ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
,,ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფო რესურსების უმოწყალოდ განიავებაა.
ამ მავნე პრაქტიკამ განსაკუთრებული მასშტაბი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეიძინა.
2008–2026 წლებში ყურძნის სუბსიდირებასა და ჭარბი მოსავლის სახელმწიფო შესყიდვა-გადამუშავებაზე დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის როგორც პირდაპირი სუბსიდიები, ისე სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებაზე გაწეული ხარჯები.
2008–2018 წლებში პირდაპირი სუბსიდიების მოცულობა ჯამში 175,8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2019–2026 წლებში ამ თანხამ დაახლოებით 1 მილიარდ ლარს მიაღწია.
აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
თუ პირდაპირ სუბსიდირებაში შეიძლება გარკვეული ეკონომიკური ლოგიკის დანახვა მაგალითად, მევენახეობის სექტორის დროებითი მხარდაჭერა კრიზისის პერიოდში-სახელმწიფოს მიერ უხარისხო ან ჭარბი ყურძნის მუდმივი შესყიდვა, მისი გადამუშავება და ამ პროცესზე დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა უკვე დანაშაულია. ამ გზით მიღებული პროდუქტი ბაზარზე არავის სჭირდება და “ჩაწოლილ” საქონლად იქცევა.
ეს აღარ არის უბრალოდ ფერმერის დახმარება, ეს არის სამუშაო ძალის მოცდენაც, რომელსაც შეეძლო ბაზრზე მოთხოვნადი სხვა საქონლის წარმოებაში დაეხარჯა თავისი შრომა.
ეს არის მავნე სისტემა, რომელშიც სახელმწიფო იღებს ბაზრის ფუნქციას საკუთარ თავზე: ყიდულობს პროდუქციას, რომლის რეალიზებაც თავისუფალ ბაზარზე შეუძლებელია; შემდეგ ხარჯავს დამატებით თანხას მის გადამუშავებაზე; წლების განმავლობაში ინახავს მიღებულ სპირტს და საბოლოოდ ახდენს ჩალისფასად მის რეალიზაციას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებზე( მაგ. ბიძინა ივანიშვილის ძმაზე).
ანუ ჯერ ბიუჯეტიდან ვიხდით ყურძნის შესყიდვისთვის, შემდეგ მის გადამუშავებაში, შემდეგ-შენახვაში და ბოლოს ვიღებთ პროდუქტს, რომლელსაც სიმბლურ ფასად ვყიდით და დანახარჯების მხოლდ მცირე ნაწილს ვიბრუნებთ უკან.
ამას სჯობია პირდაპირ მისცე გლეხს ფული არა ყურძნის მოყვანაში, არამედ მის არმოყვანაში. ეს უკვე სუბსიდია კი არ იქნება, არამედ სოციალური დახმარება. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ნაყოფიერი მიწისა და ჯან-ღონით სავსე ადამიანების უსარგებლო საქმეზე მოცდენა. აწარმოო ის, რაც ბაზარს არ სჭირდება, აბსურდია.
ეკონომიკაში ამას პრობლემის გადაწყვეტა კი არა, პრობლემის საბიუჯეტო ხარჯით გადავადება ჰქვია.
უფრო მეტიც, ასეთი პოლიტიკა ქმნის ცუდ სტიმულებს. თუ მწარმოებელმა იცის, რომ ჭარბ ან უხარისხო პროდუქციას საბოლოო ჯამში სახელმწიფო მაინც ჩაიბარებს, ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლიანობის ოპტიმიზაციისა და ბაზრის მოთხოვნასთან ადაპტაციის სტიმული იკარგება.
საბოლოოდ სახელმწიფო აღარ ეხმარება ბაზარს-ბაზრის ჩანაცვლებას იწყებს.
და ეს ყველაფერი გადასახადის გადამხდელის, ჩვენი ფულით ხდება.
მევენახის დახმარება და არაეფექტიანი წარმოების სუბსიდირება ერთი და იგივე არ არის.
პირველი შეიძლება იყოს აგროპოლიტიკის დროებითი ნაწილი. მეორე კი ქმნის დამოკიდებულებას სახელმწიფოზე და საბოლოოდ თავად აგროსექტორს ასუსტებს.
ამიტომ ყველა, ვინც ამ სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს-მევენახეების ხმების მოსაპოვებლად, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მინისტრი თუ დეპუტატი-პრობლემის გადაჭრას კი არ ემსახურება, არამედ პრობლემის გახანგრძლივებას.
განსაკუთრებით უცნაურია ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები სუბსიდიის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ და ახალი, პოპულისტური სქემების შეთავაზება.
რატომ? იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკა საბოლოოდ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური კაპიტალის შექმნის მექანიზმად მუშაობს.
ხელისუფლება ზრდის სუბსიდიას, გლეხი იღებს ფულს და პოლიტიკური დივიდენდიც, ბუნებრივია, იმასთან მიდის, ვინც ფული გასცა.
არავის ახსოვს, რამდენიმე თვის წინ რომელი ოპოზიციონერი რას ამბობდა. ყველას კარგად ახსოვს, ვინ მისცა ფული.
ამიტომაც რთველთან დაკავშირებული დღევანდელი პროტესტები, როგორი გულწრფელიც არ უნდა იყოს მონაწილეთა მოთხოვნები, ამავე სისტემის კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება.
სცენარი მარტივია: ხელისუფლება ამოიღებს დამატებით ფულს ბიუჯეტიდან, ცოტას მოუმატებს ყურძნის შესასყიდ ფასს, პრობლემა ერთი წლით გადაიწევს და მევენახეების ნაწილიც მადლიერი დარჩება.
შემდეგ წელს კი ისევ იგივე. და ისევ. და ისევ.
ასე იყო და ასე იქნება, სანამ ყურძნის სუბსიდირების პოლიტიკა პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად პრობლემის დაფინანსებას ემსახურება.
ქვეყანას სჭირდება არა მუდმივად მზარდი სახელმწიფო ჩარევა, არამედ ისეთი აგროპოლიტიკა, რომელიც გაზრდის ხარისხს, პროდუქტიულობას, გადამუშავების ეფექტიანობასა და კერძო ბაზრის შესაძლებლობას, რომ მევენახეს პროდუქტის რეალური ღირებულება გადაუხადოს.
სხვაგვარად, ყოველწლიურად ერთი და იგივე ეკონომიკურ პრობლემას უბრალოდ უფრო დიდი თანხით “ვაგვარებთ”, თანხით, რომელსაც ხელისუფლება ჩვენი ჯიბიდან იღებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.“











კომენტარები