იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:
ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით მორიგ მცირე გზამკვლევს დაგიწერთ:
რაშია საქმე და რატომ დააყადაღეს ანგარიშები?
დიდი ალბათობით, ეს იმ ჯარიმების გამოა, რომლის შესახებაც არ იცოდით და არც გქონდათ გასაჩივრებული.
ადრეც გაფრთხილებდით, რომ პერიოდულად შეგემოწმებინათ საპატრულოს ცხელ ხაზზე, რამე ჯარიმა ხომ არ გქონდათ, რადგანაც შსს ბოლო თვეებია ჯარიმების გამოქვეყნების უკანონო პრაქტიკას მიმართავს.
ანუ შეადგინეს საჯარიმო ქვითრები და ისე გამოაქვეყნეს, ისე გავიდა გასაჩივრების ვადა და ისე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ არაფერი შეგატყობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ.
როგორ ვიქცევით ახლა?
ვისაც ყადაღა არ მოგსვლიათ, მაგრამ ეჭვი გაქვთ, რომ ასეთი რამ შეიძლება შეგემთხვეთ, აუცილებლად დარეკეთ საპატრულოს ცხელ ხაზზე (2414242), მოიკითხეთ, რამდენი ჯარიმა გაქვთ და რამე ხომ არაა ჩაუბარებელი. თუ ასეთები იქნება, სასწრაფოდ ჩაიბარეთ და გაასაჩივრეთ, ასე გააჩერებთ მათ აღსრულებას.
ახალ ჯარიმას ვერარ დაგიწერენ, ხანდაზმულობის ვადებიც გასულია და ისედაც შეუძლებელი არის პოლიციისთვის, ამ გზით ვინმე მოძებნონ და დააჯარიმონ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში წადით და საჯარიმო ქვითრის ასლი აიღეთ;
აღსრულების ეროვნული ბიუროდან (შეგიძლიათ იუსტიციის სახლშიც) გამოითხოვეთ დოკუმენტები მინდინარე აღსრულების თაობაზე. ასევე ცნობა მოითხოვეთ, რომ ამ წარმოებაზე აუქციონი საჯაროდ არ გამოცხადებულა.
გადააწმეთ ჯარიმის გამოქვეყნების სტატუსი ამ გვერდებზე: protocols.ge და https://police.ge/protocol/index.php
ორივე გვერდის სქტინშოთი გააკეთეთ ან pdf-ად გადმოწერეთ. განსაკუთრებით protocols.ge-დან ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, სადაც მითითებული იქნება, რომ sms არ მოგსვლიათ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ და ეს შეიძლება გახდეს აღსრულების შეჩერების საფუძველი.
საჩივარი უნდა შევიდეს სასამართლოში, რომლითაც ქვითრების გაუქმებას და აღსრულების შეჩერებას მოითხოვთ. აღსრულების შეჩერებისთვის აუცილებელია, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტები ზედმიწევნით ზუსტად მოიპოვოთ.
საჩივრის შაბლონი შემიძლია გაგიზიაროთ, თუმცა სასურველია, იურისტის გარეშე არ დაწეროთ საჩივარი და ისე არ შეიტანოთ.
საჩივრის შეტანის შემდეგ სასამართლომ დადგენილება უნდა გამოსცეს, საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და იქვე უნდა გადაწყვიტოს, შეაჩერებს თუ არა აღსრულებას.
ამ შემთხვევაში მხოლოდ საჩივრის რეგისტრაციის ფურცელი საკმარისი აღარ იქნება ჯარიმის გასაჩერებლად და სასამართლოს დადგენილებას უნდა დაელოდოთ.
დადგენილების ასლი ბეჭდით დამოწმებული უნდა გამოართვათ სასამართლოში და წარადგინოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღსრულების შეჩერება.
პს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აღსრულების შეჩერებისთვის უნდა გააკეთოთ. საქმე სასამართლოში დიდ ხანს ვერ განიხილება, მანამდე კი შეჩერებული იქნება აღსრულება.














კომენტარები