2003 წლის შემოდგომაზე, ერთმა ახლობელმა ოჯახმა წვეულებაზე მიმიპატიჟა. სუფრასთან ოცამდე ადამიანი ვიყავით, რომელთა უმრავლესობაც საშუალო ასაკს წარმოვადგენდით. ჩემს მოპირდაპირედ ორი მამაკაცი იჯდა. მათ შორის ერთ-ერთი, ხნეს კარგად გადაცილებული, დინჯი და ბრძენი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მის გვერდით მჯდარი მეორე ადამიანი, წლოვანებით მასზე ცოტა უმცროსი ჩანდა, რომელიც თავისი მომღიმარი სახით, მხიარული ბუნების უნდა ყოფილიყო. ორი ტრადიციული სადღეგრძელოს დალევის შემდეგ, საქართველოში მოდებულმა სენმა (შეზარხოშებისთანავე ყველა პოლიტიკოსი რომ ხდება) იქაც იჩინა თავი და დაიწყო პოლიტიკური წიაღსვლები. მთავარი თემა – ახალგაზრდა რეფორმატორები. ერთი საათი ვისმენდი იმ გუნდის ქება-დიდებას, ვინც ქვეყნის მართვისთვის ემზადებოდა. ხალხი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი ამბობდნენ, რომ რეფორმატორების ლიდერი ამერიკაში განათლებამიღებული, ერუდირებული და ენების მცოდნე ახალგაზრდაა, ხოლო მეორენი მხოლოდ ასაკს უწუნებდნენ.
– წლოვანებას რა მნიშვნელობა აქვს?! აღმაშენებელი 16 წლის იყო, განადგურებული ქვეყანა რომ ჩაიბარა და რაც დატოვა, ყველამ იცით. – იხტიბარი არ გაიტეხა პირველი ჯგუფის წარმომადგენელმა.
– აღმაშენებელს ჭყონდიდელი ჰყავდა გვერდით და შენს პროტეჟეს ვინ ჰყავს ამისთანა? – უპასუხეს მოწინააღმდეგე მხრიდან და თან პატარა სიცილიც მიაყოლეს უკან ამ ნათქვამს.
– კარგი, – არ ცხრებოდა პირველი. – აგერ, ჩვენში ყველაზე მხცოვან და დარბაისელ კაცს ვკითხოთ, წლოვანებას თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის მართვაში. – თქვა და ჩემს მოპირდაპირედ მჯდარ ხნიერ კაცს მიაჩერდა. – გვითხარით, ბატონო, რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი?
ბრძენი მოხუცი, რომელიც ნახევრად თავდახრილი, ბოლომდე ერთნაირი სახით ისმენდა ამ დისკუსიას, მომეჩვენა, რომ ეს კითხვა ძალზედ ესიამოვნა. მან მაშინვე ასწია თავი, ახალგაზრდას თვალებში შეხედა და ასეთი რამ უპასუხა:
– რამდენი წლისაც საქართველოა, შვილო.
ადამიანები გაირინდნენ. კითხვის დამსმელმა ცოტა ხანს კიდევ უყურა მოხუცს, მის პასუხს მთლიანად ვერ ჩასწვდა და თავი დაღუნა. სიჩუმემ ნახევარ წუთს მაინც გასტანა, რითაც ისარგებლა მეორე ასაკოვანმა მამაკაცმა და განაგრძო:
– მე წარმოშობით კახეთიდან ვარ. ჩვენს ქალაქში დახელოვნების ინსტიტუტი იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა რამდენიმე ევროპული ენის მცოდნე კაცი. მთავრობის ეგიდით არცერთ სუფრას მის გარეშე არ ჩაუვლია. ის იყო უცვლელი თამადა. გაგიკვირდებათ და, ღვინოს საერთოდ არ სვამდა. მისი პერსონა განსაკუთრებულ მნიშვნელობას უცხოელების სტუმრობისას იძენდა, როდესაც ის თამადობასთან ერთად, თარჯიმნობასაც ითავსებდა. წერდა შესანიშნავ სტატიებს და იყო ღრმად განსწავლული პიროვნება, მაგრამ რად გინდა, ნახევარ ქალაქს ნახმარი ჰყავდა.
ბოლო სიტყვები განსსხვავებული ტონით დაასრულა და თან კახურად მოუქცია, რომ ატყდა კიდეც სიცილი. მხოლოდ ერთი კაცი იჯდა ჩაფიქრებული და მაგიდაზე ერთ წერტილს ჩაშტერებული. ის თითქოს ჩვენთან არ იყო და ფიქრებით შორს, ძალიან შორს იყო ჩვენგან. სუფრის წევრები ჯერ კიდევ მხიარულობდნენ, რომ ვიღაცამ „იფეთქა“:
– აი, მანდ ვარ მეც!
– სად ხარ, კაცო? შენ სადღა ხარ? – ამოთქვა ერთმა და ისევ ატყდა ერთი ამბავი.
– სად ვარ და, – ფეხზე წამოდგა ორმოც წლამდე მამაკაცი, რომლის ადგომასაც მოჰყვა სტუმრების ნელ-ნელა ჩაშოშმინება. – აგერ, ამ კაცმა რაც თქვა, იქ ვარ!
– პირდაპირ გვითხარი, რა ქარაგმებით გველაპარაკები! – სიცილით მიაძახა ვიღაცამ.
– გაიგეთ ხომ, ამ კაცის ნათქვამი?! ეგ თემა მინდა განვავრცო. – წარმოთქვა თვალებანთებულმა ფეხზე მდგარმა მამაკაცმა და მზერა გადაავლო თანამეინახეებს. – ყველამ იცით, რომ კულტურის სამინისტროში ვმუშაობ. ამას წინად, სამსახურში გვიან მივედი. მითხრეს, რომ ერთ-ერთი მოადგილის კაბინეტში იყო სამინისტროს თავკაცობა შეკრებილი და მეც იქით ავიღე გეზი. „შეფი“ რამდენიმე დღე არავის გვენახა და ცოტა ქაოტური სიტუაცია ტრიალებდა. ამიტომ, შესვლისთანავე ვიკითხე მათი შეკრების მიზეზი. მითხრეს, რომ რეფორმატორები მინისტრის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავენ და ამ პიროვნებებზე ვმსჯელობთო. როდესაც დავინტერესდი მათი ვინაობით, ერთმა ჩვენმა ენაკვიმატმა თანამშრომელმა მომაძახა – ერთი პედერასტია და მეორე მკვლელიო. თქვენ რომელზე აკეთებთ უფრო აქცენტს-მეთქი? – ვიკითხე და ხელების გაშლით და მომღიმარი სახით კვლავ მან მომიგო: მკვლელი რად გვინდა, ბატონო, ხომ ამოგვხოცა ყველაო. (რამდენიმე წლის შემდეგ, ის მკვლელი მაინც გახდა კულტურის მინისტრი, მაგრამ საბედნიეროდ, სამინისტროში არავინ მოუკლავს. თ.ა.) რას ამბობთ, ხალხო, პედერასტს მკვლელი არ ჯობია?! – შევძახე მე და ჩავაფიქრე ყველა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართალი არ ვიყავი? – წარმოთქვა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ორატორმა და სუფრის წევრებს სათითაოდ გადახედა.
ორი ადამიანის გარდა, თითქმის ყველა მას შეჰყურებდა. თითოეული მათგანის თვალებში ვხედავდი, რომ არცერთს პოზიცია არ გააჩნდა და თითქოს ისევ იმ ფეხზე მდგარი კაცისგან ელოდნენ დასკვნას. ორატორი კი ცმუკავდა და სუფრის რომელიმე წევრისგან თავისი „სეფე სიტყვის“ შეფასებას ელოდა. ჩემს მოპირდაპირედ მჯდარი ორი ადამიანიდან ერთი – კახელი, თავის თეფშზე მწვადის ნაჭერს დანა-ჩანგლით ნელა ანაწევრებდა და სახეზე ეტყობოდა, რომ მისი ინიციატივით წარმოქმნილი თემის გაგრძელებით კმაყოფილი იყო. ხოლო მის გვერდით მჯდარ ბრძენ მოხუცს, თვალებზე ხელები აეფარებინა და თითებით შუბლს ისრესდა. მომეჩვენა, რომ ცუდად გახდა, რომ ამ დროს, ორატორმაც მას მიმართა, როდესაც დაინახა, რომ ვერავისგან პასუხი ვერ მიიღო.
– ბატონო ჩემო, თქვენ რას ფიქრობთ ჩემს პოზიციაზე, მართალი არ ვარ? საინტერესო იქნება თქვენი პასუხი. – უთხრა მოწიწებით და დაელოდა მის სიტყვას.
მოხუცმა ხელები დაუშვა და ფეხზე წამოდგა. რამდენიმე წამს უყურა კითხვის ავტორს, რის შემდეგ, ყველას სათითაოდ გადაგვავლო თვალი და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მე მგონი, ისე ვიღუპებით, რომ ვერ ვგრძნობთ. – თავდახრილმა ორჯერ მძიმედ გააქნია თავი, შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა და დაგვემშვიდობა.
მისი წასვლიდან არავითარ თემაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა. ვინ რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ ქეიფიც მალევე დასრულდა. ეს ამბავი, როგორც სიუჟეტი, სახლში მისვლისთანავე ფურცელზე ჩავინიშნე და შევინახე. წლების განმავლობაში, მისი დაწერა არც მიფიქრია, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა: ქუჩაში შემხვდა უკვე კარგად მობერებული ის კახელი კაცი, რომელიც იმ წვეულებაზე გავიცანი. გამოვემცნაურეთ ერთმანეთს და მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ, მაშინდელი საუბრები გავიხსენეთ, რომელიც ზედმიწევნით ახსოვდა. ხოლო, როდესაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ვკითხე, ცოტა ჩაფიქრდა, ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია და ასეთი რამ მითხრა:
– ჩვენს მხარეში არის ერთი ცნობილი ცხოველი ვირი. მას რომ საპალნეს გადაჰკიდებ და გზას გაუყენებ, უნდა ეცადო, რომ ფეხი არსად ჩაუვარდეს და გზაში არაფერი იტკინოს, თორემ, თუ ასეთი რამ მოხდა, მეორედ, ცემით რომ მოკლა, იმ გზაზე ვეღარ გაატარებ.
– რას გულისხმობთ? – ჩავეჭერი ზრდილობიანად.
– იმას, რომ იმ დაწყევლილმა ე.წ. რეფორმატორებმა და მათმა უბოროტესმა ლიდერმა, დაგვიხოცეს ახალგაზრდები, ნამუსი აჰყარეს მოზარდი თაობის მამალ ქართველებს, შავ ძაძებში გამოაწყვეს მთელი ქვეყანა და მრავალი წელი სისხლის ცრემლებით გვატირეს. ვირის მსგავსად, ერთხელ გვატკინეს კი არა, ტკივილში გვაცხოვრეს ლამის ნახევარი სიცოცხლე და დღეს, იმის მაგივრად, რომ სიმსივნესავით ვკვეთდეთ მათ ჩვენი სხეულიდან, ერის გარკვეული ნაწილი, პოლიტიკურ ველზე მათი უკან შემოთრევით არის დაკავებული. ყოველივე ამის შემდეგ, მე დიდად გაკვირვებული ვარ, ამხელა ისტორიის და კულტურის მქონე ჩემი ერის ცნობიერება, ნუთუ ვირის ინსტინქტებს და რეფლექსებს ვეღარ უტოლდება?! – ეს თქვა დანანებით, ნაღვლიანი სახით აკანკალებული ხელი დასამშვიდობებლად გამომიწოდა და ასეთი სიტყვებით დამემშვიდობა. – იმედია, ეს არ მოხდება!
პ.ს. ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ზოგადად მთავრობებისადმი. ზემოთ წარმოდგენილი ამბის საქვეყნოდ გახსენება კი, ჩემი პოზიციაა სააკაშვილის პერსონისადმი, რომელიც ყველაზე საშიშ და ბოროტ მოვლენად მიმაჩნია ქართულ პოლიტიკაში.
მწერალი თამაზ ალავიძე
კომენტარები