“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, რომელიც ნიკა მელიასთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში, მესამე პრეზიდენტთან, სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შეხვედრის შემდეგ, “ენმ”, მაგრამ, ვიცით, რა აზრით წავიდა უკრაინაში ეკა ხერხეულიძე და რას წერდა გამგზავრებამდე.
ეკა ხერხეულიძე, 14 მაისი:
“ეს დღეები ვაკვირდებით განწყობებს.უამრავ არგუმენტს ვისმენთ და ვაანალიზებთ…
მერჩივნა გადაწყვეტილება ყოფილიყო საბოლოო პოზიცია, თუმცა, რასაც მე ვაკვირდები, ცოტა დარჩა ისეთი, ვისაც შეთანხმებამდე პოზიციის დაფიქსირება არ ეცადა. ვთვლი,რომ არც ჩემი გაცხადებული ხედვა იქნება პროცესისთვის საზიანო.
გადაწყვეტილების მიღებას მოცემულობა გვკარნახობს და როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, გადაწყვეტილება მისაღებია.
ასეთივე აზრთა სხვადასხვაობა იყო მაშინაც, როცა ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობის წინაშე ვიდექით. აღმოჩნდა,რომ მართლები ვიყავით და იმუშავა ბოიკოტმა. თუმცა,ცხადად მახსოვს განწყობები-
“ბოიკოტი ნიშნავს დასავლეთისგან გამიჯვნას”,
“ჩვენი პარტნიორები გვირჩევენ შესვლას და არ გათვალისწინების შემთხვევაში, დავრჩებით მარტო”,
“ვერაფერს ვერ მივაღწევთ “და ა.შ…
თუ ანალიზისთვის პროცესების საწყისს დავუბრუნდებით,დღეს ვინც მიღწევებზე საუბრობს, უნდა იცოდეთ,რომ სწორედ, იმ ხალხს არ სჯეროდა იმ მიღწევების, რასაც ახლა გამარჯვებად მიიჩნევენ. ეს მათ პატიოსნებაზე იყოს.
ახლა მთავარი-
გამარჯვების მოსაპოვებლად ერთიანობის იდეაზე დიდი იარაღი არ არსებობს. ეს იცის ყველამ და ამ ცოდნის გათვალისწინებით, ბევრის დათმობა გვიწევს. რაც აუცილებლობითაა ნაკარნახევი.
თუმცა, არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რისი უგულვებელყოფაც მიზანს გვაშორებს..
პოლიტიკა და პოლიტიკოსი ფასობს თანმიმდევრულობით, გაცხადებული პოზიციების ერთგულებით და პრინციპების დაცვით.
დინამიურად რომ მივყვეთ პროცესს, გაგვახსენდება, რომ საწყისი პოზიცია არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იყო. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი იდგა ურთულესი დილემის პირისპირ-ოპოზიციის გონივრული გადაწყვეტილებით, ხელში შერჩა ერთპარტიული პარლამენტი და შერყეული რეპუტაცია. ამ მოცემულობის შენარჩუნება ყოველდღიურად ამძიმებდა რეჟიმის არსებობას. ამაშიც გვედავებოდნენ,რომ ვცდებოდით, თუმცა თავად განსაჯეთ…
რა მოხდა მოგვიანებით?
მოხდა ის, რომ ერთობის დარღვევის ხარჯზე, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, ერთიანი პოზიციის გარეშე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც ხელოვნური ეიფორიის შემდეგ ასე გამოკრისტალდა – პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა მოეხსნა და ივანიშველს მარწუხები მოეშვა… ნაცვლად ბრძოლისა, ურთიერთობა თანამშრომლობად გადაიქცა.
და ეს როდის მოხდა? მაშინ, როდესაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში გამოკეტეს და ჩვენგან უკითხავად მიიღეს გადაწყვეტილება.
რა დროც არ უნდა გავიდეს, ამ საქციელს არ და ვერ ექნება ახსნა. ფუჭია ყველა გამოგონილი არგუმენტებით თავის მოგერიება, როცა ზუსტად იცი, რომ წესიერება მოითხოვდა ერთობლივ გადაწყვეტილებას და ეს ფაქტი არაფრად ჩააგდეს.
თავდაცვითი ინსტიქტით ნაკარნახევი პოზიციონირება – “ხელი მოვაწერეთ, რადგან მელია გვეხსნა პატიმრობიდან” არის ყველაზე უიღბლო მიგნება, რაც ასეთ შემთხვევებში მინახავს.
ფაქტია, რომ ერთობისთვის არც მელიას და არც ენმ-ს არ უღალატია. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სხვებთან შეუთანხმებლად და ამ პროცესის დაზიანებაში იოტის იდენა წვლილი არ მიგვიძღვის.
რთული იყო, მაგრამ შეფასებებისგან მაქსიმალურად ვიკავებდით თავს. გვესმოდა ზიანის და სარგებელის ფასი და ამის გათვალისწინებით, მომხდარი ჩვენს ნერვებზე გადავატარეთ.
გასაგებია, რომ ვითარება შეიცვალა და არსებული რეალობიდან გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილების ფორმირება იმ პოზიციიდანაც უნდა გვიწევდეს, რაც ბრძოლის საწყისში გვქონდა-ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა!
ეს მოთხოვნა მხოლოდ კი არ გვქონდა, ათასობით ადამიანის ჩართულობით იმართებოდა აქციებზე და ამის არ გათვალისწინება, როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად წამგებიანი იქნება. პრაგმატულადაც დიდი შეცდომა იქნება, რადგან იგივე ხალხის აქტიური ჩართულობით მესახება გამარჯვების მიღწევა.
ამ ბრძოლაში, არავის, არცერთ პარტიას არ ყავს იმდენი დაზარალებული რამდენიც ენმ-ს. სამსახურებიდან გამოყრილი, პატიმრობა გამოვლილი, უსახსროდ დარჩენილი ადამიანები ბოლო კაპიკს იღებდნენ,რომ საპროტესტო აქვიებში მიეღოთ მონაწილეობა.
აღარაფერს ვამბობ მათ განადგურებულ ჯანმრთელობაზე, რაც ამ გზაზე მიიღეს.
მესმის, რომ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ და მოცემულობა შეიცვალა, მაგრამ ამ ნატანჯი ხალხისთვის რა იცვლება, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
ბევრის თქმა მინდა, ძალიან ბევრის.. უამრავი ურთიერსაწინააღმდეგო ფაქტის გათვალისწინებით სამართლიანი გადაწყვეტილება მისაღები იქნება გუნდური პრინციპებიდან გამომდინარე და არა პერსონალური სურვილების მიხედვით.
ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის,უმთავრესია ენმ-ს მონოლითურობა და ამ დრომდე ვერ მიპატიებია მათთვის, ვისთვისაც გადაწყვეტილების მისაღებად ეს პრინციპი ამოსავალი წერტილი არ ყოფილა. ალბათ იმიტომ ემართებათ ასე, რომ გუნდის გადასარჩენად არც არასდროს უწვალიათ.
ვარ იმ პოზიციის ერთგული, რაც გუნდს ოპერირების შესაძლებლობას მისცემს მიზნის მიღწევამდე. მიზანი კი რუსი ოლიგარქის ძალაუფლებიდან ჩამოშორება ,ქვეყნის დეოკუპაცია, პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა და ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებაა.
ესაა ჩემი ოცნება და პოლიტიკაში ყოფნის მიზეზი.
ის კი უტყუარად ვიცი-ოლიგარქიულ მართველობას თანამშრომლობა ვერ დაასრულებს. რეჟიმს ანადგურებს მტკიცე წინააღმდეგობა.
ეს ძალა ხალხშია”
კომენტარები