,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე:
,,ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქართველი ერის სიყვარულსა და მის მიმართ დამოკიდებულებას გვაჩვენებს ის უწყვეტი და უკიდეგანო ზღვა ხალხი, რომელიც მთელი თბილისის სივრცეებზეა გადაჭიმული და ბოლო არ უჩანს. ამან აფიქრებინა და ბევრს ათქმევინა კიდეც, პატრიარქის გარდაცვალებამ ერი გააერთიანაო.
მართლაც, აშკარაა, რომ ერის აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანებულია პატრიარქის სიყვარულში, თუმცა, მეორე მხარეს, ამ საკითხის საპირისპიროთაც უცბად გაერთიანდა ერის აბსოლუტური უმცირესობა (ერის ღალატს მიჩვეულები). და დღესაც, ისევე როგორც ყოველ დროს, ისინი ერთიანი ძალით უტევენ ერს და ეკლესიას.
ერთის მხრივ, პატრიარქის მიმართ მთელი ერის მხრიდან გამოხატული გულწრფელი გრძნობების დანახვით გამწარებულები და გულდათუთქულები ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიიდან მოთქვამდნენ, პატრიარქისგან კულტი შექმნეს, რაც არაქრისტიანულია, ეს წარმართობააო. პატრიარქის ნეშტისთვის საათობით რიგში მდგარ მოქალაქეებს წარმართები, ანუ ჩამორჩენილი, გონებაშეზღუდული მასა უწოდეს, მეორე მხრივ კი უსამშობლოების კლასტერის პოზიცია გულწრფელად გამოხატა გიგი უგულავამ, რომელმაც დაწერა:
„საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ.
რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი, არამედ ბელარუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“ კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!”
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება და ის ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. კი მაგრამ, წირვას რატომ უნდა გაძღოლოდა ბართოლომეოსი? სხვა საქმეა, რომ ის სხვა იერარქ სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წირვაში, მაგრამ წირვის ჩატარება და წირვაში მონაწილეობის მიღება ორი სხვადასხვა მოცემულობაა.
თუმცა, პოლიტიკაში და თეოლოგიაში “განსწავლულმა” უგულავამ ეს ერთი ვითომ “აღმოჩენა” იმიტომ წაუმძღვარა შესავლის სახით თავის პოსტს, რომ შემდეგი ორღობის ჭორის საფუძვლად და დასაბუთებად გამოიყენოს. აი, ისიც:
“მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ”.
ამ ჭორების მტკიცებით ფორმაში გადმოცემით უკვე გვაუწყა, რომ შიო მუჯირი მეუფე კი არ არის, არამედ ეგზარქოსია (ანუ რუსეთის ხელდასმულია) და რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. თურმე ეს “ფაქტობრივად გაძევებული” მეუფე შიო პატრიარქმა მაინც მოსაყდრედ დატოვა, ხოლო თურმე მსოფლიო პატრიარქს ყველაზე მეტად გამოარჩევდა როგორც იერარქთა შორის, ისე პირად ურთიერთობაში, როგორც „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“-ო. რაღაც 15 სეიფიც ყოფილა, სადაც თურმე პატრიარქს ანდერძი დაუტოვებია და ეს ჩვენი “რუსეთუმე” მეუფეები მალავენ და არ აჩენენ.
მოკლედ, ამით გავიგეთ, რომ გიგი უგულავა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმცირესობის სახელით, რომელიც თავად ილია მეორესაც “რუსეთუმეს” ეძახდა (თუნდაც იმიტომ, რომ არ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია). საყვედურებს ჩვენს მეუფეებს, რატომ არ წარმოაჩენთ მსოფლიო იერარქებს შორის პირველ იერარქად მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარაო.
მოკლედ, სწორედ ამაზე ითქმის, უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი (უგულავები და ძმანი მისნი) უკვე სპეცოპერაციას ატარებენ, რისი მიზანიც ეკლესიაში და მის გარშემო გაერთიანებულ ერში შფოთის, განხეთილებისა და დაპირისპირების შემოტანაა.
არც გვიკვირს, რადგან ვიცით, რომ ეშმაკი ყოფს, ხოლო უფალი აერთიანებს.“














კომენტარები