“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს პასუხობს და წერს, რომ საქართველოს უკრაინასთან პირნათელია. ცნობისთვის, სტეფანჩუკი არ ადანაშაულებს არც ქვეყანას და არც ხალხს, პირიქით, საქართველოსა და ქართველებზე საუბრისას, ამბობს: “ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.” სტეფანჩუკი გარკვევით წერს, რომ მისი წერილის ადრესატი, ქართული ოცნება და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, პაპუაშვილია.
პაპუაშვილის პასუხი:
„ძვირფასო რუსლან,
მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა.
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა.
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია, იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე.
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი.
აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა, მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა.
აწონვა უნდოდა უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. არადა, სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შეხსენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ გადახედავდით გაეროს რეზოლუციაზე ვინ მიჰყვა თქვენს მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს.
დაბოლოს, აწონვა უნდოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.
ამიტომ, დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა.
საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება.
მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია“, – წერს პაპუაშვილი.
დღეს უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმადური ადამიანია.
“დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს შეგახსენებ” – სტეფანჩუკის პასუხი პაპუაშვილს














კომენტარები