პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ალბათ, ზოგიერთს ჩემსავით გული გაქვთ აცრუებული ქართველ სპორტსმენებზე.
ბევრმა მათგანმა უარი თქვა საყოველთაო სიყვარულზე, პატივისცემაზე და ერთი პარტიის ნაჭუჭში გამოიკეტა. ნაჭუჭში გამოკეტვის კვალდაკვალ მათ დაიწყეს ზიზღის, უვიცობა-უტიფრობის, სიხარბის, ეგოიზმის გამოვლენა; იერიში მიიტანეს ქართულ სახელმწიფოზე, თავიანთი “ინვესტიციებით” საფრთხე შეუქმნეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს მდინარეებს…
ყველა ჩვენიანის გამარჯვება გვახარებს, მაგრამ თან უმალვე საშინელი ეჭვი გვეუფლება – ხომ არ გამოიყენებს კონკრეტული ათლეტი ჩვენს სიყვარულსა და თავის წარმატებას უკანონო მილიონებისა და დაუმსახურებელი ძალაუფლების მოსახვეჭად, ერის გასახლეჩად და დიქტატურის გასაძლიერებლად… ხომ არ იკადრებს ასგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დევივით კაცი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი მასზე ასჯერ სუსტი კოლეგისთვის ლოდივით მუშტის თავში ჩარტყმას, თან უთანასწორო ბრძოლაში უკნიდან მიპარვით (ისე მართლა რა სირხვილი და ცეროდენობა იყო).
მამაკაც სპორტსმენთა ამ გულსაკლავი უპატიოსნობისა და უბადრუკობის, სულმოკლეობის ფონზე, ამ სიბნელეში, უკუნში ქალ ფეხბურთელთა ღირსებამ გამოანათა და თვალი მოგვჭრა.
ქალ ათლეტებს არ აქვთ ნორმალური ანაზღაურება და შრომის პირობები, კაცმა არ იცის როგორ გარემოში უწევთ ვარჯიში, თამაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება… დარწმუნებული ვარ, უამრავ სიკეთეზე ამბობენ უარს, შეგნებულად ირჩევენ რთულ გზასა და განსაცდელს, რათა საყვარელი საქმე აკეთონ და ფეხბურთი ითამაშონ.
ნაცვლად იმისა, რომ ხელს ვუწყობდეთ გოგოების თავდადებასა და იდეალიზმს, ხაზს ვუსვამდეთ მათ წვლილს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და გავრცელებაში, ქალი სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ვერ ვახერხებთ – ხან რომელიღაც მდაბიო ბედავს და მათ გასახდელებთან თუ გასახდელში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებს (მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების ჩასაწერად), ხან რომელიღაც მდიდარი პერვერტი თავს უფლებას აძლევს სასტიკად მოეპყრას ჩვენებს… უმოქმედო სახელმწიფო და დადამბლავებული ფედერაცია ამ განსაკუთრებული, სამაგალითო ადამიანების ბედს ტოქსიკურ “ფულის ტომრებს” მიანდობს ხოლმე და ყველაფერზე ხელს იბანს.
შეიძლება მთავრობა, სასამართლო და ხალხი ვერ ახერხებს ჩვენი ფეხბურთელების ჩაგვრისა და შევიწროვებისგან, სხვადასხვა ფორმის ძალადობისგან დაცვას, მაგრამ ქალებს თავად შეუძლიათ მოქმედება, ისინი ოსტატურად იყენებენ ღმერთის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარ უძლიერეს იარაღს – სოლიდარობას!საქართველოს სპორტის ისტორიაში და არამხოლოდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერება ის უპრეცენდენტო მოვლენა, სოლიდარობის უძლიერესი აქტი, რომელსაც ამ დღეებში ვადევნებთ თვალს.“ლანჩხუთმა” უარი თქვა ქულებზე, საჩემპიონო ამბიციებზე და სახელმწიფოს, ფედერაციის მიერ მიჩუმათებული უსამართლობა, 20 წლის ქალის განადგურების მცდელობა ხმამაღლა გააპროტესტა. მათ მატჩი ჩაშალეს, მაგრამ ყველა ჩვენგანი გამოგვაფხიზლეს და გვითხრეს: “მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა”.
ლანჩხუთელთა პირველ სიტყვას გამოძახილი მოჰყვა საქართველოს ყველა კუთხეში, ლანჩხუთელთა პროტესტს შეუერთდნენ ბათუმელები, ხობელები, კვარტლელები…მთელი დღე ვკითხულობდი სიტყვებს, რომელთაც ჰესის მაშენებელი, ტრაილერების დისპეჩედებად და ქვა-ღორღის მაგნატებად ქცეული, პარლამენტში, მერიასა და პრეზიდენტში დაწინაურებული “პატარებისგან” ვერ გაიგონებთ:“ფეხბურთი ვერ იქნება ადგილი, სადაც შედეგი ადამიანის ღირსებაზე მაღლა დგას”.
“პატიოსნება, ერთიანობა, ღირსება – ესეც გამარჯვებაა. ფეხბურთი იმაზე მეტია, რასაც სტადიონზე ხედავთ”.
“ვგმობთ ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გოგო ფეხბურთელების ღირსებას, უსაფრთხოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება … ქალთა ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე… სპორტული შედეგები და ქულები ვერასდროს იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებებია.”
“როგორ შეიძლება ყველა და ყველაფერი ფულით იყიდო… როგორ შეგიძლიათ, უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში?? … სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართლს, თორემ დღეს ფულს ვერ აჯობებ… ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.
არა ძალადობას! ამაყი ვარ, რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ, სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა.“ამ შესანიშნავმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩაგვრისგან გათავისუფლების გზაზე, განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლაში, კაპიტალის მიერ დაპყრობილი საერთო სივრცეების უკან დაბრუნებისთვის დაწყებულ ლაშქრობაში ჩვენ (პატიოსანი მოქალაქეები, მათ შორის მემარცხენეები ) მათი თანამზრახველები ვართ.
ქალებო, დიდი მადლობა სახელმძღვანელოებში შესატანი პრეცენდენტისთვის, მასწავლებლობისთვის და განსაკუთრებული კულტურის, უშიშარობის გამოვლენისთვის.











კომენტარები