• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის…საკმარისია ომი“ – ზელენსკის ღია წერილი პუტინს

ალია ავტორი - ალია
02:02 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა.

წერილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

„როცა 26 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთს ხელმძღვანელობდით, უკრაინაში ბევრი ადამიანი დადებითად იყო თქვენ მიმართ განწყობილი. ასე იყო. მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები, 1 000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგში თქვენი ფორუმის გახსნას ესტუმრნენ. როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის.

თქვენი მმართველობის 26-მა წელმა სრულიად შეცვალა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. ვაჭრობისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვიდან ჩვენი ხალხები მხოლოდ დარტყმებისა და დანაკარგების თემაზე გადავიდნენ. რუსეთში ხელისუფლებაში ყოფნის თქვენი 26 წლიდან თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ. რაც არ უნდა თქვათ ნატო-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია – ომი რეალური მიზეზის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვრებს მას ისტორია. ეს დრო შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად გამოყენებულიყო.

ხშირად გვესმის, რომ ომი თქვენ გაწყობთ. რა თქმა უნდა, არა მაშინ, როცა საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში აღლუმს ეხება. საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია. მაგრამ ახლა ყველანი ვხედავთ, რომ ეს საბოლოოდ თავად რუსებსაც აღარ აწყობთ – ომს რუსეთში სულ უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს. მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები. არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები. არ მოსწონთ თქვენი განზრახვა მობილიზაციის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, რათა ომი უკრაინაში სხვა მიმართულებებზე გააფართოოთ ან რუსეთის სხვა მეზობლების წინააღმდეგ მიმართოთ. არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს.

დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, აიძულოთ რუსები ასეთ პირობებში იცხოვრონ. მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად შემცირდა. თქვენ აღარ გეყოფათ არც ფული და არც პოლიტიკური ძალაუფლება, რათა რუსების ერთგულება ისე იყიდოთ, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიომაც იზრუნოს ამაზე. როგორც თავად ამბობთ, „ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს“.

გუშინ მივიღე ანგარიში თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინის ფრონტზე მაისის თვეში. ეს კვლავ 30 ათასზე მეტი მოკლული და მძიმედ დაჭრილი რუსია. ჩვენ ყოველ თვე ზუსტად ასეთ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ და თითოეული თქვენი დანაკარგის ვიდეოდადასტურება გვაქვს – ეს უსაფუძვლო განცხადება არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ფრონტზე თქვენი დანაკარგების 63 პროცენტი დაღუპულია და მხოლოდ 37 პროცენტი დაჭრილი. 21-ე საუკუნეში არმიები ასეთ ბალანსს ვერ ინარჩუნებენ. მომავალში დაღუპულთა წილი კიდევ გაიზრდება.

საქმე ის არ არის, რომ ჩვენ უკრაინაში რუსებზე ვდარდობთ იმის შემდეგ, რაც თქვენმა ომმა უკრაინას მოუტანა. მაგრამ მე უკრაინელებზე ვზრუნავ. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს და ყოველი დანაკარგი გვტკივა. და მაშინაც კი, თუ უკრაინული დანაკარგების თანაფარდობა რუსულ დანაკარგებთან შედარებით ერთია ხუთთან ან ერთია ექვსთან, ამას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ რეგულარულად, ყოველ რამდენიმე თვეში ჩვენი რეგიონების, პირველ რიგში კი, დონეცკის ოლქის, დაპყრობის ვადებს წევთ. ვერც წელს დაიკავებთ მას. მაგრამ ჩვენ უკრაინაში მუდმივი ომი არ გვინდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ცხოვრება უკეთესია. ამის მიღწევა გვინდა. დარწმუნებული ვარ, რუსების უმრავლესობაც მზადაა, ამაზე დადებითი პასუხი გასცეს და თქვენ ეს იცით.

ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა თავდაცვაში ამდენ ხანს გაძლებდა. თქვენ არ გჯეროდათ. არც მათ სჯეროდათ, ვინც რჩევებს გაძლევდათ. ეს შეცდომა იყო. თქვენ არ ელოდით უკრაინის სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ იწინასწარმეტყველეთ, რომ მოვლენები ასე შორს წავიდოდა. მაგრამ აი, უკვე სრულმასშტაბიანი დაპირისპირების მეხუთე წელიწადში ვართ.

ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის – ახლა თქვენგან სწორედ ეს არის საჭირო. უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. და შეინარჩუნებს. მიუხედავად ნებისმიერი სხვა პროგნოზისა. ჩვენ შევძელით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაერთიანება უკრაინის დასაცავად და თქვენ წინააღმდეგ. ვიპოვეთ იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, თქვენ – სანქციებს. და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე უკრაინისთვის სამართლიანობა არ დადგება – ის, რაც ჩვენ გვინდა და რასაც შეიძლება მივაღწიოთ.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ წარმატებას მიაღწიონ მათ, ვინც ცდილობს, დაგარწმუნოთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შემსუბუქდება და უკრაინის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება, თუ უკრაინის მიმართ თქვენს პოზიციაში არსებითი ცვლილება არ მოხდება. ორბანის მაგალითი აჩვენებს, რა სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის დახმარებას ირჩევენ.

უკრაინამ გადაიტანა მძიმე ზამთრები, როდესაც თქვენ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურებას ცდილობდით. ჩვენ გადავრჩით და სიბნელეშიც კი უკრაინელთა სიმტკიცე შენარჩუნდა. ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე მოვიტანეთ და ამას ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდით. თქვენ პირველი რუსი მმართველი ხართ, რომელსაც დახმარებისთვის ფხენიანისთვის მიუმართავს. და დღეს თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე – ესეც პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში.

თქვენ ელოდით, რომ უკრაინელებს თავდაცვის ძალა არ ეყოფოდათ, მაგრამ ახლა ჩვენი ბიჭები ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენი პარტნიორების თავდაცვის გაძლიერებაშიც მონაწილეობენ. თქვენ იმედოვნებდით, რომ უკრაინაში შიდა არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ თქვენ წინააღმდეგ აჯანყდნენ სწორედ თქვენივე სამხედრო ფორმირებები.

23 ივნისი კიდევ ერთი წლისთავი იქნება და დუმილი ამ ფაქტს ისტორიიდან ვერ წაშლის. ახლა კი თქვენი საკუთარი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტებიც აშკარა დაღლილობით გიყურებენ. მსოფლიო ამას ხედავს. მსოფლიო არ დაღლილა უკრაინით, რისი იმედიც, დიდი ხანია, გაქვთ. მაგრამ დაღლილობა რუსეთით უკვე არსებობს – მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში და თქვენი ეკონომიკის შენარჩუნებაში გეხმარებიან. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ.

26 წლის შემდეგ ასაკმაც დაიწყო თავისი გავლენის მოხდენა. რაც უფრო წინ წახვალთ, მით უფრო დაიღლებით. ჩვენ ვიხილეთ სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახლა 2027 და 2028 წლების ომის გეგმებს განიხილავთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან.

მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.

ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები მთელ ყურადღებას ირანის საკითხს უთმობს და არასწორია უბრალოდ დაველოდოთ ევროპაში ომის დაწყებას, რათა მათი ყურადღება მივიღოთ. უკრაინა ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენ შორის ფორმატში სთავაზობს. გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს – კიევში. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები – ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.

გთავაზობთ, შეხვედრის კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში დაგპირდნენ, თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა. მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. ჩვენ შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებიც შეიძლება შეუერთდნენ. რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ, ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატებიც და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია.

ჩვენ უკვე გვქონდა რუსეთთან მრავალი შეთანხმებისა და მინსკის შეთანხმებების გამოცდილება, რომლებმაც არ იმუშავა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიპოვოთ ორმხრივი პასუხები არსებულ კითხვებზე და არ დავიმალოთ რთული საკითხებისგან სხვადასხვა ფორმულირების, ტექნიკური ჯგუფების ან უშედეგო შუამავლური დიპლომატიის უკან. თქვენი ომით უკრაინა და რუსეთი სამუდამოდ დააშორეთ ერთმანეთს.

ფრონტის ხაზი ახლა ის ხაზია, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს. უკრაინა მზად არის, სრულად შეწყვიტოს ცეცხლი იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს სტანდარტული პრაქტიკაა, რასაც ახლა ირანის გარშემო არსებული ვითარებაც ადასტურებს. რეალური სიჩუმის დამყარების მცდელობა საუკეთესო დასაწყისია ერთმანეთთან საუბრის დასაწყებად. გვჯერა, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მცდელობა, არამედ ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა – თუ თქვენ ეს გსურთ. თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ხაზის გასწვრივ უზრუნველყოს. უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველას სანაცვლოდ“ და ეს შეიძლება კარგი პროლოგი იყოს ომის დასასრულისთვის. სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დროს წაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად. უნდა განვსაზღვროთ, როგორი იქნება მომავალი უკრაინელებისა და რუსების ყველა მომავალი თაობისთვის.

თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ აზრამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქარა არ არის. ეს ფაქტებია რუსეთის ისტორიიდან, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია, ასეთ დაღლილობაზე ვიმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ომი შეაჩეროთ. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. დიდება უკრაინას!“

თეგები: ვლადიმერ პუტინივოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved