„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დღეს გირაოს გადახდის ვადა ეწურება. ოპოზიციონერი ლიდერი თანხის გადახდას არ აპირებს.
მელიას თქმით, თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც პროკურატურაში ინახება, თუმცა, როგორც პროკურატურამ განმარტა, აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. უნიკალურ კოდზე აპელირება კი, მმართველი გუნდის შეფასებით, იმის მანიშნებელია, რომ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ, გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადონ.
თუ 20 ივნისის საქმეზე დაკისრებული გირაოს პირობების დარღვევისთვის, ანუ ელექტრონული სამაჯურის თვითნებური მოხსნისთვის გაზრდილი თანხა დათქმულ ვადაში არ დაიფარება, პროკურატურა ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის საკითხს დააყენებს. მანამდე კი პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით უნდა მიმართოს.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.
5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.
კომენტარები