ამერიკულმა კომპანია Novavax-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. კომპანიის მტკიცებით, პრეპარატის ეფექტიანობა COVID-19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს და ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, Novavax-ი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ საუბარი მხოლოდ ინიექციის ადგილის ტკივილზეა. პრობლემები გულთან ან ტრომბები არ დაფიქსირებულა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტენლი ერიკმა განაცხადა, რომ ვაქცინის პირველი დოზები დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გადანაწილდება, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესს გაააქტიურებს.
წყარო – იმედი
კომენტარები