• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებამ სასწრაფო პოლიტიკური ზომები უნდა მიიღოს ცხინვალში უკანონოდ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
18:36 12-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის უკანონო დაკავების საქმეს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიყენოს სათანადო პოლიტიკური და დიპლომატიური ზომები მისი დროული გათავისუფლებისთვის. – განცხადებას თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის de facto უსაფრთხოების სამსახურმა 22 დეკემბერს ღამით საკუთარ სახლში დააკავა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯაშუშობის ბრალდებით, რომელიც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მედიის ცნობით, თამარ მეარაყიშვილმა 22 დეკემბრის ღამეს მის ახლობლებს შეატყობინა, რომ მის ბინაში აივნიდან რამდენიმე უცნობი პირი შეიჭრა, ცოტა ხანში კი მისი საცხოვრებელი სახლი სამართალდამცავებით გაივსო. ამის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.

სამხრეთ ოსეთის de facto გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას”. მოგვიანებით, სამხრეთ ოსეთის de facto უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ თამარ მეარაყიშვილს მედია იყენებდა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხარდასაჭერად.

თამარ მეარაყიშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა ცხინვალის რეგიონში მისი უფლებების შეზღუდვის პრობლემაზე. მან de facto პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და de facto პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვა. ის ასევე ითხოვდა ადგილობრივი უწყებებიდან პასუხს, თუ რატომ არ აძლევდნენ წლების განმავლობაში ე.წ. ცხინვალის რეგიონის მოქალაქის პასპორტს და იმ საჭირო დოკუმენტებს (საშვს), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სჭირდებოდა.

თამარ მეარაყიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან აპირებდა შიმშილობის დაწყებას “ხელისუფლების თვითნებური მმართველობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის” წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. როგორც ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიამ ტელეგრამ-არხის საშუალებით განაცხადა, პროკურატურამ იმოქმედა წინმსწრებად, რათა თამარ მეარაყიშვილის პროტესტი ჩაეხშო, რასაც, სავარაუდოდ, მოქალაქეები მხარს დაუჭერდნენ.

ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ თამარ მეარაყიშვილის 2023 წლის პროტესტზეც, როდესაც ის მარტო გავიდა ქუჩაში პლაკატით “შეაჩერე კორუფცია”. მას ჩამოართვეს ტელეფონი და დაუხიეს პოსტერი.

თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურებს ის ე.წ. “შავ სიაში” ჰყავდათ შეყვანილი და მასზე თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით არ გაიცემოდა საჭირო დოკუმენტები. შესაბამისად. ბოლო 8 წლის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა.

თამარ მეარაყიშვილი de facto რეჟიმმა მსგავსი ბრალდებებით 2017 წელსაც დააკავა, როდესაც ის საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და 16 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას, თითქოს იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობდა. de facto რეჟიმისთვის წლების განმავლობაში მიუღებელი იყო თამარ მეარაყიშვილის აქტიურობა სოციალურ ქსელებში და მედიაში, სადაც ის ადგილობრივი უწყებების კორუფციულ სქემებსა და გადაცდომებზე ლაპარაკობდა.

სწორედ ამ პროცესების დროს ჩამოართვეს თამარ მეარაყიშვილს ყველა ტიპის პირადი დოკუმენტაცია. თუმცა 5 წლის შემდეგ, 2022 წელს, de facto სასამართლომ აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული დევნა დაუსაბუთებელი იყო და საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, de facto რეჟიმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებდა თამარ მეარაყიშვილს და არ აძლევდა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტებს.

ბოლო თვეების განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი საუბრობდა, რომ მუდმივად უარს იღებდა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე ან შესაბამისი უწყებები ამ საკითხზე პასუხს არ სცემდნენ. ასევე, ქალაქ ცხინვალში მან დაიწყო საკუთარი მცირე ბიზნესი – ტანსაცმლის მაღაზია, რომლისთვისაც ტანსაცმელი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეჰქონდა. მას არაერთხელ შეექმნა ტვირთის შეტანის პრობლემა, ხოლო ბოლოს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ტვირთი de facto უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოართვა.

ამ დრომდე უცნობია თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია, ჰყავს თუ არა მას ადვოკატი. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მის შვილს. ცხინვალის რეგიონში თამარ მეარაყიშვილს ჰყავს მშობლები, რომლებიც ახალგორში ცხოვრობენ.

სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ დევნა და შევიწროება, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი უფლებების სისტემური დარღვევა ოკუპაციით გამოწვეული უფლებრივი ბარიერების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება ამგვარ საქმეებს მეტი პასუხისმგებლობითა და პროაქტიული დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომებით პასუხობდეს. აშკარაა, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც იგი ახლა გრძელვადიანი პატიმრობის რისკის ქვეშ იმყოფება.

წლებია თამარ მეარაყიშვილის ხმა ახალგორიდან პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც ახალგორში არსებული ვითარების შესახებ დანარჩენ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. იგი მუდმივად კრიტიკულად იყო განწყობილი ცხინვალის de facto ხელისუფლების მიმართ და ხშირად აჟღერებდა რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, ასევე მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციას. ის ასევე აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიტიური ვალდებულებების არასათანადო შესრულების გამო.

ამასთანავე, რეგიონში დამოუკიდებელი ქართველი აქტივისტის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დამაგრებისა და, ამავდროულად, ქართველ და ოს ხალხებს შორის ურთიერთობის და სოციალური დიალოგის მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ საქმიანობის გამო გახდა თამარ მეარაყიშვილი კიდევ ერთხელ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიმართოს ზომებს საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად და მისი დროული გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმი და გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოებას აცნობოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წლებია იცავს თამარ მეარაყიშვილის უფლებებსა და ინტერესებს. საქმესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ორგანიზაცია საზოგადოებას მომავალშიც რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved