დამანგრეველი წყალდიდობიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში მაშველებმა ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ცოცხალი გამოიყვანეს.
მაშველებს გვირაბიდან ადამიანების ხმა პარასკევს დილით მოესმათ, ხოლო ერთ-ერთმა გადარჩენილმა მათ უთხრა, რომ შიგნით სხვა ადამიანებიც ცოცხლები არიან.
ორივე მუშა კატმანდუს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის დაზიანებები, გარეგნული დათვალიერებით, მძიმე არ არის, ხოლო მეორე მუშა კიდურებს ვერ ამოძრავებს.
ნეპალის დამოუკიდებელი ენერგომწარმოებლების ასოციაციის მონაცემებით, Trishuli 3A-ს ჰიდროელექტროსადგურზე 557 მუშა კვლავ დაკარგულად ითვლება. მათგან დაახლოებით 115, სავარაუდოდ, მთავარ გვირაბშია ჩარჩენილი.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნეპალში დაკარგულად ჯამში 900-მდე მუშა ითვლება ქვეყნის დაახლოებით 12 ჰიდროენერგეტიკული პროექტიდან. მაშველები რამდენიმე ობიექტზე მუშაობას განაგრძობენ.
ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 26 აგვისტოს სტიქიას, სულ მცირე, 1 287 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5 000-ზე მეტი დაკარგულად ითვლება











კომენტარები