ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
მას შემდეგ, რაც “ოცნების” მთავრობამ “ინტერრაოსთან” წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა დაიწყო, რაც თითქმის 400 მილიონი ლარია, რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და გამოაგორეს მთავრობის ადმინისტრაციის ვიღაც უფროსი, სრულიად უტიფარი და ცრუ ტექსტით. იგი სიტყვასიტყვით ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკისათვის ამ დანაკარს ნულოვანი უარყოფითი შედეგი ექნება. თანაც, კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულება წინა ხელისუფლებას გადააბრალა.
ძალიან მოკლედ, თუ როგორ იყო სინამდვილეში საქმე:
წინა ხელისუფლებამ 2011 წელს გააფორმა ხელშეკრულება “ინტერრაოსთან”, რომელიც ძალიან მომგებიანი იყო ქვეყნისათვის.
-მიჰყიდა 25 წლიანი იჯარის სახით “ინტერრაოს” მფლობელობაში არსებული ხრამის ორი ჰიდროელექტროსადგური 104 მილიონ დოლარად, იმ პირობით, თუ ხრამზე კიდევ 3 სადგურს ააშენებდა 2016 წლამდე. ამისათვის “ინტერრაოს” 193 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
-376 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩაედო “თელასში”, რაც მაშინდელი კურსით 230 მილიონი დოლარი იყო.
როგორც ვხედავთ, “ინტერრაოს” საინვესტიციო ვალდებულება 400 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა.
-თავის მხრივ ქართული მხარე იღებდა ვალდებულებას, რომ 15 წლის განმავლობაში არ შეამცირებდა დენის ტარიფს.
სწორედ ამ ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილებები კალაძემ 2013 წელს, რომელიც იყო საიდუმლო და რომლის შინაარსი საერთაშორისო არბიტრაჟებში შეტანილი რუსული კომპანიის სარჩელიდან შევიტყვეთ.
კალაძემ ყველა ვალდებულება “ინტერრაოს” აპატია. არ აშენდა სამი ჰესი, არ მოხდა “თელასის” მოდერნიზება, დავკარგეთ ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
რის სანაცვლოდ ჩაიდინა ასეთი ქმედება “ოცნების” მთავრობამ? დენის ტარიფის წინასაარჩევნოდ, უმნიშვნელ ოდენოთ, დროებით შემცირების სანაცვლოდ. ეს შემცირებული ტარიფი მხოლოდ იმ ადამიანებზე ვრცელდებოდა, რომლებიც დენს მცირე რაოდენობით მოიხმარდნენ (100 კილოვატი თვეში). სამაგიეროდ, ახალ კონტრაქტში ჩაიწერა, რომ ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში დენის ტარიფი უნდა გაზრდილიყო (როგორც “თელასში”, ასევე ხრამი 1 და ხრამი 2 ჰიდროელექტროსადგურებში). სწორედ ეს ჩანაწერი გახდა შემდგომ საერთაშორისო არბიტრაჟებში ქვეყნისათვის უზარმაზარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი.
ლარი 1,65-იდან 3-ამდე გაუფასურდა, “სემეკმა” კი ტარიფი იმ ზომით არ გაზარდა, რაც შეცვლილი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. “ინტერრაომ” უცხოურ სასამართლოებს მიმართა და ყველგან მოიგო.
რატომ გააკეთა ეს კალაძემ და მთავრობამ? თავიდან ვფიქრობდით, რომ ასეთი წვრილმანი დათმობის სანაცვლოდ ამ მასშტაბის ინვესტიციების დაკარგვა საარჩევნო პოპულიზმით და არაკომპეტნტურობით ( ე. წ. უნიათობით)იყო გამოწვეული. შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახეს, რომ აქ აშკარა კორუფციასთან გვქონდა საქმე.
“ინტერრაოს” შვილობილი კომპანიის, “თელასის” მეწილე გახდა კალაძესთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი, ვინმე ხვიჩა მაქაცარია. სახელმწიფომ მოულოდნელად მას მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული “თელასის” წილის 25 პროცენტი. ფაქტობრივად, თელასზე სახელმწიფო კონტროლი დაიკარგა. ეს ბერკეტი ჯერ კიდევ შევარდნაძემ დაიტოვა, როცა 1998 წელს თელასი გაიყიდა და მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არავის უცდია მისი შეცვლა. ქვეყნის ბიუჯეტიდან გადახდილი 400 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმით უკვე ეს პირიც, მაქაცარიაც იხეირებს, როგორც “თელასის” მნიშვნელოვანი წილის მფლობელი.
მანამდე ხვიჩა მაქაცარიას ჩალისფასად მიჰყიდეს ყაზახებისგან გამოსყიდული “თბილგაზი”, თანაც ვალებისგან სრულიად გათავისუფლებული. ბიუჯეტის ვალებიც კი ჩამოაწერეს 100 მილიონი ლარის ოდენობით.
გახმაურებული ამბავია ასევე კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ნებართვის გარეშე ინტერნეტის წყალქვეშა კაბელის აზებაიჯანული კომპანიისათვის უკანონოდ მიყიდვის ფაქტი მაქაცარიას კომპანიის მიერ. ეს სკანდალური საქმე ფორმალურად დღესაც სასამართლოშია. ეს კანონდარღვევაც ფაქტობრივად ჩაფარცხულია.
ამ კაცის თითქმის ყველა ბიზნესი ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია კალაძესთან, მაგალითად, თბილისის სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი და მერიის ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარის ღირებულების მიკროავტობუსების შესყიდვა და მაქაცარიას კომპანიისთვის ლიზინგის სახით გადაცემა.
როგორც ვხედავთ, “ინტერრაოსთან” სარჩელის წაგებას მხოლოდ “უნიათობას” ვერ მივაწერთ.
სხვა საკითხია “გაზპრომთან” გაფორმებული საიდუმლო ხდლშეკრულება, რომლითაც გაუქმდა სომხეთში გაზის ტრანზიტის ძველი შეთანხმება, რითაც ქვეყანამ ათეულ მილიონობით ლარის ოდენობის ზარალი განიცადა. დღეს არავინ იცის რამდენს გვიხდის “გაზპრომი” ტრანზიტის საფაურის სახით. ჩვენი გათვლებით, ეს შემოსავალი რამდენჯერმე ნაკლებია წინასთან შედარებით














კომენტარები