“გამიშვეს ექიმთან, რომელმაც ანალიზს რომ დახედა, თავი გადააქნია, პაციენტი დაიღუპა, ხოო? მე ვარ-მეთქი ეგ პაციენტი, არც ის იჯერებდა… სამჯერ ამოიღო ექიმმა ჩემი ანკეტა გარდაცვლილთა სიებიდან…”
შაბათს თემურ თათარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიაში კონცერტის ჩატარება სურდა, მაგრამ ჩაუშალეს კონცერტი.
დავიწყე ინფორმაციის მოძიება იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან, ასე დავურეკე ლანას, რომელსაც წელიწადზე მეტი იქნება, რაც ვიცნობ სოციალური ქსელიდან…
– თამო, კონცერტზე რო არაფერი ვიცი? რომ არც გაგვიგია, იცი? მაგრამ გავიკითხავ…
– რა გენაღვლება, რად გინდა თათარაშვილის კონცერტი, შენ ლამაზი ფოტოების გადაღება გირჩევნია მაგის კონცერტს, ვიცი… როდის ჩამოდიხარ?
– ჯერ ვერა, ვალს მოვრჩები და მერე პატარა სახლის ფული მინდა დავაგროვო, ხომ იცი, ტყეში მინდა სახლი, მერე ჩამოხვალ, ქათამს დაგიკლავ, მჭადებს დაგიცხობ… ჩემს ქმარსაც ვაგუებ, ნელ-ნელა…ქმარი გყავს?
– კი, აბა…
ანუ, ქმარს აგიჟებ ახალ-ახალი ფოტოებით (გასაგები მიზეზების გამო, ფოტოებს არ ვბეჭდავთ)…
– ასე გამოდის (იცინის)
-როგორ გაგიშვა?
– ბოლომდე არ ეჯერა, სანამ ბილეთი არ ვიყიდე, ეგონა ვხუმრობდი, ბილეთი რომ ვაჩვენე, უკვე მეორე დღეს მოვფრინავდი…
– შვილები?
– ოთხი შვილი მყავს… უფროსი 24 წლის…
– მაგიჟებ, ხო? თავად გავხარ 25 წლისას… იტალიელი ბებიაც ხომ მატირე…
– ხო, ჩემს ხელში დალია საწყალმა სული… ახლა ბაბუას ვუვლი, იგივე ოჯახში, დავდივართ ასე, ორივე კიბოიანები და მეხუმრება, შენ რომ ლოცულობ და გშველის, მე რომ ვლოცულობ – ჩემზე რატომ არ ჭრისო…
(ისევ იცინის და მგონია, „ორივე კიბოიანები ვართ“ მომესმა… მეც ვიცინი თამამად…)
– ორივე რა ხართ?
– კიბოიანები…
-შეენ?
– ოჰ, ახლა კი არა, 6 წელია უკვე, გაშლილია მთელს სხეულში, მარა არ ვკვდები… ლეიკემია მაქვს ბოლო სტადია…
-შენ რა მოგკლავს, გურული ხარ… (ტირილი მინდა, მაგრამ მაინც ვიცინი…)
– ერთხელ მოვკვდი, მაგრამ სანამ ბალზამირებას გამიკეთებდნენ, მანამდე გავცოცხლდი, კიდევ კარგი…
– არადა, თემურ თათარაშვილის კონცერტის გამო დაგირეკე…
– ხოოო და კინაღამ გასვენებაში მოხვდი, ხოოო? (ისევ ისე იცინის, გადამდებად)
– როდის მოხდა?
– ექვსი წლის წინ… როცა პირველად გავხდი ცუდად, პირველი რაც მითხრეს, გემოგლობინი მქონდა 22 – ძალიან დაბალი, მერე გავიგეთ, რომ ლეიკემია მაქვს, გავყიდეთ რაც გვებადა, ვისესხეთ ფული, რაიონის ყველა სკოლა მიგროვებდა ფულს, იმ წელს ბავშვები ექსკურსიაზე არ წავიდნენ და ექსკურსიების ფულს მიგზავნიდნენ… სახსრებიც რომ ამოგვეწურა და იმედიც, ექიმმა ჩემს ქმარს უთხრა, სახლში წაიყვანე, ვერაფერს ვეღარ ვუკეთებთ და სახლში მაინც მოკვდებაო.
სანამ ჩემი ქმარი მანქანას მოიყვანდა, იქვე ახლოს ჩემი სოფლის ექიმი ცხოვრობდა და იმასთან გადამიყვანეს სახლში, მახსოვს, იმ ექიმს შვილმა უთხრა, აქ რომ მოიყვანე, არ გეშინია, რომ ჩვენს სახლში მოკვდესო? – მე კი მესმოდა, არადა (იცინის)… სახლში რომ მიმიყვანეს, ხალხი მოდიოდა გამოსამშვიდობებლად, ყველა მოსმენილი მაქვს, ვინ როგორ მიტირებდა, ვინ რას მეტყოდა, გონზე ვიყავი, მესმოდა ჩვეულებრივად. სახლში წყალი არ გვქონდა და აბაზანა, ზაფხული იყო თან, ეზოში გაიტანა ჩემმა ქმარმა რკინის ლოგინი და დამბანდნენ, გამომიცვლიდნენ, დამაწვენდნენ, უფრო ადვილი იყო. ცუდად ვარ-მეთქი, მითქვამს და მერე აღარ მახსოვს.
– გვირაბში იყავი?
– არანაირი გვირაბი და არანაირი შუქი… არაფერი მინახავს, არც არაფერი გამიგონია, მხოლოდ შეგრძნებების მახსოვს, საოცარი სიმსუბუქე და მერე ვერ ავხსნი… შვილის სიყვარული ხომ იცი? აი, პირველად რომ შვილს მოგიყვანენ და მკერდზე დაგიწვენენ, ხომ იცი რა შეგრძნებაა? იმაზე უფრო ძლიერი და იმაზე უკეთესი განცდა გგონია რამე იყოს? აი, გეუბნები იმაზე ძლიერი განცდა იყო… მას მერე აღარ მეშინია, აღარც სიკვდილზე ფიქრის და მეცინება კიდეც გულში, როცა გარდაცვლილს ტირიან…
– არ მაინტერესებს, მე რომ მოვკვდები, სიცილით მოსვლა არ გაბედო, უნდა მიტირო…
– შენ რო მოკვდე, წკეპლით მოვალ და აგიჭრელებ გვერდებს, ჩემზე ადრე რომ გაბედო სიკვდილი…
– ხო, მკვდარიც არ დამინდო… რომ გაიღვიძე?
– ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება, დისკომფორტი, თითქოს სადღაც გტენიან და არ ეტევი და იქ გინდა ისევ, სადაც ასე კარგად იყავი… თვალი გავახილე, უკვე „ზალა“ დაცლილი იყო და ტახტზე ვიწექი, თავზე ჩემები მადგნენ, მაგრამ იმ მომენტში ვერ აღვიქვამდი, რომ ჩემები იყვნენ, თავზე მედგნენ ადამიანი მარიამი, ადამიანი გოჩა და ადამიანი მათე…. ვერ აღვიქვამდი, რომ ეს ჩემი ოჯახი იყო, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ…
– დიდხანს გასტანა?
– მიჭირდა კარგა ხანს, ახლაც გამომყვა, ყველა ადამიანი ჩემი დაა და ჩემი ძმაა, ასე მგონია… სამ თვეში მითხრეს, რომ ჯერ კიდევ სიკვდილამდე მამა იოანემ დაგიბარა, სამჯერ მოვიდესო…
– დაგიბარა?
– ეგ ცალკე დიდი ისტორიაა. მე რომ ასე ცუდად ვიყავი, ჩემს მოსწავლეებს (მასწავლებლად მუშაობდა, – თ.კ.) სახლში უთქვამთ, ლანა მასწავლებელი ძალიან ცუდადააო და ერთ ქალს, დარეჯანს, რომელსაც ასევე ახლობელი ჰყავდა ცუდად, მამაოსთვის გადაუცია მძიმე ავადმყოფთა სია და ბოლოში ჩემი სახელიც მიუწერია – ლანა… მამა იოანეს უთქვამს – თამარს უთხარი სამჯერ მოვიდეს ჩემთანო… თამარი ვინ არისო, გაჰკვირვებია დარეჯანს, მანდ თამარი არ წერია, ლანა წერიაო… თამარუშკას უთხარი, სამჯერ მოვიდეს ჩემთანო – გაუმეორა მამაომ. მამაო, ძალიან ცუდადაა, გადადებულია, ვერ მოვაო… ვიცი მის განსაცდელზე და ასე გადაეცი, სამჯერ მოვიდესო… მოვიდა დარეჯანი, რომ გაიგო, მოვკვდი და გავცოცხლი და მომიყვა, ასე იყო, მაგრამ თამარს გეძახდაო, ჩემი ნათლობის სახელია თამარი… გამიკვირდა, ვითხოვე წავეყვანე, ამ დროს, თუ წამომაყენებენ, ცოტა ხანი ვდგები ფეხზე, ჩემით წამოდგომა ჯერ არ შემეძლო. მივდივარ და ვფიქრობ, იმ კაცმა სამი თვის წინ დამიბარა, როგორ ავუხსნა და გავაგებინო, სამი თვის მერე, ვინ ვარ…. შევდგი ფეხი თუ არა და გამარჯობა თამარო, მომესალმა… ავტყდი, ფეხზე დამდგარმა უნდა მოვუსმინო პარაკლის-მეთქი, ამპარტავანი რო იქნები ადამიანი, შენით სკამიდან ვერ დგები, რა ფეხზე დამდგარმა უნდა მოუსმინო… ვგრძნობ, რომ ძალიან მიჭირს და მალე დავეცემი, არც მოტრიალებულა მამაო, არც შემოუხედავს, ისე უთხრა გვერდით ერთს, თამარს სკამი მიუტანეთო… უკვე ბოლოსკენ რომ მივიდა, აი, ოლარი რომ უნდა გადაგაფაროს თავზე, მაგ დროს მითხრა, აბა, თამარ მოდიო და უცებ ჩემით წამოვდექი სკამიდან, პირველად ბოლო თვეების მანძილზე…
– სამჯერ მიხვედი?
– რა სამჯერ, ძალიან ბევრჯერ მივედი მერე. ქუთაისში იყო და იქ ჩავდიოდი.
– ახლა სადაა?
– ახლა თბილისშია, პეკინის 6 ნომერში.
– ექიმმა რაო?
– ოო, ექიმმა სამჯერ ამომიღო მკვდრების სიიდან, რომ მივედი ქიმიოთერაპიისთვის, გაგიჟდა, მიცვალებულების საბუთებიდან ამოიღო ჩემი ანკეტა და დავიწყე კურსი, მაგრამ ფული არ მეყო და ვეღარ მივიყვანე ბოლომდე, აღარ მივედი, მერე ორ წელიწადში კიდევ მივედი და ისევ გაგიჟდა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო? ისევ მიცვალებულების საბუთებიდან დააძრო ჩემი ანკეტა… ახლა შარშან ჩემს მეგობარს ვთხოვე, მიდი-თქო, საბუთი დამჭირდა და უნდა გამოერთმია, ჩემი სახელი რომ გაუგონია, არ მითხრათ ახლა, ეგ ისევ ცოცხალიაო (ისევ ისე იცინის და მეც იძულებულს მხდის, გავიცინო)
– და იტალიაში არ მკურნალობ?
– აქ თავიდან არ ვმკურნალობდი. სადაც ვმუშაობდი ბებიის მომვლელად, იმ ოჯახს ზუსტად ჩემი დიაგნოზით შვილი ჰყავდათ ავად, ერთ თვეში გარდაეცვალათ… ერთხელ ვინერვიულე და როცა ვნერვიულობ ცუდად ვხვდები, წავიქეცი, ავდექი, ისევ წავიქეცი, ისევ ავდექი, ისევ წავიქეცი და სამჯერ დავეცი, მოკლედ, თავი გავიტეხე, 7 ნაკერი დამჭირდა. საავადმყოფოში სისხლის ანალიზი ამიღეს. კი ვიცოდი რაც ამოვიდოდა. გაგიჟდნენ. გამიშვეს ექიმთან, რომელმაც ანალიზს რომ დახედა, თავი გადააქნია, პაციენტი დაიღუპა, ხოო? მე ვარ-მეთქი ეგ პაციენტი, არც ის იჯერებდა.
– ოჯახმა სადაც მუშაობ, რაო?
– როგორ არ გვითხარიო, ან როგორ მუშაობო, ამ ბებიას, ავიყვანდი, დავბანდი, ვაცმევდი…
(ამასობაში კაცის ხმა გაისმა, იტალიურად უპასუხა…)
– დღეში ცხრაჯერ იპარსავს წევრს, ავიწყდება რომ გაიპარსა, ხელფასის გადახდა არ ავიწყდება, აბა, ხელფასი დაავიწყდეს და ის გადაიხადოს ცხრაჯერ, არა, მაინც და მაინც წვერის გაპარსვა ავიწყდება… (იცინის) შვილი ხუმრობს, რომ მოვდივარ თავი საავადმყოფოში მგონია, მშობელი ავადმყოფი, მომვლელი ავადმყოფიო, ზოგჯერ სიცხეს მაძლევს ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია ასეთი ავადმყოფობის დროს და თურაშაულის ვაშლივით მიღვივის მაგ დროს ლოყები (ისე იცინის და ვხვდები, ასე გააცინებდა იმ იტალიელსაც და ისიც იმიტომ ეხუმრება ასე თამამად)…
– ახლა მკურნალობ?

– ახლა ყოველ 6 თვეში 2700 ევროს ანალიზები მჭირდება და სახელმწიფო მიფინანსებს, ასევე სახელმწიფო მაძლევს ქიმიო თერაპიის აბებს, აქ უკვე “იმატინიბის” იყენებენ, გამოგიგზავნი ზუსტად კოლოფს, ათასი ევრო ღირს კოლოფი, იმასაც სახელმწიფო მიფინანსებს, საქართველოში რომელ პრეპარატსაც იყენებენ ქიმიოთერაპიაზე, იმაზე ბევრად უკეთესია, გულისრევის შეგრძნება ნაკლები აქვს და ისედაც, ყველანაირად სჯობს იმას, რასაც საქართველოში იყენებენ. შენზე მომიყევი ახლა, არ თხოვდები?
– არავინ შემიყვარდა და…
– შეგიყვარდება, გათხოვდები და იცოდე, მე ვიქნები შენი მეჯვარე… აი, თავიც დავიპატიჟე…
პირველად ვისაუბრე სიკვდილზე ასე თამამად და სიცილით… რას ვგრძნობ? – ჯერ არ ვიცი. ჯერ ისევ დაბნეული ვარ. მარტო ის ვიცი, რომ შეუცნობელია გზანი უფლისანი და ადამიანის ძალა ამოუწურავია…
აქვე უცებ ვიტყვი, როგორ გავიცანი ლანა… მყავდა მეგობრებში ფეისბუქზე უხმოდ, ხან მიკომენტარებდა, ხან მიწონებდა ნაწერს…
ერთხელაც ტელეფონის ნომერი მთხოვა, მივეცი, მეგონა რაღაც პრობლემა ჰქონდა და უნდა დაერეკა… არც ვიცოდი, მაგ დროს თუ იტალიაში იყო… დაახლოებით ორ კვირაში ამანათი მივიღე იტალიიდან, დამირეკეს და კარგა ხანს ვუხსნიდი, რომ იტალიიდან არ ველოდებოდი ამანათს… ბოტასი გამიმიგზავნა და იტალიური მაკარონი, სასუსნავები კიდევ. დაახლოებით ერთი წლის წინ, ყოფილი პროკურორის ბოტასისთვის ნასამართლეობა გახდა ცნობილი და მეც ვიხუმრე სოციალურ ქსელში: შსს, მეც მინდა ბოტასი, ზომა 38, ფერი სულ ერთია… ლანამ შსს არ დაინახა, რაც უნდოდა მარტო ის დაინახა და მართლა მიყიდა ბოტასი.
მომწერა მერე, ისიც ვიცი, რომ ძაღლები გიყვარსო… მაშინ ძალიან გამიკვირდა და დღემდე მიკვირს, როგორ ახსოვდა!
ახლა, როცა გავიგე რამდენი რამ გადაიტანა, უფრო მიკვირს. შეუცნობელია გზანი უფლისანი და ადამიანის ძალა ამოუწურავია…
თამო კეშელავა
ალია №7
კომენტარები