“ალიასთვის“ რამდენიმე მეწარმე დაუკავშირდა, რომლებიც მძიმე ამბებს გვიყვებიან და რეკეტში, თავდასხმაში ხელს ადებენ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უახლოეს გარემოცვას. ამბობენ, რომ ამ ჯგუფის სამიზნეები ოპოზიციურად განწყობილი მეწარმეები არიან და სახელებს და გვარებს ასახელებს. მათი მონათხრობის მიხედვით, ზოგს მოგების წილიდან გარკვეული თანხის „შეწერის“ სანაცვლოდ ფარცხალაძის კლანი სახელისუფლებო მფარველობას სთავაზობს, ზოგს კი – მიზერული თანხის სანაცვლოდ ბიზნესის დათმობას. ჰყვებიან, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც უკანონო გადახდაზე უარს ამბობენ, ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდნენ.
„ალიასთან“ დაზარალებული მეწარმე ესაუბრა. როგორც ლაშა ჩიკვაიძე ამბობს, მას სადგურის მოედნის მიმდებარედ ჰიგიენური ნივთების რამდენიმე მაღაზია აქვს და სწორედ ეს გახდა ყოფილი გენპროკურორის ნათესავის გიორგი ფარცხალაძის ინტერესის საგანი. გიორგი ფარცხალაძემ ჩიკვაიძეს ნავაჭრის 30 პროცენტი მოსთხოვა, სანაცვლოდ კი ქართული ოცნებისგან მფარველობას და კანონით დადგენილ გადასახადებზე შეღავათებს დაპირდა, რაზეც ბიზნესმენისგან უარი მიიღო. ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფება ჩიკვაიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ერთი კვირა მისცა. განმეორებითი უარის შემთხვევაში კი სავაჭრო ობიექტების დაწვით დაემუქრა. გიორგი ფარცხალაძემ თანამზრახველებთან ერთად ჩიკვაიძეს სახლთანაც მიაკითხეს და მიანიშნეს, რომ უსაფრთხოდ არც მისი ოჯახია.
“გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით რეკეტი ხორციელდება. ბიზნესის კეთების საშუალებას არ გვაძლევენ. იმის ნაცვლად, რომ მოგვცენ ადამიანების დასაქმების, ქვეყანაში დოვლათის შექმნის და ბიუჯეტში გადასახადების გადახდის საშუალება მაღალი თანამდებობის პირების სახელით მოქმედი დაჯგუფება ბიზნესრეკეტის ქვეშ გვამყოფებს და თანხებს უკანონოდ გვთხოვს. მე არ მინდა გაურკვეველი პირები, კანონის გვერდის ავლით მოგების წილში ჩავისვა.
სადგურის მოედნის მიმდებარედ, ბაზრობებზე ჰიგიენური ნივთების მაღაზიებს ვფლობ და 16 ადამიანი მყავს დასაქმებული. ვინმე გიორგი ფარცხალაძე ჩემი მოგების 30 პროცენტს ითხოვს. უარი რომ ვუთხარი თავს ოთხ ბიჭთან ერთად თავს დამესხა და მცემეს. ექიმების დახმარება დამჭირდა. ნაცემი ასფალტზე რომ ვეგდე, მომაძახეს ერთ კვირაში დავბრუნდებით და საბოლოო პასუხს მოვისმენთ, მანამდე კი თვალყურს გადევნებთო.
ინციდენტიდან მესამე დღეს თავდამსხმელები ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში მანქანაში შევნიშნე. ამით მივხვდი, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პოლიციას მივმართე, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. სავარაუდოდ, ამ კრიმინალურ ბანდას ექს-გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობს. ჩემი ინფორმაციით, თავდამსხმელი და რეკეტიორი გიორგი ფარცხალაძე ოთარ ფარცხალაძის ბიძაშვილის შვილია. რასაც ათწლეულები ვქმნიდი, ერთი ხელის მოსმით როგორ ვაჩუქო ამ ბანდას?! მეორე მხრივ კი, ოჯახის – მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოებით როგორ გავრისკო კვლავ უარის თქმა?! ოჯახი სოფელში გავხიზნე, მაგრამ როდემდე დარჩებიან იქ, ან სოფლად რამდენად უსაფრთხოდ არიან, არ ვიცი. თავის და ოჯახის დასაცავად კრიმინალისკენ მიბიძგებენ, რაც ჩემი სტილი არაა. მინდა, პატიოსნად მუშაობა გავაგრძელო და ჩემს სამშობლოში მშვიდად ვიცხოვრო, ნუთუ ეს 21-ე საუკუნეში შეუძლებელი უნდა იყოს?!
მხოლოდ მე კი არ ვარ ამ მდგომარეობაში, სხვა ბიზესოპერატრებიც იგივე ზეწოლის ქვეშ არიან, მაგალითად მალხაზ პარასკებაშვილი. ჩემი მაღაზიების მიმდებარედ მასაც ჰქონდა სავაჭრო ობიექტები, ის ტკბილეულს ყიდდა და ჩემზე დიდი ბრუნვა ჰქონდა, მისი მაღალი შემოსავლებიც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, თავს იგივე ბანდა დაესხა, ამ ბანდას როგორც აღვნიშნე, გიორგი ფარცხალაძე მეთაურობს. რეკეტიორს მალხაზის მაღაზიების ქსელის მითვისება სურდა, რათა ბაზარზე ტკბილეულის მაღაზიების მონოპოლია მოეპოვებინა. წარმოიდგინეთ, მთელ ქსელში, ოთხ მაღაზიაში 50 000 ლარს სთავაზობდა, როცა ერთი მაღაზიის ფასი 150 000 ლარს აღწევს . უარის გამო, ოთხიდან ერთ-ერთში ცაბაძის ქუჩის ფილიალში ხანძარი “გაჩნდა” და დაუწვეს. ამის შემდეგ მასაც უთხრეს, რომ ოპოზიციურად განწყობილ მეწარმეს ფულს არ აშოვნინებდნენ. გარდა ამისა, პარასკებაშვილიც ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა, უბანში დახვდნენ და სცემეს. როგორც ვიცი, მანაც მიმართა პოლიციას, მაგრამ არც მის შემთხვევაში დაინტერესდა მომხდარით გამოძიება და ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარის გამო საქართველო დატოვა. კიდევ არიან სხვა მეწარმეებიც, ვისაც არ ინდობენ და სცემენ, ფულს „გვახევენ“. მაგალითად ბექა მაისურაძე, რომელიც ხორცეულს ყიდის, დათანხმდა და უხდის ფულს, მაგრამ ბიზნესს ვეღარ ანვითარებს და დასაქმებული კადრების შემცირებაც მოუწია. მართლა და მართლა ყველა ხომ ვერ დავტოვებთ ქვეყანას, ოჯახებს, სამსახურებს?! ერთადერთი გამოსავალი უკანონო გარიგებებში შესვლა რჩება და ამით კომპრომატების მიცემა – მაშინ დაგვიჭერენ, როცა მოუნდებათ თორემ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მოქმედ ბანდებს არავინ ეხება…“ – ამბობს ლაშა ჩიკვაიძე “ალიასთან”.
მომხდარზე პროკურატურას და შსს–ს კომენტარი არ გაუკეთებია. თუ ისინი ფაქტს გამოქვეყნების მერე მაინც გამოეხმაურებიან, მასალა განახლდება.
კომენტარები