ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების ალტერნატივა არ არის. ალბერტ ბურლას თქმით, ადამიანებმა პრეპარატი არ უნდა აღიქვან, როგორც ვაქცინის ჩანაცვლება ან ალტერნატივა.
„ვშიშობ, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ასე იფიქრებენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ვაქცინები საჭიროა. ვაქცინები ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც დაავადების შესაჩერებლად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ალბერტ ბურლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სამკურნალო და არა პრევენციული საშუალებაა და ვაქცინაცია კვლავ საჭიროა.
„ადამიანები, რომლებიც ავადდებიან, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში ხვდება ან კვდება. რაც შეეხება ამ აბებს, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ 10 მათგანის ნაცვლად საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოხვდება სიმართლე გითხრათ, ამ კვლევის ფარგლებში არავინ გარდაცვლილა“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.
მანამდე კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.
პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით. Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ.
17 ნოემბერს, Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა.
კომენტარები