კრეისერ “მოსკოვზე” 500- ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან საავადმყოფოში მხოლოდ 200-მდე მეზღვაურია გადაყვანილი – ამის შესახებ გამოცემა The Insider-თან წვევამდელი მეზღვაურის, იეგორ შკრებეცის დედა საუბრობს.
ეგორ შკრებეცი კრეისერ “მოსკოვზე” მზარეული იყო და იქ სამხედრო სამსახური გადიოდა. მან ფიცი 14 აგვისტოს დადო. ბოლოს, დედის თქმით, შვილი მას Viber-ის საშუალებით 9 აპრილს ანონიმური ნომრიდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ კავშირზე ვეღარ გავიდოდა.
“ყველა დამწვარ ბავშვს ვუყურებდით. ვერ გამოვხატავ რამდენად რთულია, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ჩემი შვილი. იქ მხოლოდ ორასი ადამიანი იყო და კრეისერზე ხუთასზე მეტი იყო. დანარჩენები სად არიან? ყველას დავურეკეთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ”,- თქვა ირინა შკრებეტსმა.
რუსი მეზღვაურის დედის თქმით, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიების გაცნობა სურდა, თუმცა სიები არც ერთ დეპარტამენტს არ მიუწოდებია.
“ჩვენ წავედით ქვედანაყოფში, მეთაური გამოვიდა განყოფილებაში, ასწია ხელები და თქვა: ”არაფერს გეტყვით”. ვკითხე, “სად არის ჩემი შვილი?” და მიპასუხა “სადმე ზღვაში”… ეს მეთაურები გემზე არც კი იყვნენ. ამის შემდეგ ჩვენ მივედით სევასტოპოლში FSB-ში, სადაც ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა – ისინი იდგნენ ღობის უკან, ჩემმა ქმარმა დაიყვირა, რომ გამოსულიყვნენ. არც კი გამოვიდა, გისოსებს მიღმა ხელები ჯვარედინად აჩვენა, ნახვამდის, სულ ესაა. ეს არის საზღვაო ფლოტის და სევასტოპოლის FSB-ის სამსახური”, – თქვა დაკარგული მეზღვაურის დედამ.
ცნობისთვის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი “მოსკოვი” 14 აპრილს ჩაიძირა. მოგვიანებით, პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრეისერ “მოსკოვს” 2 უკრაინული “ნეპტუნი” მოხვდა.
კომენტარები