საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის პატრიარქ კირილს 80 წლის იუბილე მიულოცა . წერილს „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ მოვლენას – თქვენი 80 წლის იუბილეს!
თქვენი პატრიარქობის პერიოდში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური, განმანათლებლობითი და საგანმანათლებლო მსახურება მაღალ დონეზე ავიდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიების, სასულიერო პირთა, ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა.
ამ საზეიმო დღეს განსაკუთრებით გვახსენდება თქვენი მრავალწლიანი კეთილი ურთიერთობა აწ განსვენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან. ჩვენი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვარი არაერთხელ აღნიშნავდა იმ უდიდეს ძალისხმევას, რომელიც თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ცხოვრების განვითარების საქმეში ჩადეთ. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა თქვენს უცვლელად მტკიცე პოზიციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კანონიკური სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვისაც არსებითია. უდავოა, რომ კვლავ არსებობს რიგი რთული საკითხებისა, რომლებიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა ყველგან მრავალრიცხოვან განსაცდელსა და სერიოზულ გამოწვევას აწყდება. ამ რთულ დროს ჩვენს სასოებასა და იმედებს ყოვლადსახიერ უფალზე ვამყარებთ და გულმოდგინედ აღვავლენთ ლოცვებს მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობის მონიჭების, ყოველგვარი მტრობის შეწყვეტის, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ერთობისათვის.
ყოვლადმოწყალე უფალმა განამტკიცოს ძმური სიყვარულის სული ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის.
თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით!
ლოცვით ვითხოვ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტესგან, განგიმტკიცოთ სულიერი და ხორციელი ძალები, მოგანიჭოთ დღეგრძელობა და ღვთის მადლმოსილი შეწევნა ქრისტეს ეკლესიის სასიკეთოდ თქვენი მაღალი პირველმღვდელმთავრული მსახურების შემდგომი აღსრულებისათვის!
შიო III,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.”











კომენტარები