კიკეთში, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო გადაადგილებაც აღდგა.
არსებული ინფორმაციით, 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ხოჯევანიშვილების ოჯახში 54 წლის კაცი მივიდა, რომელმაც 6 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები. პირველადი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ფინანსური საკითხი გახდა.
ერთ-ერთი დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 5 ადამიანია მოთავსებული. მათგან ორი ქალია. დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილთა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეჭვმიტანილის აყვანა საგამოძიებო უწყებამ ცხელ კვალზე შეძლო. მისი ავტომობილი კუს ტბის ასახვევთან იპოვეს. ადგილზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
საგამოძიებო უწყება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მუშაობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
კომენტარები