302
სასტუმრო „სტამბაში“, 29 ივნისს, ინოვაციურიონლაინ პლატფორმა MusMus-ის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ, პლატფორმის შემქმნელსა და იდეისავტორს – გიგა გაზდელიანს.
– ბატონო გიგა, რას წარმოადგენს ეს რევოლუციური პლატფორმა, რომელმაც სრულად შეცვალა მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულების პროცესი საქართველოში?
– MusMus-ი არის პირველი ლეგალური მუსიკალური ონლაინ პლატფორმა, ერთგვარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას იძლევა საავტორო უფლებებით მოსარგებლეებმა (კაფე–ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა) გაახმოვანონ საკუთარი სივრცეები ლიცენზირებული მუსიკით. აღნიშნული პლატფორმის შექმნის საჭიროება წარმოქმნა ლეგალური მუსიკალური წყაროს არარსებობამ ბაზარზე. სხვადასხვა სტატისტიკის თანახმად, დღესდღეისობით, საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, არსებული ბიზნესების 80 პროცენტზე მეტი იხდის საავტორო ჰონორარს მუსიკის საჯაროდ შესრულებისათვის, თუმცა მათ უმრავლესობას, წარმოდგენაც არ აქვთ წყაროს ლეგალურობის ვალდებულებაზე. საავტორო კანონმდებლობით ბიზნესი ასევე ვალდებულია ინტლექტუალური საკუთრებით დაცული ნაწარმოების გამოყენებისას უზრუნველყოს გამოყენების წყაროს ლეგალურობა, რის საშუალებასაც იძლევა MusMus-ი და ბიზნესს აწვდის მილიონობით მუსიკალურ ნაწარმოებს, საჯარო შესრულებისათვის.
– გარდა წყაროს ლეგალურობისა, სთავაზობთ, თუ არა მომხმარებლებს რაიმე სხვა მომსახურებას?
– გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს მუსიკალური გაფორმებით უზრუნველყოფასაც. საქართველოში აქამდე არ არსებობდა ე.წ. Playlist-ების შექმნისა და მიწოდების სერვისი. ჩვენი პლატფორმის საშუალებით, ბიზნესი დამოუკიდებლად შეძლებს Playlist-ის შექმნას. ამასთანავე, ნებისმიერ ქართველ შემსრულებელს მიეცემა საშუალება ატვირთოს ჩვენს ვებ–გვერდზე საკუთარი ნაწარმოები, რომელიც საერთაშორისო ბაზის ნაწილი გახდება.
დამატებით, თავად ჩვენივე ორგანიზაცია სთავაზობს ბიზნესს ინდივიდუალურად მორგებულ მუსიკალურ რეპერტუარს. აღნიშნული რეპერტუარი დგება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობით. სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და ე.წ. DJ-ების ჩართულობით. თითოეული დაწესებულებისათვის იქმნება ინდივიდუალური Playlist –ი, რომელიც ავტომატურად აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე. არაერთი კვლევის თანახმად, სწორად შერჩეული მუსიკა ზრდის მოსარგებლის დაწესებულებაში ყოფნის დროს და შესაბამისად ზრდის შემოსავალსაც.
– გასაგებია, რომ თქვენ თავად ხართ პლატფორმის იდეის ავტორი და შემქმნელი. თუმცა, მარტივი არ იქნებოდა მსგავსი პროექტის მარტო შექმნა. როგორ მოგივიდათ აღნიშნული მუსიკალური ბიბლიოთეკის შექმნის იდეა და ვინ იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში?
– მრავალი წლის მანძილზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მუშაობის შედეგად მე ვხედავდი, რომ ხდებოდა ზემოაღნიშნული მუსიკალური ნაწარმოების წყაროს ლეგალურობის ხელყოფა და ასევე, ბაზარზე არ არსებობდა პროფესიონალური მუსიკალური რეპერტუარის ბიზნესისათვის მიწოდების სერვისი. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა შემეთავაზებინა აღნიშნული სერვისი ბიზნესისათვის და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გვერდში დგომითა და დახმარებით შევქმენი MusMus-ი. გარდა ზემოაღნიშნულისა, თავად გამოყენებული ნაწარმოებების რეპორტინგის სრულყოფილებაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რაც ავტომატურად აისახება საავტორტო ჰონორარის განაწილების სიზუსტეზე. მუსიკალური ნაწარმოებების სრულფასოვანი აღრიცხვა თავად მოსარგებლეების ვალდებულებას წარმოადგენს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ას პროცენტიანი სიზუსტით მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
რაც შეეხება თავად პლატფორმის შექმნის პროცესს, მე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგის ექსპერტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ძალებით ვერ შევძლებდი იდეის რეალობად ქცევას. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ MusMus-ი წარმოადგენს ქართულ პროდუქტს და მის ტექნიკურ ნაწილზე იმუშავა ჩვენს მიერ დაქირავებულმა ორმა ქართულმა კომპანიამ. ის არაფრით ჩამორჩება უცხოურ ანალოგებს. რაზეც ის ფაქტიც მოწმობს, რომ MusMus-ის საიტი რამოდენიმე კვირის წინ ამუშავდა, და უკვე 100-ზე მეტმა დაწესებულებამ მოასწრო მისი გამოყენება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ COVID-19-ის პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მთლიანად ქართულ ბიზნესს და შესაბამისად, ჩვენს სფეროსაც. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ პრობლემებს და 20 პროცენტიან შეღავათს ვთავაზობთ მომსახურებაზე.
– ბატონო გიგა, თქვენ ცნობილი ხართ, როგორც საავტორო უფლებების სფეროში აქამდე უპრეცენდენტო ინიციატივებისა და ინოვაციების ავტორი. გვსურს, რამოდენიმე ამგვარ პროექტზე გაგესაუბროთ. პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვითხროთ საქართველოში პირველ საგანმანათლებლო წიგნზე საავტორო უფლებების სფეროში, რომელიც უსასყიდლოდ გავრცელდა სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
– წიგნს, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ჰქვია „მემე, მემე – გვაპოვნინე!“. მოგეხსენებათ, საქართველოში საავტორო უფლებებისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას. ჩემი აზრით, ზემოხსენებული პრობლემის ერთ–ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის, საზოგადოების ცნობიერების დონე. ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფით გამოწვეული ზიანი რთულად აღსაქმელია მოსახლეობისათვის. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ მნიშველოვანია ადამიანს ბავშვობიდანვე აეხსნას ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით გამოწვეული ზიანის სიმძიმე დაზოგადად ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის მავნებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ეგიდით, შეიქმნა პირველი ქართული ზღაპრების კრებული საავტორო უფლებებზე სკოლამდელი ბავშვებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, 2018 წელს, უსასყიდლოდ გავრცელდა სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. აღნიშნულ ზღაპრების კრებულს, განსაკუთრებულად ხდის ის გარემოება, რომ სპეციალური აპლიკაცია OVERLY-ის მეშვეობით შესაძლებელია წიგნი სარა მარტო წაიკითხვა, არამედ მოსმენა და აუგმენტური რეალობის საშუალებით ყურება.
– გვსურს, ასევე გკითხოთ თქვენი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით გამოცემულ წიგნზე რეპრესირებული ქართველი ავტორების შესახებ. საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული თემატიკა და რუსეთის გავლენა ქართული ხელოვნების სფეროზე.
– წიგნი–კრებული „წითელი რეპრესიები – 20 ქართველი ხელოვანი“, წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე რთულ პროექტს, რომელზეც მიმუშავია. თავად წიგნი, გამოიცა 2019 წელს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ და მასში შედის საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ხელოვანების ბიოგრაფიები. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ჩემს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ საავტორო უფლებების სფეროც კი არ არსებობს იზოლირებულად და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები უშუალო ზეგავლენას ახდენს ხელოვნების ყველა დარგზე. აღნიშნული წიგნიც უსასყიდლოდ დარიგდა, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.
– თქვენ, როგორც საქართველოს საავტოროუფლებათა ასოციაციის იურიდიული და ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაქვთ მრავალი დამსახურება საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში და განსაკუთრებით ცნობილია, თქვენს მიერ შეტანილი წვლილი საზოგდოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინტელექტუალური საკუთრების დარგის მოსახლეობისათვის გაცნობის ნაწილში. აღსანიშნავია, თქვენს მიერ ჩატარებული არაერთი ლექცია, რომელთაგან ერთ–ერთსაც თავად დავესწარი 2018 წელს და მსურს გკითხოთ, გეგმავთ, თუ არა სამომავლოდაც იგივეს გაგრძელებას?
– პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემს მიერ ჩატარებულ ლექციაზე დასწრებისათვის. თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ გულისხმობთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – ელსას ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას, სადაც მე და გიგა კობალაძემ წავიკითხეთ ლექცია. თქვენს მიერ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ყოველ წლიურად ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს, ინფორმაციულ კამპანიებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში.
– პრობლემა არსებობს თავად ბიზნესისა და მოსარგებლეების ცნობიერების აღნიშნულ სფეროში. თქვენს მიერ შექმნილი მეთოდოლოგია, რომელსაც ათასობით ბიზნესი და ავტორი იყენებს საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების ეფექტურად სამართავად, სარგებლობს დიდი პოპულარობით. შეგიძლიათ, დეტალურად გვიამბოთ აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე?
– აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველჰყოფს საავტორო უფლებებთან შესაბამისობისა და ლიცენზირების პროცესის ეფექტურად მართვას უფლების მფლობელებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. როგორც უკვე აღინიშნა, საავტორო და მომიჯანვე უფლებების შესახებ ცოდნა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლება დღემდე არ იციან იმ ვალდებულებების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ ავტორების მიმართ საავტორო კანონმდებლობის შესაბამისად. ჩემი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს მოსარგებლეთა საქმიანობის სამართლებრივი ნაწილის გამართვას საავტორო კანონდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მეთოდოლოგია, შესაბამისად უზრუნველყოფს ავტორთა და მომიჯნავე უფლების მფლობელთა უფლებების მეტად ეფექტურად დაცვასაც. აღნიშნული უფლებების ერთ მხარეს დგას უფლების მფლობელი, ხოლო მეორე მხარეს – მოსარგებლე. მოსარგებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა ავტომატურად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს უფლების მფლობელზე.
ტატა ბრეგვაძე
კომენტარები