კიდევ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლური აღდგომის უქმეების დროს და პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე – ასე გამოეხმაურა ეუთოში ამერიკის ელჩი, ჯეიმს გილმორი უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, ეუთოს ონლაინ შეხვედრაზე.
ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სოფელ ტახტისძირთან ბორდერიზაციის პროცესის განახლების გამო. მისი თქმით, ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე, დაძაბულობას ზრდის.
“შეერთებულ შტატები ღრმად არის შეშფოთებული ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობოთ მოქმედმა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა, განაახლეს აგრესიული და ინტენსიური ბორდერიზაციის პროცესი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ, სოფელ ტახტისძირის მახლობლად. კიდევ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლური აღდგომის უქმეების დროს და პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე. ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის უკანონო “ბორდერიზაციის” ქმედებები და გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, გამანადგურებელ გავლენას ახდენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – განაცხადა ელჩმა.
17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.
კომენტარები