გიორგი ჯავახაძე
„ალიას“ ესაუბრება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელსაც, ვინაობის გამხელა საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს:
„როცა სამხედრო ექსპერტები ითხოვდნენ პასუხს, რატომ არ არის ქვეყანაში თავშესაფრები, და კითხულობდნენ როგორ ემზადება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ხელისუფლებმა, პრემიერმა ბრძანა, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ომი არ გვემუქრებაო. გამოვიდა ორიოდე დღის წინ კობახიძე და ბრძანა – აბსურდია იმის მტკიცება, რომ რუსეთი შეიძლება არ დაგვესხას თავსო. რატომ? რამე შეიცვალა და „ოცნებას“ ახალი ოპერატიული ინფორმაცია აქვს? არა – „ოცნება“ ახლა დასავლეთს ეუბნება, რომ თუ ივანიშვილის დასანქცირებას გაბედავენ, საქართველოში ხომ გამოიწვევენ შიდა არეულობას და დაპირისპირებას, სისხლსაც ხომ დაღვრიან, მაგრამ ამას არ იკმარებენ და რუსის ჯარის შემოყვანაზეც კი წავლენ. ივანიშვილი დასავლეთთან ახლა საქართველოთი, ქვეყნით ვაჭრობს. აქამდე ამბობდნენ, რომ თუ საქართველო ნატოს და დასავლეთს დაუკავშირებს ბედს – არიქა, რუსი დაგვესხმება თავსო, ახლა ამბობენ, თუ დასავლეთი არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს – რუსი დაგვესხმება თავსო, რასაკვირველია, ყველამ კარგად ვიცით, რომ არც სტატუსის მიღება და არც სტატუსის ვერ მიღება პუტინისთვის დაბრკოლება ვერ იქნება, თუ მის ავადმყოფ გონებაში მოიხარშება ომის სურვილი, მას არ სჭირდება მიზეზი ადამიანების დასახოცად. აქ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ვსაუბრობ. საქმე იმაშია, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს 6 თვეში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბრალი, რადგან არაფერი ისეთი ევროკომისიას არ დაუწესებია, რისი ასრულებაც რთულია, და რისი ასრულებაც ქვეყანას არ წაადგება, შესაბამისად, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, მოგვცენ ეს სტატუსი და ღიად უცხადებს ომს დასავლეთს. პრინციპში, „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც კარგად იცის, რომ არც ერთი პირობის შესრულებას არ აპირებს, უკვე დაიწყო ეს ომი დასავლეთთან. ამას მოჰყვება პასუხი და ეს იქნება ივანიშვილის და მისი წრის დასანქცირება. სანქცირებულთა სია ამერიკაში მომზადდება და ამ სიაში, ჩემი ინფორმაციით, არ იქნებიან მოქმედი მინისტრები, რადგან, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა – “ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შეშფოთებული ვართ, იმ კონტროლის დონით რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მისი გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად ვართ შეშფოთებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციაზე, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან მიმართებით. მოვუწოდებთ, ევროპულ საბჭოს და პარტნიორებს დაუწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისივე როლით, ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში” – პერსონალური სანქციები და არა სანქციები მთავრობას, რომელიც, შეიძლება ძალიანაც არ მოგვწონს, მაგრამ ამ წუთას ეს მთავრობა წარმოადგენს ჩვენ ქვეყანას და მთავრობის დასანქცირება ქვეყანაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს – გაჩერდება რიგი პროექტები – თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ სანქცირებული პრემიერის და სანქცირებული მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტებიც კი ნაჯღაბნი იქნება და სხვა ფასი არ ექნება. კარგად ვიცით ყველამ, რამდენ პროექტს აფინანსებს საქართველოში დასავლეთი, შესაბამისად, ყველა ამ პროექტის შეწყვეტა მოუწევს, ცხადია. მთავრობის წევრები ვეღარ წავლენ იმ შეხვედრებზეც, სადაც ახლა დადიან, ვეღარ გაგრძელდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამათაც ეგ უნდათ, არც ნატო ეხატებათ გულზე, არც ევროკავშირი და არც ამერიკა – მაგრამ, ამერიკა არ გადადგამს ამ ნაბიჯს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში გარკვევით წერია დასანქცირების მიზეზები რა იქნება – გავლენები ხელისუფლების შტოებზე და დახმარება რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებაში. სწორედ ეს ბოლო ნაწილი იქნება სანქციებისთვის გამოყენებული, სწორედ ამიტომ დაევალა ოფიციალურად უკრაინას სანქცირებულ პირთა სიის „შედგენა“ საქართველოდან და ბელორუსიდან, რადგან, ადამიანებს, რომლებსაც დაასანქცირებენ, სანქცირების მიზეზად წაუყენებენ რუსეთ-უკრაინის ომისას, რუსეთის მხარდაჭერას. ეს იქნება, სანქცირების ოფიციალური მიზეზი და საერთოდ არ დასჭირდებათ ამის იქეთ რამის მტკიცება. სწორედ ამიტომ, დასანქცირდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი წრე – ოჯახის წევრები, ახლობლები. ღარიბაშვილი რომ ივანიშვილის ხელის ბიჭია და არა ახლობელი, ამის მტკიცება, მგონი, არ არის საჭირო. ივანიშვილის ახლობლებიდან, შეირჩევა ის ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილის ბიზნესთან რაიმე სახის ოფიციალური, თუ არაოფიციალური კავშირი აქვს – ფულს გაყვებიან ამერიკელები და არა სახელებს და გვარებს, სადაც მიიყვანთ ეს ფული, იქ მივლენ. ენდომება ოცნებას უფულო ივანიშვილი?
კომენტარები