ირაკლი ჟვანია, სოციალურ ქსელში, წერს:
პურის რიგში მდგომმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაწირა… დღეს კი რამდენმა ჩვენგანმა იცის მისი სახელი?
1992 წელი იყო. იმ პერიოდში პურის რიგები უზარმაზარი იყო ადამიანები საათობით იდგნენ, რათა ოჯახებისთვის საკვები მიეტანათ. სწორედ ამ დროს მძარცველმა ურიგოდ გავლა მოინდომა და თანაც მანქანით მივიდა პურის წასაღებად, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება ტრაგიკულად განვითარდა მან ხელყუმბარა გახსნა…
იმ ადგილას პოლიციელი ზურაბ ბერიძე იმყოფებოდა. მან არ იფიქრა საკუთარ გადარჩენაზე, არ დაიხია უკან და ხელყუმბარას გადაეფარა, რათა იქ მყოფი ადამიანები გადაერჩინა.
ზურაბ ბერიძემ საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაწირა.
არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, რა უნდა ხდებოდეს ადამიანის გულში, რომ ასეთ დროს საკუთარი თავის გადარჩენაზე წინ სრულიად უცხო ადამიანების სიცოცხლე დააყენო. ეს მხოლოდ სიმამაცე არ არის ეს ადამიანობის უდიდესი მაგალითია.
მინდა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცოდნენ, რომ გმირები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში არ არსებობენ. ჩვენს ქვეყანას ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მძიმე წუთებში დაამტკიცეს, რას ნიშნავს იყო მამაცი და ღირსეული.
არ მინდა, ზურაბ ბერიძის სახელი დავიწყებას მიეცეს. მინდა, მისი ისტორია მოვყვეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს და თაობიდან თაობას გადავცეთ.
რადგან ერი, რომელსაც საკუთარი გმირების დაფასება შეუძლია, მომავალ თაობასაც ღირსეულად აღზრდის.
ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!












კომენტარები