საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი სოლიდარობას უცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და აცხადებენ, რომ მათი მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია.
ისინი განცხადებას ავრცლებენ და მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს, გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება.
“თანამედროვე მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების ფონზე, ფსიქოლოგიის დარგის ინსტიტუციური დასუსტება აფერხებს როგორც პროფესიის, ისე საზოგადოების განვითარების შესაძლებლობას. პროგრამების კონცენტრირება ერთ ქალაქში, ერთ ფაკულტეტზე და მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირება, ვერ უზრუნველყოფს იმ მრავალფეროვანი ექსპერტიზის შენარჩუნებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით შექმნილი აკადემიური და სამეცნიერო მემკვიდრეობა. წლების განმავლობაში, უნივერსიტეტებში მომუშავე ფსიქოლოგებმა, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბეს კლინიკური, განვითარების, კოგნიტური, განათლების, სოციალური ფსიქოლოგიისა და სხვა სკოლები. აღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების გაქრობის შემთხვევაში, მისი სრულფასოვანი კომპენსაცია ერთი ინსტიტუციური პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი გამოხატავს სოლიდარობას უნივერსიტეტებში მომუშავე აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და პროფესიული საზოგადოების მიმართ და მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს:
- გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება;
- უზრუნველყოფილ იქნას დარგის მრავალცენტრული და მდგრადი განვითარება;
- შენარჩუნდეს და გაძლიერდეს არსებული სამეცნიერო სკოლები და პროფესიული მიმართულებები;
- სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კოლეგების მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგთა პროფკაშვირი.














კომენტარები