ლიეტუვაში 5 მილიონი ევრო შეგროვდა უკრაინისთვის თურქული წარმოების ბაირაქტარის შესაძენად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თქმით კი, თურქეთმა გადაწყვიტა, უფასოდ გაიღოს უპილოტო საფრენი აპარატი.
“დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. გასაოცარია”, — წერს ის.
ანუშაუსკასის თანახმად, შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს ბაირაქტარში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენენ, დარჩენილი ფულით კი ასევე უკრაინას დაეხმარებიან.
ლიეტუველმა ტელეწამყვანმა, ანდრიუს ტაპინასმა, 25 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბაირაქტარის საყიდლად თანხის შეგროვებას იწყებდა. მან სრული თანხა 3 დღეში შეაგროვა.
შეგახსენებთ, რომ თურქული წარმოების Bayraktar TB2 დარტყმის უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ წარმოებულ ომში აქტიურად გამოიყენეს. ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.
კომენტარები