აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსები მიიღებენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მას კათოლიკურ ტაძრებში ზიარებაზე უარს ეტყვიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს პირადი საკითხია და მე არა მგონია, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციამ ყოველწლიურ ყრილობაზე მხარი დაუჭირა კათოლიკეების ზიარების საკითხების მარეგულირებელი ინიციატივის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც აბორტების მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის ჯო ბაიდენი ზიარებას ვერ შეძლებენ. ამერიკული მედიის ცნობით, საკითხმა ეპისკოპოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობამ (168 მომხრე, 55 წინააღმდეგი) წინადადებას მხარი დაუჭირა.
საბოლოო კენჭისყრა კი ნოემბერშია დაგეგმილი. ამის შემდეგ დოკუმენტი ვატიკანმაც უნდა დაამტკიცოს, რის გაკეთებასაც, ამერიკული მედიის ცნობით, წმინდა საყდარი არ აპირებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადებას, მინიმუმ გადადებს.
კომენტარები