2 თვის წინ, გამოცემა მოზაიკა წერდა, რომ ქარელელმა ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა, საქართველო დატოვა. პირად საუბრებში მედიას მაშინ უთხრეს, რომ ფერმიდანაც კი დაითხოვა ხალხი და მშენებლობაც კი შეაჩერა.
“მოზაიკას” ინფორმაციით სლავა შერაზადიშვილმა საქართველო აგვისტოში დატოვა. ამჟამად ის სლოვაკეთში იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერებს დაბალი კონკურენციის პირობებში და მარტივად იგებდა მისი კომპანია, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე არაერთი მასალაა მომზადებული. მაგალითად:
- “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქარელში შესრულებულ სამუშაოებიდან 3 თვეში, რეაბილიტირებულ საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს.
- არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებელს საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა.
- უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ.
- ვადაგადაცილებით აშენდა ქარელის აუზიც, რასაც მაშინ ქარელის მერია ასე ხსნიდა, “აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. ასეთი რამ ნებისმიერი მშენებლობის დროს ხდება”.
“ძლევიჯვარში ფერმა დავათვალიერე. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500 მდე საქონელია. ინვესტორი გვესაუბრა განხორციელებულ ინვესტიციაზე რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახელესი სტანდარტების ტექნიკით“, – წერდა ფეისბუქ გვერდზე ირაკლი კობახიძე.
გამოცემისვე ცნობით, ბიზნესმენმა ქარელის მუნიციპალიტეტში ორ მილიონამდე ლარი დახარჯა. “პარტიის საარჩევნო შტაბში დადიოდა და ყველამ იცის, რომ ხალხს სწორედ მისი ფული დაურიგეს“, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პირი, ვისაც ინვესტორს უწოდებდა კობახიძე და “ინვესტიციისთვის” და 200 ადამიანის დასაქმებისთვის მადლობას ეუბნებოდა, უბრალოდ გაიქცა ქვეყნიდან, ფერმა დახურულია, ის 200 ადამიანი უმუშევრად დარჩენილი და რაც შეეხება პატივცემული “ინვესტორის” ქონებას, აღმოჩნდა, რომ მისი დიდი წილი, ტენდერებიდან მიღებულ შემოსავალზე, ანუ ხალხის ბიუჯეტზე იდგა. ბიუჯეტიდან თუ მილარდს და მეტს გადაუხდიან, ნებისმიერი გლეხი გააკეთებს ასე ფერმას, სადაც 200 ადამიანს დაასაქმებს.
დღეს, ტვ პირველმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლავა შერაზადიშვილმა ქვეყანა დატოვა. შაბათის ეთერი საუბრობს მილიარდ 455 მილიონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მათ შორის “ბიზნესმენის კომპანიამ პირდაპირი მიყიდვის წესით ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან 94 მილიონზე მეტი მიიღო” – ამბობს მედია.
ტვ პირველის ცნობით, ბიზნესმენი დაკავების საფრთხის გამო წავიდა. ძლევიჯვარში, პირად საუბრებში ამბობენ, მას ფულის მიტანა სთხოვეს.
ქვეყნიდან წასული ბიზნესმენი შერეზადიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის და სახელმწფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. ჩუბინიძე ადასტურებს რომ მილიარდ ნახევრიანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა ქვეყანა დატოვა.
ანზორ ჩუბინიძე არ უარყოფს, რომ მისი მეგობარ ბიზნესმენს ოცნების ძალოვანებთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩუბინიძე არ ამბობს ,გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები “საბა კონსტრაქშენის” დამფუძნებლის ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი.














კომენტარები