ნანა სულავა
„ალია“ განაგრძობს ნაც-ქოცების კოჰაბიტანტური ხელისუფლების მხილებას. ამჯერად ნაცებისა და ქოცების სამიზნე გახდა კასპის რაიონის ორი ისტორიული სოფლის – წინარეხისა და ქვემოჭალის მიწები. ნაცებმა დაიწყეს გაყიდვა, ხოლო ქოცებმა გააგრძელეს და დაასრულეს. წინა კვირას სოფელ წინარეხში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის ჩასატარებლად ორი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა.
ქვათახევის მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან იქვე, ერთ კილომეტრში, მდებარე ისტორიული სოფლების მიწებს ეგვიპტელ არაბებზე ყიდან. ეს ის ადგილია, სადაც 38 ქრისტიანული სალოცავია, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნის უნიკალური აფთიაქია, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია. აქ ილია ჭავჭავაძის მიერ 1882 წელს გახსნილი სკოლაა. საქართველოში მხოლოდ სამი ასეთი სკოლაა, სადაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები – დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ დოდაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები მოღვაწეობდნენ… „ალიას“ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი ნელი მამასახლისი ესაუბრება:
-ყველა ტელეარხს მივმართე, რომ მოსულიყვნენ, რათა სიუჟეტი გაეკეთებინათ, გადაეღოთ, თუ რა ხდება ჩვენს სოფლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ მოსულა. 30 წელია, ყველა მიტინგსა და აქციაზე ვდგავარ, რათა დავიცვა ჩვენი ხალხის ეროვნული და სოციალური ინტერესები. ახლამინდა ქრონოლოგიურად გადმოგცეთ, რა მდგომარეობაა წინარეხში. კატაულაში, ასე ეძახიან ჩვენთან იმ ადგილს, სადაც უნიკალური ქვა მოიპოვება, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაიწყეს თხრა, როცა მოქალაქეთა კავშირი იყო, მას მერე თხრიან, იღებენ ქვას და გააქვთ. ჩვენ, სოფლის მოსახლეობას, გვინდოდა იჯარით აგვეღო ეს ადგილი, მაგრამ ვინ დაგვანება?! სააკაშვილის რეჟიმის დროს უფრო მოუხშირეს თხრას და ეზიდებოდნენ და ეზიდებოდნენ ქვას.
-ვინ აწარმოებდა სამუშაოებს?
-ამბობენ, რომ დღეს ეს კეზერაშვილის საკუთრებაა. 9 წელი ვებრძოდი ნაციონალურ რეჟიმს. 2012 წელს, როცა შეიცვალა სააკაშვილის ხელისუფლება, ვფიქრობდი, კატაულას მივხედავ-მეთქი, მაგრამ წინარეხის გამგებლად დაინიშნა ნაცი ზაზა მარჯანიძე. პირველი, რაც მოხდა „ოცნების“ პირობებში, უნდა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონი გამოიყო სოფლის წყლით მომარაგებისთვის, მაგრამ ნახევარ სოფელს წყალი არა აქვს. ერთი სიტყვით, ყველა ხელისუფლება, „მოქალაქეთა კავშირიდან“ დაწყებული, „ნაცებით“ და „ქოცებით“ დამთავრებული, დაინტერესებული იყვნენ და არიან მხოლოდ მიწების გასხვისებით. „ქოცების“ დროს „ნაცებმა“ ისევ თავიანთი კანდიდატურა მოიყვანეს. შემდეგ, 2012 წელს, რწმუნებულად „ნაცების“ დეპუტატის ია ირემაშვილის კანდიდატურა ესტატე აბულაძე დაინიშნა, რომელიც უკვე ამდენი წელია თანამდებობაზეა, მაგრამ ჩვენს საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს. მას მოსახლეობამ კარებიც კი აუჭედა. სოფლის საძოვრებს შეეცვალა სტატუსი და დაარქვეს სასოფლო-სამეურნეო მიწა. მერე ისევ შეუცვალეს სტატუსი და არასასოფლო-სამეურნეო დაარქვეს. მოკლედ, ოცნებამ ორჯერ შეუცვალა საძოვრებს სტატუსი. როგორც აღვნიშნე, ესტატე აბულაძე ნაცია. მისი ორივე მოადგილეც ნაცები არიან, კლუბის გამგეც ნაცია. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის ის, რომ წინარეხში არავითარი მშენებლობა არ განხორციელდეს. ჩვენი მოთხოვნაა, სოფლებს დაუბრუნდეს საძოვრები. ჩვენ ამაში გვიპირისპირდება 3-4 ოჯახი. იმისთვის ვიბრძვით, რომ წინარეხში არაბული სოფლები არ აშენდეს. ახლა შევიტყვეთ, რომ ქვათახევთან ახლოს, კაკლიანში, 4 ჰექტარზე მეტი მიწა გაიყიდა. 2019 წელს წინარეხის რწმუნებულმა ესტატე აბულაძემ სოფლის მოსახლეობა მოატყუა. მათ შეპირდა, რომ ააშენებდნენ სკოლასა და მოხუცთა თავშესაფარს, ტურისტულ ცენტრს, სანატორიუმს და ხალხს დაასაქმებდნენ. ამ სატყუარას მოსახლეობის ერთმა პროცენტმა მოაწერა ხელი. რწმუნებულს მაშინ არ უთქვამს, რომ სოფლის საძოვრებს შეეცვლებოდა სტატუსი, მაგრამ 2021 წელს, აგვისტოს მონაცემებით, მიწა კერძო აუქციონის წესით იყიდა ვინმე ნაცმა ბექა ჯოჯიშვილმა, შემდეგ კი 14,5 ჰექტარი მიწა მიჰყიდა შპს „რასილს“ – ეგვიპტურ ფირმას და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა ეგვიპტელი არაბი მარვა აჰმედ ალისკილანსი, ხოლო დირექტორი – მაჰმედ სამიმალვი-მუჰამედი. ერთი სიტყვით, მიწა ჯერ ვაიქართველმა ნაცმა იყიდა და მერე ეგვიპტელს მიჰყიდა. ნაცების დროს თუ პირდაპირი მიყიდვით ხდებოდა მიწების გადაცემა უცხოელებზე, ახლა, ქოცების დროს, შემოვლითი გზებით ხდება. ქართველი ყიდულობს და მერე ყიდის უცხოელზე. ეს არის „ოცნების“ შავი ხვრელი. ეს გაყიდვები მოხდა გახარიას პრემიერობის დროს. ყველა შესაბამის სამსახურს მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. ასევე მივმართეთ საპატრიარქოს და კულტურის სამინისტროს, რომ დაიცვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისტორიული ადგილები იყიდება ირანელებზე, თურქებზე, არაბებზე. ახლა ამბობენ, რომ დიდგორსაც მიადგნენ. ხმლით ვერ მოგვერივნენ და ახლა მოღალატე ქართველების მეშვეობით ხდება ქართული მიწების გასხვისება. წინარეხის რწმუნებულმა მოსახლეობა რომ მოატყუა, მოხუცთა თავშესაფარს აგიშენებთო, იმ ადგილზე ახლა შენდება „ჰოლივუდ სითი“. უკვე ტელევიზიით გაარეკლამეს.
-რა დანიშნულება ექნება წინარეხში „ჰოლივუდ სითის“?
-კინოინდუსტრიის განვითარებისთვის შენდება და ამას აშენებენ არაბები. აქ ისეთი ბუნებაა, მსგავსი, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში. კლიმატური პირობებიც კი განსხვავებულია. სხვაგან როდესაც გრიგალია, აქ ნიავია. ეს ნამვილი სამოთხეა. თქვენ სანამ აქ მოხვიდოდით, ხომ გაიარეთ ნუშის პლანტაციები? ამბობენ, ის გახარიას ეკუთვნისო. აქ არაერთხელ ამოვიდნენ ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა და გახარია. თურნავა თურმე იძახდა, „დედა, რა სამოთხეაო!“. ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. ამბობენ, 150 საცხოვრებელ ვილას აშენებენო, მაგრამ აქ არაბები არაბულ სოფლებს ვერ ააშენებენ. ვერ ააშენებენ ვერც საბავშვო ბაღებს, ვერც სკოლებს და ვერც ტურისტულ ცენტრებს. აი, ამ ვერაგულ გეგმას საფუძველი ჩაუყარა სოფლის გამგებელმა, რადგან მან მოაწერინა ხელი მოსახლეობას. არაბებს უნდათ, მთლიანად დაიკავონ ეს ხეობა. მათ 2021 წელს ჩამოაყალიბეს ფირმა „რასელი“. ეს კარგი გზა მაგათთვის გაკეთდა. ყველაფერი, რაც კი კეთდება, სოფლის გვერდის ავლით ხდება. „რასელის“ წარმომადგენელმა, ვინმე შოთა ნაჭყებიამ მე სახლში მომაკითა და იცით, რა მითხრა? რატომ ხართ ასე გაღიზიანებული, რისთვის იბრძვით, დაწყნარდით, თქვენ კარგად იქნებითო. როგორ უნდა დავწყნარდე, ცოტა ხანში შეიძლება აქ მეჩეთები და მინარეთები ააშენონ. თუ ქვათახევის მონასტერი მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული, აია სოფია მეხუთე საუკუნეშია აშენებული, მაგრამ დღეს აია სოფია მეჩეთად არის გადაქცეული. ხომ ხედავთ, ქვის საჭრელი კეზერაშვილის საკუთრებაა, ნუშის პლანტაციები – გახარიასი, საძოვრები კი – ეგვიპტელი არაბების. ეს ადგილები სულ მოხნული და დამუშავებული იყო, იმდენი მარცვლეული, ხორბალი და ქერი მოყავდათ, სოფლის მოსახლეობისთვის ყველაფერი საკმარისი იყო და გლეხიც კმაყოფილი იყო.
აქციაზე გავესაუბრე კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს ამირან შარმანაშვილს. ის წარმოშობით წინარეხიდან აღმოჩნდა. ვკითხე, როგორ აპირებენ წინარეხის გადარჩენას, რაზეც მიპასუხა: „გავაგრძელებთ პერმანენტულად საპროტესტო აქციებს. უნდა შეწყდეს წინარეხის საძოვრების გასხვისება. მე პირადად სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ“
.
წინარეხის მოსახლეობის ინტერესებს იცავს ფატი კიპაროიძე:
-წინარეხისა და ქვემოჭალის მოსახლეობამ მომმართა თხოვნით, არაბების მიერ მიწების დიდი ფართობების შესყიდვის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. მიწები შესყიდულია უპირობო აუქციონის ფორმით, ნასყიდობის ხელშეკრულების წესით და ძირითადი მესაკუთრეები არიან არაბები. მესამედი წილის მფლობელი არის ვინმე ინგა კურტანიძე. არსებულ საძოვრებს შეუცვალეს დანიშნულება და ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. შემდეგ იყიდება მიწა ნებისმიერი ფორმით და გადადის ეგვიპტური ფირმის – შპს „რასილის“ საკუთრებაში. ეს არაბული ფირმა აქტიურად აგრძელებს ქართული მიწების შესყიდვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მათ საკუთრებაშია მიწები გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, ტყიბულის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ეს საკუთრება იქ ეკუთვნის ინგა კურტანიძესა და აბდულ აზიზ აბდულაჰს. ოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ნაყიდი აქვთ მიწები. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ქვემო ქედში…. იქნებ დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები ამ საკითხით. ამჟამად მასალების მოპოვების პროცესში ვარ და აუცილებლად დავიწყებ სამართლებრივ დავას სოფლის საკუთრებაში არსებული საძოვრების დასაბრუნებლად. საძოვრები თაღლითურად აქციეს არასასოფლო სამეურნეოდ. ეს გააკეთა „ოცნებამ“.
გადავწყვიტე, კომენტარისთვის პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნინო წილოსანისთვის მიმემართა, მაგრამ, უშედეგოდ. ტელეფონით გავესაუბრე მის თანაშემწეს, ვინმე თიკოს. როგორც კი წინარეხისა და ქვემოჭალის მიწების გაყიდვის შესახებ ვკითხე, მოჭრით მიპასუხა, არ ვიცნობ ამ თემას, არ ვარ კომპეტენტურიო. ამის შემდეგ დავუკავშირდი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ლია ხუციშვილს. როგორც კი ვუხსენე ქალბატონ ლიას მიწების გაყიდვა, პასუხი არ დააყოვნა, შეხვედრაზე მივდივარ და ცხელ ხაზს დაუკავშირდითო. დავუკავშირდი ასევე კასპის რაიონის გამგებელს ვახტანგ მაისურაძეს. სიტყვა წინარეხი დამთავრებულიც არ მქონდა, რომ მომაძახა, ტყუილია, ბატონო, არავის არ გაუყიდია. შეხვედრაზე მივდივარ და მერე დამიკავშირდითო… ყველანი შეხვედრაზე მიდიან, მგონი, ერთმანეთს ხვდებიან! ბოლოს დავუკავშირდი შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ შაყულაშვილს: „ჯერჯერობით ამ თემის დამუშავების პროცესში ვარ. ვადგენ, რა არის გაცემული, რა პროექტია, ვინ გაყიდა, ვინ იყიდა, რას აშენებენ. ჩემთვის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. ახალი დეტალები ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი. კავთისხევიდან ვარ წარმოშობით. ამ მხარეს კარგად ვიცნობ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ყველასთვის მისაღები იყოს.“
კომენტარები