდება, იქნებ, ისიც გაგერკვიათ, ბატონებო, გიორგი გახარიამ ბრიუსელიდან 129 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმება რომ გვახარა და კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. უფრო რომელი სფერო გაუმჯობესდა ამ 129 მილიონი ევროთი, ბატონებო, უფრო სოციალური, თუ უფრო ეკონომიკური? ვინმეს ჯიბეში ხომ არ წავიდა ესეც?

დავუბრუნდეთ მარიმ ქვრივიშვილის საქმიანობას, 2019 წელს, როცა სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაბრუნდა, ერთ–ერთი პირველი დაპირებები იყო: 1. მეტი ტურისტი კორეიდან; 2. სამედიცინო ტურიზმი… და თუ  რომელიმე განვითარდა, არ დაგვიმალოთ, ჩვენც გვითხარით. ერთ–ერთი პირველი ტრენინგები გამართა თემაზე „რა უნდათ ჩინელ ტურისტებს?“ ხომ მაგარი საინტერესოა, რა შეიძლება უნდოდეს ჩინელ ტურისტს? შემდეგი იყო, აეროპორტებში ღვინის დარიგების იდეა, ხო, აი, ასე, ავიღეთ ღვინის ბოთლი, წავაწერეთ რომ ქართველების მეორე სახელი „მასპინძლობააო“ და საქართველო რომ კულინარიული ქვეყანააო. – ანუ, ამოცანა ამოხსნილია, ტურისტებს შიათ და სწყურიათ, ქვრივიშვილის აზრით და ჩამოდიან მხოლოდ საჭმელად და დასალევად. ამდენსაუკუნოვანი ერის ისტორიაში ქალი რომ ჭამისა და დალევის მეტს ვერაფერს იპოვნი, კია ტრაგიკული ამბავი.

მართალია, ამჯერად ეკონომიკის მინისტრია, მაგრამ თითქოს ისევ ტურიზმშია ჩარჩენილი, უმეტესად მხოლოდ ფრენებზე საუბრობს, ვინმემ კითხვა რომ დაუსვას ენერგეტიკაზე, ან საქართველოს რკინიგზაზე, ან მშენებლობების უფლებების გაცემაზე, არავინ იცის, რას უპასუხებს და უპასუხებს, თუ ვერა. უცნობია, იცის თუ არა, რომ ქონების პრივატიზაციაზე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვაზე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვა–რეგისტრაციაზე, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე, გაყიდვაზე, ჩამოწერაზეც რომაა პასუხისმგებელი, ან თუ იცის, რომ მდგრადი განვითარება ეკონომიკური ზრდის ისეთი ფორმაა, რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოება მომავალი თაობებისთვის. კაცმა არ იცის, როგორ წარმოუდგენია ციფრული ეკონომიკის განვითარება, იქნებ, ენერგეტიკაზე აქვს რაიმე აზრი? „აწარმოე საქართველოში“ რამდენად კონტროლდება, იცის? სამრეწველო ენერგოეფექტურობაზე რას იტყვის? ნეტავი, საპენსიო რეფორმაზე, რკინიგზის რეფორმაზე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე და ენერგოაუდიტორთა სიის შედგენის პროექტზე რომაა პასუხისმგებელი, გაუგია საერთოდ? თავი რომ მოსწონს, მშენებლონის ნებართვები გაიზარდა ბოლო წელშიო, ვისზე გაიცა და რა პრინციპით, აინტერესებს? იცის?

რაც შეეხება ფრენებსა და ტურიზმს, რომლებზედაც სულ ლაპარაკობს, თითქოსდა ეკონომიკის მინისტრს სხვა არაფერი ევალებოდეს, ეს არც შემთხვევითია და არც მხოლოდ უცოდინრობის ნიშანი, საქმე ისაა, რომ ის ჯერ მუშაობდა ტურიზმის ადმინისტრაციაში, 2 წელი, 2012–2014 წლებში, მოადგილის პოსტზე, შემდეგ კი წავიდა კერძო სექტორში და გამოიცანით, რომელი სფერო აირჩია? – ტურიზმი და ავია. 2014–19 წლებში ის იყო ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და ამავდროულად, ავიაკომპანია ფლაიდუბაის რეგიონალური მენეჯერი. სწორედ იმ დროიდან შემორჩა არაბულად მისალმება ჩვევად, როგორც ამბობენ და მისი საყვარელი სიის ათეულში კი, დამსახურებული პირველი ადგილი, თურმე, ეკუთვნის სიტყვას – “ჰაბიბი”.  არაფერი ცუდი იმაში არაა, არაბს რომ არაბულად ესალმები, ქართველს რომ არაბულად ესალმები, მაგაზეა საუბარი. ბიზნესში მთავარ მიღწევად თვლის სხვადასხვა ავიაკომპანიების ქვეყანაში შემოყვანას, ოღონდ, ბიზნესიდანაც, ნაწილი ტენდერებით გააკეთა.

2014-2019 წლებში, იგი იყო შპს “ვოიაჟერის” – გენერალური დირექტორი, ა/კ flydubai–ს- რეგიონალური მენეჯერი, მისი ხელმძღვანელობით და პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად გაიხსნა ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებები, ასევე მართავდა ავიაკომპანიის Flynas საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის პროექტს, იგივენაირად – ავიაკომპანიის Salam Air–ზეც,  ავიაკომპანიის Jazeera Airways წარმომადგენლობა საქართველოში და კომერციული ოპერირება ტენდერის საფუძველზე მოხდა, იგივენაირად, ტენდერით მოხდა ავიაკომპანიის Gulf Air–ის წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება.

შესაბამისად, ესაა მისი მთავარი საქმიანობა. მისი მთავარი შემოსავალიც, ტურიზმიდან წასვლის შემდეგ ეს იყო – ეს თუ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი  არაა და მეტი რაღა შეიძლება იყოს, მაშ ინტერესთა კონფლიქტი? მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, რაჟდენ კუპრაშვილს “არ სცალია” ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და მათი სავარაუდო კორუფციული სქემების მოსაკვლევად.

ტურიზმის ადმინისტრაციაში დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს, კომპანიებში საკუთარი წილები გადააფორმა, თუმცა, მტკიცებულება, რომ რეალურად არ აქვს წვდომა კომპანიებზე  და არაა დაინტერესებული, მეტი შემოსავალი მიიღოს აქედან, არ არსებობს. ლოგიკური კითხვაა – რანაირად შეიძლება შენი კომპანიების შემოსავლით და წარმატებით არ იყო დაინტერესებული ადამიანი?! მაგრამ მაგაზეც იტყვიან ახლა, არა, წამითაც არ იხედება საკუთარი კომპანიებისკენ და სულ ფრენა, ფრენამ, ფრენას რომ საუბრობს, ეგ მხოლოდ ქვეყნისთვისო. პრაქტიკულად, თუ სადმე რამე ბილეთი იყიდება და სადმე რამე დაფრინავს ამ ქვეყანაში, ყველაფერში ხელი აქვს ჩაყოფილი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ეს ინტერესთა კონფლიქტია თუ სავარაუდო კორუფციის ნიშნები? თუ ორივე ერთად?!

მოკლედ, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დეტალებისა, მას სწორედ ის სფერო ჩააბარეს, სადაც პირადი ინტერესები ჰქონდა – თავისი და თავისი ოჯახის. იყო ტურიზმში, მერე წავიდა, სწორედ ტურისტულ და ავია ბიზნესების გასახსნელად, გახსნა, აამუშავა და დაბრუნდა ისევ ტურიზმში, მოგვიანებით კი ეკონომიკის მინისტრობასაც მიაღწია და როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს ენა და თქვას, რომ აქ ლოგიკური ეჭვი ნეპოტიზმსა ან კორუფციაზე არ არსებობს? სხვათა შორის, პატარა კომპანიებზე არაა საუბარი, 2024 წელს მარიამ ქვრივიშვილმა 300 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მხოლოდ ორი კომპანიიდან. ჰო, კიდევ – მისი მეუღლე, აჭარა ჯგუფის გენერალური დირექტორი, ოთარ ბერიშვილი 24 შპს–ს დირექტორია. რატომ შეიძლება დაგჭირდეს 24 შპს – ეგ ცალკე მასალის თემაა.

მარიამი მთავრობაში ყველას მეგობარი იყო,  ყველას მოწიწებით ეგებებოდა და ემშვიდობებობა. ყველას უღიმოდა. როგორც ამბობენ, ცდილობს ყველას მოერგოს, ქამელეონივითაა – ახალი უფროსის თავის მოსაწონებლად საყვარელ სასმელსაც შეიცვლის და ბრენდსაც, თუმცა, თუ ნამცხვრების ყუთით ხელში მოგადგა – ესე იგი, გარანტირებულად რაღაც თხოვნა აქვს და სულ ერთია ამ დროს, გიყვარს ტკბილი, თუ არ გიყვარს, ხაჭაპურს მიირთმევ, თუ ბრილიანტით ვახშმობ, – მაინც ნამცხვრების ყუთით მოვაო.

ნათია თურნავასთან მისმა მეგობრობამ ერთი წარუშლელი კვალი  დატოვა – თურნავას დაპირება, „ერთი ფანჯრის პრინციპზე“, ზუსტად 5 წლის შემდეგ, ახალმა მინისტრმა, ქვრივიშვილმა თავიდან შემოგვაპარა, ახლა, ალბათ, დროა, გახარიას დაპირება, რომ საკურორტე ზონას უნდა მართავდეს ერთი გენერალური მენეჯერი, ესეც გააცოცხლოს და დაგვპირდეს თავიდან.

გახარიაზე გაგვახსენდა – ახლა რომ გახარიას ასე წამოაძახებენ ხოლმე, კრიზისმენეჯერობას და პანდემიის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, ნუ იტყვით და, სწორედ მარიამ ქვრივიშვილი ყოფილა მაშინ პასუხისმგებელი კარანტინების ზონების მოწყობაზე, მართვაზე, ტრანსპორტირებაზე, კვებაზე – ოღონდ, რატომღაც მისთვის ეს კითხვა არავის დაუსვამს, რამდენად სწორად იყო ეს თანხები ან გაწერილი და ან ათვისებული, ხომ არ ჰქონდა ადგილი, ან კორუფციასა და ან კიდევ ნეპოტიზმს. მაგალითად, სასტუმროები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კარანტინში, რა პრინციპით აირჩა? უზარმაზარი თანხები იყო მაშინ გამოყოფილი ამ პროექტებისთვის და მას განაგებდა პირი, რომელსაც საკუთარი თუ ოჯახური ინტერესები ქონდა ამ სფეროში. ოღონდ, მაშინ მარიამ ქვრივიშვილი, როგორც გითხარით, პრაქტიკულად, არ ჩანდა. გახარიასაც არასოდეს მოუყოლია როგორ და რატომ ანდო ასეთი დიდბიუჯეტური პროექტები ქვრივიშვილს, რა დამსახურებისთვის?

სამაგიეროდ, ქვრივიშვილი ძალიან გააქტიურდა ბოლო თვეებში და ისეთი არაბუნებრივი და ყალბია ეს ყველაფერი, როცა  ხან ჩინურ პროექტებს წარმოაჩენს საკუთარ მიღწევად, თითქოს და ჩინეთთან ურთიერთობები ახლა დაიწყო და ხანაც არაბულ ინვესტიციას რომ იბრალებს, „ქართული ოცნების“ წევრები, კულურუალად გვიყვებიან, რომ ამის გამო ზურგსუკან დასცინიან, როგორც ეძახიან და “ჰაბიბი გოგოს” და ამბობენ, კარგი, ჩუმად, უხერხულია, არ გაიგოს, რომ ამ პროექტზე მუშაობა წლების წინ დაიწყოო, ისევე როგორც დასცინიან არაბულ მისალმებაზე, და მუდმივად და ყველგან ტურიზმსა და ავიაბიზნესზე საუბრის გამო, თითქოს, მისი და მისი ოჯახის ბიზნესის გარდა, საქმე არაფერი იყოს ქვეყანაში.

კიდევ ერთი. ირაკლი კობახიძემ 2025 წლის ივნისში განაცხადა: „ჩვენ უარი ვთქვით, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე, თავისთავად ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის, კორუფციის რისკებს, აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან.“

ჰოდა, რა შეუშლის მარიამს ხელს, იქეთ გადააბრალოს კობახიძეს თავისივე ინიციატივა? ქვრივიშვილიც, ოფიციალურად, იგივე მთავრობის წევრი არაა? მიუხედავად ამისა, მხოლოდ ბოლო თვეში, ათობით დოკუმენტი იძებნება პირდაპირი მიყიდვის წესით მიწის, ქონების გასხვისების ეკონომიკის სამინისტროდან. მაგალითად, განკარგულება 1741, 28 ოქტომბრის, – გრემში 3607 კვ/მ სასოფლო-სამეურწეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი გასხვისდა პირდაპირი მიყიდვით, 24 ოქტომბერს, 1724–ე განკარგულებით – პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად ასევე სახელმწიფო ქონება გასხვისდა, 13 ოქტომბერს, 1667–ე განკარგულებით. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცათ სახელმწიფო ქონება, 6 ოქტომბერს, 1628–ე განკარგულებით, – კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა და ასე უსასრულოდ.

ის ცნობილი ამბავი ხომ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, ბორჯომის ტყის ნაწილს რომ ტყის სტატუსი შეუწყდა? ეგეც ეკონომიკის სამინისტროს ლამაზი მინისტრის მოთხოვნა იყო და 1606 განკარგულებაში აისახა პირველ ოქტომბერს, იმავე დღეს, იგივე მოხდა 1605 განკარგულებით კასპის ტყეების ნაწილზეც.

კასპზე გამახსენდა და, „ქართლის ამბების“ ცნობით, კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენს”, რომლის დამფუძნებელი ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილია, კასპის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მლნ-მდე ლარი აქვს აქვს ჩარიცხული. კარგია ასეთი ბიძაშვილი რომ გყავს, ხომ?

მიწის და ქონების გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვით გადაცემის გარდა, სამინისტრო ლამის ყველაფერს გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვით ყიდულობს 2025 წელსაც, სამინისტრის შესყიდვები რომ ნახოთ, 50 შესყიდვიდან, ლამის 49 გამარტივებული, ანუ პირდაპირი შესყიდვითაა ნაყიდი და ქვირივიშვილის მთლად უფროსი – ირაკლი კობახიძე არ ამბობს, პირდაპირი შესყიდვები კორუფციის ბუდეაო? ეგ რანაირად გავიგოთ?

სამაგიეროდ, არსით ხმა და საშველი არ აქვთ მოქალაქეებს, უბრალო ადამიანებს, არაერთმა მოგვწერა ბოლო პერიოდში, მაგალითად, ქობულეთიდან, იმერეთიის, გურიის და სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონიდან, რომ ფლობენ ათეული წლებია ქონებას, იხდიან გადასახადებს და მთავრობის დადგენილებით, დაკანონების უფლება რომ ჰქონდათ და რომ დაპირდნენ დაკანონებას არჩევნების წინ, არჩევნების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსგან უარი მიიღეს. არაერთი ადამიანი გაამწარა ამ უსამართლობამ და ზოგი გზის გადაკეტვით იმუქრება, ზოგი ასაჩივრებს…აბა, მიხვდით, მარიამ ქვრივიშვილს წაუყენებენ პრეტენზიას თუ ირაკლი კობახიძეს? ჰოდა, ეს კიდევ ერთი ლამაზი ფეხის დადება კობახიძისთვის პრემიერის სავარძლამდე მიმავალ გზაზე და ფაზლის კიდევ ერთი დეტალია.

მინისტრს, თავისივე გვერდზე, მოქალაქეები ამ თემაზე არაერთ კომენტარში წერენ, მაგალითად, 19 სექტემბრის პოსტის ქვეშ, მოქალაქე, წერს:

„2018 წლიდან ვითხოვ კომუნისტების მიერ წართმეული მიწის ნაკვეთის 156მკვ დაბრუნებას მაგრამ დადებით პასუხს ვერ მივაღწიე რა ხდება კომუნისტებზე უარესია ეს მთავრობა ? ზოგს ერთ ლარად რამოდენიმე გექტარ მიწას აძლევთ მე კი ჩემი მამაპაპისეული მიწის დაბრუნებას ვითხოვ სულ რაღაც 156მკვ არც მთავრობა სარგებლობს და არც მე მაძლევთ სირცხვილია მეტი არაფერი.“

არადა, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, დაპირება, ერთიც და მეორეც, სწორედ კობახიძემ გასცა და საქმე–საქმეზე რომ მიდგება, ვიმეორებ, ქვრივიშვილი არავის გაახსენდება, ცხადია.

სამაგიეროდ, ურემი რომ გადაბრუნდება და ბიძინა ივანიშვილი რომ კითხვას დასვამს, რაც აუცილებლად მოხდება, კობახიძემ წესით, უნდა თქვას – მე რა ვქნა, მარიამ ქვრივიშვილი იყო დიფსთეისელი, იმიტომ რომ კალიფორნიაშია გაიარა რაღაცა მოკლე კურსიო, მერე ილაპარაკებს კორუფციაზე და ნეპოტიზმზე და იტყვის, რომ ეგ ტურიზმის ადმინისტრაციიდან და ეკონომიკის სამინისტროდან, საკუთარი კომპანიების წინ წაწევას ცდილობდაო. იტყვის, რომ მე რომ 2024 წელს, 28 ნოემბერს ვთქვი, „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის, მაშინ, მარიამ ქვრივიშვილმა არათუ ჩემი განცხადება არ გააზიარა, საერთოდაც მდუმარედ იყო ყველა გვერდზე სოც, ქსელში, ერთგან ლამის 3 კვირა და მეორეგან თვეზე დიდხანს და კომპანიამ, სადაც ადრე მარიამი მუშაობდა 2 წელი მაღალ თანამდებობაზე და ახლა მისი ქმარია გენერალური დირექტორი, 2024 წლის 29 ნოემბერს, ჩემი განცხადების მეორე დღეს, ძალადობა დაგმო, ევროინტეგრაცია კი აქო და ეგ ქვრივიშვილი, სულაც აკაცუკის ცოლი ყოფილაო…

არის საკითხები, რასაც ივანიშვილი არავის პატიობს და სულ მალე, როდესაც ქვრივიშვილზე ამ ისტორიებსა და კიდევ უფრო მეტსაც გაიგებს, როცა დაინტერესდება, როგორ მიაღწია მან ასე წყნარად და ჩუმად ამხელა თანამდებობას, სადაც, რეალურად, არაფერს აკეთებს, გარდა საკუთარი თავის პრეზენტაციისა, არა მგონია, მას კობახიძის ნანატრი სავარძელი ეღირსოს…

“ალია” აგრძელებს ამ თემებზე ჟურნალისტურ გამოძიებას და მკითხველს ეტაპობრივად და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის, გამარტივებული წესით შესყიდვებზე, არაბულ ინვესტიციებზე, ე.წ. ბაკურიანის სკანდალზე და “კრისტალ ჯგუფისა” და ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრის ვოიაჟებზე, თორემ, უკვე წასულ პრემიერებსა და მინისტრებზე, ყოფილ თანაგუნდელებზე “ქართული ოცნების” გუნდიც კარგად “მუშაობს”.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძეირაკლი შოთაძემარიამ ქვრივიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved