შატილის ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი სამივე გოგონა, ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატალია თხელიძე, დღეს საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ ამ დრომდე არ აქვთ პასუხები მომხდარზე და გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან.
ნატალია თხელიძე დღეს პირველად იხსნებს თავს გადამხდარ ამბებს:
“ჩემს მოსწავლესთან, ხატია ზაალიშვილთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ დავკარგე, შატილის ტურზე წავედი. იმის გააზრება მიჭირს, რაც ჩვენს თავს მოხდა. არაფერი დარჩა ჩემს მეხსიარებაში. ჩემი მეხსიერება წყდება იქ, როცა თაფლის საყიდლად გავჩერდით. თქვეს თაფლი შევისყიდოთო, არადა ვაპირებდით ყველანი სადმე ქვევით რესტორანში დავმსხდარიყავით. ზევით ვერავინ ვერ მიგვიღო, გვითხრეს რომ ვერ მოახერხებდნენ ხინკლის შეხვევას. ყველას გვშიოდა. მახსოვს ცოტა უკმაყოფილოც ვიყავი რომ გაჩერეს, რა დროს თაფლია, გვშია-მეთქი.
მერე არაფერი მახსოვს, არადა თურმე ამ საშინელი ავარიის შემდეგ გონზე ვყოფილვარ, ბევრიც მილაპარაკია ჩემზე, მაგრამ ეს მე არაფერი მახსოვს. ბოლომდე, საავადმყოფოში შევსულვარ ისე, რომ გონება არ დამიკარგავს. მთელი გზა სასწრაფოს მანქანით რომ მოვყავდით თურმე გონზე ვიყავი. მერე დამირეკა იმ ექთანმა, რომელმაც ბისოდან სასწრაფოთი გადმოგვიყვანა, ეგეც არ მახსოვდა, რომ თურმე სადღაც მცხეთასთან სხვა სასწრაფოში გადავუსვივართ. ექთნისთვის ბევრი რამე მომიყოლია ჩემზე, მაგრამ არაფერი მახსოვს. აქეთ მიამბოდა ჩემს მოყოლილ ამბებს. თვალი რომ გავახილე ვნახე ბატონი ლევან რატიანი, ვერ მივხვდი სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს.
ნეკნი მაქვს ნახევარი ამოცლილი, იმ საღამოს რომ მიმიყვანეს ძალიან ცუდად ვყოფილვარ. ექიმები მერე ამბობდნენ, შენ რომ ახლა გველაპარაკები, ჩვენთვის წარმოუდგენელიაო. ისე მძიმედ ვიყავი. გამოწერის შემდეგ ორჯერ მივედი კონტროლზე, მეორედ უკვე ჩემი ფეხით. უნდა გენახათ კლინიკის ექიმები და ექთნები როგორ მხვდებოდნენ, ტიროდნენ რომ მიყურებდნენ. მართლა წარმოუდგენელი იყო ჩვენი გადარჩენა. ფილტვები ახლა მგონი კარგად მაქვს, მაგრამ ყველაფრის შიში აქვთ და გარეთ არ მიშვებენ, სახლში ვარ ჩაკეტილი, მით უმეტეს კორონა არის და ძალიან მიფრთხილდებიან კორონა არ შემხვდეს.
მენჯები მქონდა გაბზარული, საჯდომი ძვალი გატეხილი, მარცხენა ხელი მოტეხილი. ნელ-ნელა ყველაფერი აღდგა. მოკლედ ბევრი დაზანებები გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მთავარია გადავრჩით არაფერზე წუწუნი არ შეიძლება, არაფერი სათქმელი არ გვაქვს, ხმა არ გვაქვს ამოსაღები. მაგრამ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში იმხელა ტრაგედიად დარჩება, ვერ გამომდივართ მდგომარეობიდან. დღემდე არ მაქვს პასუხი არანაირი, თუ რა მოხდა. ექსპერტიზის პასუხები არ არის. არ ვიცით რატომ მოხდა და რატომ შეეწირა ამდენი ადამიანი და ამაზე პასუხებს ვითხოვთ.
ბატონი ლევან რატიანი და იმ კლინიკის ექიმები და ექთნები ცალკე სალაპარაკოა, ეს არ იყო მხოლოდ პაციენტის და ექიმების ურთიერთობა. გადაგვყვა მთელი მედპერსონალი, რაღაც სასწაული ხდებოდა ჩემს თავს. ოდნავ სახე რომ შემეცვლებოდა იმ წამს ყველა ჩემთან იდგა, რამე ხომ არ გჭირსო. უდიდესი მადლობა მათ. ამას ვერასოდეს გადავიხდი. კიდევაც ვთქვი ყოველდღე მადლობების წერილები რომ გამოგიგზავნოთ არ იქნება საკმარისი-მეთქი. მართლა სასწაული გააკეთეს”, – განუცხადა “ამბებს” ნატალიამ.
კომენტარები