საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სურვილია, სააკაშვილის რეაბილიტაცია უცხოეთში გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული.
გიული ალასანიას თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაყვანის წინააღმდეგია.
„ინტერესის გათვალისწინებით, მე გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, მივიღე ისეთი რისხვა, შენ მე ვინ გგონივარ, მე აქ რისთვის ჩამოვედი, ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა ეს ჩემგან. გამოირკვა, რომ აქვს ძალიან ხშირი თავის ტკივილები, თითქმის არ აქვს ძილი, აქვს საშინელი კუნთების ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები. რაც დავინახე კიდევ, ის არის, რომ მაინც ურჩევნია, იწვეს. გადმოხოხდება, დაჯდება სკამზე და მერე, ცოტა ხანში, ისევ მიდის საწოლში. რეაბილიტაცია აღარ მიხსენებია. გაცვლაზე რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, უკვე ხმა აღარ ამომიღია. მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო და დამიბრიალა თვალები. ლაპარაკში რომ გაირკვა, სიმპტომები აქვს, ჩემი აზრი და სურვილია რეაბილიტაცია საზღვარგარეთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებაზე, ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით.
„არაფერია გამორიცხული, არ ვიცი, მე ვერ დავსვამ დიაგნოზს. დღეს აღარ გვილაპარაკია ამ საკითხზე. რამდენადაც ვიცი, ექიმი მაინც ჩამოვა, რომელი არ ვიცი. ჩამოვიდა ქალბატონი ლომჯარია და არის კომისია, რომელიც მისი შექმნილია, ისინიც მივლენ და თავის დასკვნას დადებენ. იმედი მაქვს, ამის შემდეგ რაღაც გაუმჯობესება იქნება.
ჩემთვის აქ მოსვლა აუცილებელია, მისთვისაც აუცილებელია ჩემი სიარული. ძალიან ძნელია მისთვის ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან რაც მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ხან სვანეთში იყო; უცებ, მეორე წუთში გავიგებდი, რომ სადღაც ძალიან შორს. ერთხელ ზრდილობისთვის ვკითხე, უბრალოდ, არ იღლები-თქო და მაგაზე მივიღე მაშინაც რისხვა. რას ნიშნავს ვიღლებიო; ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. დინამიური ცხოვრების შემდეგ, უცებ ამ გამოკეტილ მდგომარეობაში, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა გიული ალასანიას ჰკითხეს, როგორც დედა, რას ეტყოდა ხელისუფლებას: „მივმართავდი, გაუშვან, რა. როგორ შეიძლება, რა. რისთვის, ვერ გავიგე. რატომ ჰყავთ გამოკეტილი. რომელი დანაშაულისთვის, არც ერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად ეს იმათ იციან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი საერთოდ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
კომენტარები