ჩვენი პატარები დღეისათვის არიან დაუცველები. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე, როგორც ძალიან ბევრმა ქვეყანამ, საქართველოშიც დავიწყოთ 12 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაცია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
ივანე ჩხაიძე:
„ახლა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. უსაფრთხო გარემო უნდა შევქმნათ ჩვენს საკუთარ სახლებში, ჩვენს საკუთარ ოჯახებში. თუ წარმოვიდგენთ ჰიპოთეტურ 4-5 წევრიან ოჯახს, დედა, მამა და შვილები. ოჯახის დაცვა შეიძლება მხოლოდ ასე, ვაქცინირებული დედა, ვაქცინირებული მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ. ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია არის ზრუნვა და ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვის. არა მხოლოდ ჩვენ თავზე ვიფიქროთ. ეს პასუხისმგებლობა იზრდება, როდესაც ვაქცინას არ ვიკეთებთ. თუ თქვენ გყავთ შვილი ან შვილიშვილი, თქვენი ვაქცინის არჩატარებით არა მხოლოდ თქვენი თავისთვის განსაზღვრავთ შესაძლო ზიანს, არამედ ამ ზიანს წინასწარ აყენებთ თქვენს შვილსა და შვილიშვილს. ძალიან ბევრი დაფიქრება გვჭირდება, გვეხება თუ არა ეს მხოლოდ ჩვენ. ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ და კარგი იქნება თუ ადამიანები საკითხს ამ კუთხით შეხედავენ“
კომენტარები