ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დავით, ქართული პოლიტიკაში ძალიან არეულ-დარეული და აზელილია ყველაფერი, ისეა საქმე, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ კაცი. შეგიძლიათ, ეს არანორმალური პოლიტიკური ვითარება შეაფასეთ?
– რა ხდება რეალურად ქართულ პოლიტიკაში, ამის გაგება ძალიან ძნელია საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ეს არ ჰგავს სახელმწიფოებრივ მიდგომას, არც ხელისუფლებისგან და არც ოპოზიციისგან. აბსოლუტურად არ არის კონკრეტიკაზე საუბარი, იმ პრობლების გადაჭრაზე, რომლებიც ყოველდღიურად დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ მომავლის პრობლემებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ დღევანდელ პრობლემებზე. ამ ქვეყნის მოსახლეობას ვგულისხმობ და არა პოლიტიკოსებს. მოსახლეობას აწუხებს ყოველდღიური პრობლემები – უაზროდ გაძვირებული ცხოვრება, უზარმაზარი მიგრაცია, უმუშევრობა… ეს ის პრობლემებია, რომლებიც ყოველდღიურად ანგრევენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ამაზე საუბარი არ არის, მხოლოდ აზრს გამოთქვამენ პოლიტიკოსები ორივე მხრიდან. ის, რომ ამ და სხვა პრობლემების გამოსასწორებლად მიდიოდეს მიზანმიმართული მუშაობა, რომელიც კრიზისიდან გამოიყვანდა ქვეყანას. ხედავთ, რომ ყოველდღე კეთდება რაღაც განცხადებები, რომლებიც ხალხს არ ეხება და მათ პრობლემებს არ ასახავს. ავიღოთ ე.წ. საგარეო ორიენტაცია. ორივე მხარე გაიძახის, რომ არის პროდასავლური და ამ დროს ერთმანეთს აბრალებენ პრორუსულობას. აბსოლუტური უაზრობაა. არც ერთი არ იძახის, რომ პრორუსია, ორივე იძახის, რომ პროდასავლულია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან და ყველაზე დიდი პრორუსობა კიდევ ეს არის, როდესაც შენი ქვეყნის მოსახლეობას არ აძლევ განვითარების საშუალებას, ართმევ პერსპექტივას, მოსახლეობას ოპტიმიზს უკლავ. რეალურად, ეს პრობლემები გვიდგას ჩვენ და ეს არის მთავარი აქცენტები. ამიტომ არის, რომ მათ ქვეყანაში რაღაც ლოგიკა იპოვო და პოლიტიკური მიზნები დაინახო. ერთადერთი უნდათ, ვინ როგორ დალაგდება, როგორი საარჩევნო ბარიერი იქნება, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები… თუმცა, ის არჩევნები ხალხისთვის რას მოიტანს, რა გეგმით განვითარდება, ამ გეგმებზე საუბარიც არ არის. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ის არის პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ მათ უნდათ გაიგონ, რომ არა კონკრეტულად ვიღაც შიდა და გარე ძალების მსახურები არიან, არამედ ხალხის მსახურები და ხალხის ინტერესებზე მორგებული და ორიენტირებული უნდა იყოს მათი ქმედებები.
– ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, ლოგიკას ვერ მოუძებნი. ნიკა გვარამია დასაჭერი იყო თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რაღა მაშინ იჭერ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენმდივანს უნდა შეხვედროდა, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს ელოდება. ხომ ყველამ კარგად იცის, იმ „ქართულ ოცნებაში“, აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებაში, რომ მედიამენეჯერის დაჭერას დასავლეთი ნეგატიურად შეხვდებოდა და ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ეს სასამართლო სისტემა ჯიბეში უდევთ და იმ მოსამართლეს, ეს ყველაფერი რომ ჩაივლიდა, მერე გამოეტანა განაჩენი გვარამიასთვის. ისიც ყველამ კარგად ვიცით, გვარამიას დაჭერა სად და როგორ გადაწყდა – ივანიშვილის უშუალო მითითებით. განზრახ რატომ აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რომ ძალით უპირისპირდებიან ევროპას და ამერიკას?
– ევროკავშირის კანდიდატობა იქით იყოს, პრემიერ-მინისტრი საღამოს გაფრინდა ბრიუსელში და შუადღეს გვარამიას პატიმრობა შეუფარდეს. მეორე დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა ნატო-ს და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ამის შედეგი იყო, ნატო-ს გენმდივანთან, იენს სტოლტენბერგთან დაგეგმილი შეხვედრა ჯერ რომ გაუქმდა და ბოლოს სტოლტენბერგი რეზიდენციაში შეხვდა ღარიბაშვილს. გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრს, სერიოზული უხერხულობა შეექმნა ბრიუსელში. ჯერ ხომ ისედაც ბევრ კითხვაზე აქვთ გასაცემი პასუხი ღარიბაშვილსაც და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც დასავლეთისთვის, იმ ვალდებულებების შესახებ, რაც აიღეს საკუთარ თავზე და არ ასრულებენ. ამას კიდევ დაუმატეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გარემოება. მედია მენეჯერის დაჭერა, განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიისა, ეს არის წითელი ნაჭერი დასავლეთისთვის, გააღიზიანეს ამ ისედაც ურთულეს მომენტში. რას ემსახურება ეს, აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენს სახელმწიფოებრივ და ჩვენი ხალხის ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება. არ მგონია, ასეთი ქმედებები ბიძინა ივანიშვილსაც აწყობდეს. მას ფული შენახული აქვს ევროპისა და ამერიკის ბანკებში. მისი სიმდიდრე განისაზღვრება დოლარებში და არა რუბლებში. გამოდის, რომ მასაც სერიოზული პრობლემები ექმნება ასეთი გადაწყვეტილებებით. მოკლედ, ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებებია. ვინ რას და რატომ აკეთებს, ვერ ახსნი. „ქართული ოცნების“ შიგნით მუდმივი დაპირისპირებაა, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამით არიან დაკავებულები, ამ იწილო-ბიწილოთი და ერთმანეთთან კინკლაობით. ესეთი ქმედება არანაირ შედეგს არ იძლევა, ასე ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც სხვა სერიოზულ საერთაშორისო გაერთიანებაში. ვისაც დამოუკიდებლობა სურს, უნდა, რომ ევროპის, ევროსტრუქტურების ნაწილი გახდეს, კარგად ჩანს. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელი ხალხი ამ მიზნის მისაღწევად სიცოცხლეს არ ზოგავს. გამოდის, რომ მთელი დასავლეთის მაგიერ ებრძვის რუსეთს, პირდაპირ რომ ვთქვათ. დასავლეთის იარაღით ებრძვის, მაგრამ საკუთარი ხალხით. როდესაც უკრაინასთან ერთად განგვიხილავენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, ხედავენ, რომ ისინი ასე თავგამოდებით იბრძვიან ამ მიზნის მისაღწევად და ჩვენი ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, საერთოდ მიუღებელი ხდება დასავლეთისთვის. ყველაზე მოწინავენი ვიყავით, გინდა მოლდოვას და გინდა უკრაინასთან დაკავშირებით რეფორმების თვალსაზრისით. მეტიც, მოლდოვაზე არც იყო ლაპარაკი, ჩვენ და უკრაინას ერთად განგვიხილავდნენ ევროკავშირის კანდიდატებად და ერთი, რომ გატარებული რეფორმებით უკრაინაზე წინ ვიყავით, მეორეც, ჩვენთან შედარებით, უკრაინა უზარმაზარი ქვეყანაა და მის მიღებას ევროკავშირში მისი წევრი ბევრი ქვეყანა არ უჭერდა მხარს, ჩვენ ბევრად მეტი შანსი გვქონდა. თუმცა, ეს შანსი გავანიავეთ და ახლა მოლდოვაც და უკრაინა, დამსახურებულად, ჩვენზე წინ არიან. ამათ ან ქვეყნის მართვა არ იციან, ან ერთმანეთში კინკლაობას გადააყოლეს ქვეყანა და ან მომხვეჭელობას, ან სამივეს ერთად. ეს არის მათი მიდგომა. ყველამ კარგად იცის, „ქართულ ოცნებაში“ ღარიბაშვილის მიმართ დაპირისპირება იყო და მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ ეგუებოდნენ იგივე კალაძის გუნდი, კობახიძე-მდინარაძის გუნდი. პირველ პლანზე იყო ღარიბაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად მოიგო საპარლამენტო არჩევნები და იძახდა, რომ ყველაფერი მე გავაკეთეო.
– ბიძინა ივანიშვილს არც თუ სასიამოვნო ამბები ჰქონდა შვეიცარიულ ბანკთან, გერმანულ, ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებთან. ბანკ „სვის კრედიტს“ სასამართლოში უჩივლა, რომ მისი კუთვნილი ფული არ გადარიცხა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უკვე დასავლეთის ქვეყნებისგან, ბიძინა ივანიშვილისთვის მომავალში მკაცრი სანქციების დაწესების წინაპირობაა. თქვენ რას იტყვით?
– ზოგადად, ვხედავთ, რომ ბანკის რეპუტაციასაც არ ზოგავენ, რომ მიანიშნონ ივანიშვილს, რომ მომავალში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას. მისთვის კიდევ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ის თანხა, რაც ივანიშვილს დაუბლოკეს, მისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ასე არ არის. როდესაც პრობლემა ექმნება ივანიშვილს კუთვნილი თანხის მისაღებად და პრობლემას გიქმნიან, ეს არის მთავარი, პრობლემის წარმოქმნა უკვე პრობლემაა, თანხა რამდენად მცირეც არ უნდა იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისთვისაც არ არის მცირე თანხაზე საუბარი, 500 მილიონ დოლარი დაუბლოკა ბანკმა. რეპუტაციული ზიანი კიდევ სხვაა.
– მივა საქმე ივანიშვილის სანქცირებამდე?
– სანქცირებამდე, ჯერ ვფიქრობ, ადრეა ლაპარაკი. ივანიშვილი ცდილობს, გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს დასავლეთის პოლიტიკურ ელიტასთან. მას ამაში სალომე ზურაბიშვილი ეხმარება. ზურაბიშვილს აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები ევროპისა და ამერიკის პოლიტიკაში გავლენიან პირებთან. არც ბიძინა ივანიშვილია ისეთი უტვინო, რომ ვისგანაც ყველაზე დიდი ხიფათი ელის მის ქონებას, იმ ხალხთან გაწყვიტოს ყველა ურთიერთობა და გადაწვას ხიდები. მოსკოვში წამსვლელი საცხოვრებლად ეგ აღარ არის. მოსკოვში ცხოვრება ახლა არავისთვის სასიამოვნო აღარ არის. ასე ცალმხრივად რომ იძახიან მასზე, პრორუსიაო, შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია რუსეთის ხელისუფლების კონკრეტული პირების წინაშე, გარკვეული შიშიც, მაგრამ უფრო მეტი შიში, ვფიქრობ, დასავლეთისა აქვს.
კომენტარები