რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრებს, გასული დღეების არეულობის შემდეგ, სამი ალტერნატივა შესთავაზა, რის შედეგადაც, მან, ფაქტობრივად, მოქირავნეთა რაზმის ამჟამინდელი სტრუქტურის დაშლა გამოაცხადა.
პუტინის შეთავაზებით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნიათ: გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნდნენ სახლში; გადავიდნენ ბელარუსში.
“მადლობას ვუხდი ვაგნერის ჯგუფის იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არ გადადგეს ნაბიჯი ძმათამკვლელი სისხლისღვრისკენ, ზღვარზე გაჩერდნენ.
დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახური, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან ორგანოსთან კონტრაქტის გაფორმებით, ან დაბრუნდეთ ნათესავებთან და ახლობლებთან. ვისაც სურს – ბელარუსში წასვლა შეუძლია. ჩემს მიერ მოცემული დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ მჯერა, გადაწყვეტილება იქნება რუსეთის მებრძოლების, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გააცნობიერეს”. – თქვა პუტინმა.
ამას გარდა, სპეციალურ მიმართვაში პუტინმა რუსებს მადლობა გადაუხადა “ერთიანობისა და პატრიოტიზმისთვის”. პუტინის მტკიცებით, “გამოვლინდა საზოგადოების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი კონსოლიდაცია”.
“ამ სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი, საშინაო არეულობის მოწყობის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”. – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩაახშობდნენ და ეს მის ორგანიზატორებსაც უნდა სცოდნოდათ.
“შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით. აჯანყების ორგანიზატორები, ადეკვატურობის დაკარგვის მიუხედავად, შეუძლებელია ამას ვერ მიმხვდარიყვნენ. მათ ყველას ესმოდა, მათ შორის ის, რომ წავიდნენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ქვეყნის გახლეჩვასა და დასუსტებაზე”. – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთი “კოლოსალურ საგარეო საფრთხეს უპირსპირდება” და უკრაინაში იბრძვის.
პუტინი ამბობს, რომ აჯანყების ორგანიზატორებმა არამხოლოდ რუსეთს, არამედ საკუთარ დაქვემდებარებულებსაც უღალატეს, როცა ისინი ამ მოქმედებებში “ჩაითრიეს” და “მოატყუეს”.
“თუმცა, აჯანყების ორგანიზატორებმა, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატით, უღალატეს მათაც, ვინც დანაშაულში ჩაითრიეს. ატყუებდნენ მათ, უბიძგებდნენ სიკვდილისკენ, ცეცხლისკენ, იმისკენ, რომ თავისიანებისთვის ესროლათ”. – აღნიშნა პუტინმა.
პუტინი საკუთარ სიტყვით გამოსვლაში შეეხო უკრაინის მთავრობასა და მათ დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, მათ რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება სურდათ.
“სწორედ ასეთი შედეგი – ძმათაკვლა უნდოდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ასევე სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეს. სურდათ, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა დაღუპულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა საბოლოო ჯამში დამარცხებულიყო რუსეთი, ჩვენი საზოგადოება კი გახლეჩილიყო, დამხრჩვალიყო სისხლიან შიდა დაპირისპირებაში. ისინი ხელებს იფშვნეტდნენ, ფრონტზე საკუთარი წარუმატებლობისა და ე.წ. კონტრიერიშის მიმდინარეობაში საკუთარ წარუმატებლობაზე რევანშის ოცნებებით, მაგრამ არასწორად გამოთვალეს”. – თქვა პუტინმა.
ამას გარდა, პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურესა და ძალოვანს, რომლებიც “აჯანყებულთა გზაზე დადგნენ” და დაამატა, რომ “თავგანწირული გმირი პილოტების სიმამაცემ რუსეთი ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგებისგან იხსნა”. ამგვარად მან ოფიციალურად აღიარა გასულ დღეებში გავრცელებული ცნობები, ვაგნერის მიერ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოყოლილ მსხვერპლზე.
პუტინმა ვაგნერის მებრძოლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იციან, რომ ისინიც “რუსეთის პატრიოტები” არიან, რომლებიც “საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს ერთგულობენ”. პუტინის თქმით მათ ეს დაამტკიცეს დონბასსა და ე.წ. ნოვოროსიაში, ანუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მისი პირადი ბრძანებით იდგმებოდა ნაბიჯები, რათა დიდი სისხლისღვრისგან თავი აერიდებინათ. პუტინის მტკიცებით, დრო სწორედ ამიტომ დასჭირდათ, ასევე იმისთვის, რომ ვაგნერელებს დაფიქრება შეძლებოდათ.
“ამიტომ, მოვლენების დაწყებისთანავე, ჩემი პირდაპირი ბრძანებით გადაიდგა ნაბიჯები, რომ დიდ სისხლისღვრას გავქცეოდით. ამისთვის დაგვჭირდა დროც, მათ შორის იმიტომ, რომ დაფიქრების საშუალება მიგვეცა მათთვის, ვინ დანაშაული ჩაიდინა, [რათა] გაეგოთ, რომ მათ ქმედებებს საზოგადოება მკაცრად გმობს და როგორ ტრაგიკულ, დამანგრეველ შედეგამდე მიჰყავს რუსეთი, ჩვენი სახელმწიფო ავანტიურას, რომელიც მათ ჩააწვეთეს”. – აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თუმცა აღნიშნა, რომ “სწორედ მოქალაქეთა პატრიოტულმა განწყობამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი”.
,,ტაბულა”
კომენტარები