პოლიტოლოგი, გია ნოდია:
„იმედის“ და „პოსტვ-ის“ მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მიბიძგებს, მათი ცუდი – ამ შემთხვევაში, სანქციები – გამეხარდეს. მაგრამ ეს იმპულსია. რაციონალურად როგორ შეიძლება გავამართლოთ აღნიშნული?
რამდენად სწორია, რომელიმე ქვეყანამ დაასანქციროს მედია, თანაც სხვა ქვეყანაში? ხომ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლების მოთხოვნასთან?ამ კითხვას სერიოზულად უნდა მოვეპყრათ. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში მისი უდიდებულესობის მთავრობა სამართლიან კრიტიკას იმსახურებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის (ე.წ. „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის ხაზით).აქ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ „იმედს“ და „პოსტვ-ს“ საერთო არაფერი აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვასთან. ესენი არა თავისუფალი მედიები, არამედ ხელისუფლების პროპაგანდის დეპარტამენტებია, თვალის ასახვევად დამოუკიდებელ კორპორაციებად გაფორმებული. მათი დასანქცირება საქართველოს ხელისუფლების ცალკეული ნაწილების დასანქცირების გაგრძელებაა.თუ შეიძლება დასანქცირდეს ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ან, ხარება, „იმედი“ და პოსტტვ-ც“ ასევე შეიძლება დასანქცირდეს. არავითარი განსხვავება არაა.იმედია, იმის დასაბუთებას არ მომთხოვთ, რატომაა ხსენებული „ტელეკომპანიები“ სინამდვილეში მთავრობის დეპარტამენტები.ხოლო თუ ვიტყვით: „საერთოდ ვინაა ეს ბრიტანეთი, რომ ვიღაცეებს გვისანქცირებს“, ეს უკვე სხვა თემაა. ამაზე „ქალაქურად“ ვიტყვი: „შენ ზოგადად დასავლეთს და კონკრეტულად ბრიტანეთს დილიდან საღამომდე აგინებდე და ცილს სწამებდე და ის მოგეფეროს – ეგრე სადაა, ძმაო.“
რეალურად რას უზამს ბრიტანეთის სანქციები აღნიშნულ ტელევიზიებს – ამის ანალიზები დაიდო, მაგრამ პრაქტიკულად როგორ იქნება საქმე, მომავალში ვნახავთ. არა მგონია, რომ ამით ძალიან არსებითად შეფერხდეს მათი საქმიანობა, თუმცა რა ვიცი. ესეც სხვა თემაა.














კომენტარები