ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი და ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ქართველი ხალხის აშკარა მოთხოვნაა, რომ მესამე საარჩევნო ვადით, არც ერთი პარტია არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. შევარდნაძე ამას გადაჰყვა, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დასავლეთმა და ხალხის პროტესტმა აიძულა, შეეგუებოდნენ წაგებულ არჩევნებს და წასულიყვნენ. ადგნენ და წავიდნენ. ესენი არ მიდიან, აყალბებენ არჩევნებს, მაგრამ ყველა დონის არჩევნების გაყალბება შერჩათ. ყველანი დიდი დაპირებებით მოვიდნენ ხელისუფლებაში – შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. “ქართულ ოცნებას“ დაპირებები რომ ჰქონდა, ეგეთ ზღაპრებს კომუნისტებიც კი არ გვაკადრებდნენ. მოდიან ამ დაპირებებით, არ ასრულებენ მათ და ატყუებენ ხალხს. ჯერ უყურებს ხალხი, აცდის და როგორც კი დარწმუნდება, რომ ცრუ დაპირებებს წამოეგო, საბოლოოდ გაუცრუვდება იმედი, მაშინ გამოდის ხალხი გარეთ და ცდილობს ხელისუფლება შეცვალოს. ვინც ახალი მოიყვანეს, მერე იმათაც მოატყუეს. ახლა ხალხი ცდილობს „ქართული ოცნების“ მოშორებას და თუ ამას მიაღწიეს, ახალი ხელისუფლება მოვა ახალი ტყუილებით, ახალი უსაფუძვლო დაპირებებით. ხალხი ელოდება, ახლა ვინ მოვა და ვინ მოატყუებს. ასეთი საზოგადოება ვერასდროს ვერ მოიყვანს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მას მოემსახურება, რომელიც მისი დაქირავებული იქნება და მოთხოვნებს შეასრულებს. ვიდრე ჩვენი საზოგადოება არ გაიზრდება, მანამდე ეყოლება ხელისუფლებები, რომლების მას იმსახურებენ, სიღატაკესა და უუფლებობაში აცხოვრებენ და შიგა და შიგ, არც სხვა შეურაცხყოფებებს დააკლებენ.
ერთი რაღაც უნდა გითხრა. 3 ივნისს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, და იმავე 3 ივნისს, რუსეთში წავიდა ექსპერტების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსებისგან შემდგარი დელეგაცია. პუტინის „რბილი ძალის“ კლიენტები. ეს ხალხი აპირებს სახალხო დიპლომატიის გზით რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რაღაც პრობლემების მოგვარებას. რუსეთთან მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სახალხო დიპლომატიით ვერ მოგვარდება ეს პრობლემები. ვერავინ ვერ მეტყვის ერთ შემთხვევასაც კი, როცა სახალხო დიპლომატიას გადაეჭრას რომელიმე პოლიტიკური კრიზისი. სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, შესაძლოა, ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართო, სამეცნიერო კონფერენციები მოაწყო და ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის დაათბო ურთიერთობები, რაც მერე პოლიტიკოსებს მისცემს საშუალებას, ამ ცოტა დარეგულირებულ ფონზე დასხდნენ და ილაპარაკონ. თუმცა, ამან შეიძლება იმუშაოს მაშინ, როდესაც ქვეყნებს შორის ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და არა კრიზისული. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კი სახალხო დიპლომატია წყლის ნაყვაა. რუსეთმა ორჯერ გვეომა, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. 2008 წლის ომიდან მხოლოდ 14 წელია გასული, „მცოცავი ოკუპაცია“ არ ჩერდება და ლამის ყოველდღე მიაქვს რუსეთს ჩვენი მიწები.შესაბამისად, დე ფაქტო და დე იურე რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ზავი არ გაგვიფორმებია 2008 წლის ომის შემდეგ. ახლა გეკითხები, ასეთ ვითარებაში რა სახალხო დიპლომატიის დროა და ადგილია? მერე, იმ პუტინმა და ლავროვმა არაერთხელ და გარკვევით თქვეს – აღიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მერე, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა და დიალოგი, სხვაგვარად არანაირ ლაპარაკს აზრი არ აქვსო. ახლა მაინტერესებს, ეს ჩვენი დელეგაციის წევრები, მოსკოვში ვისაც შეხვდებიან, ის პოლიტიკოსები თუ კულტურის, მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები რაიმე სხვას ეტყვიან? პუტინის პოზიციას გადაახტებიან და ახალს და განსხვავებულს შესთავაზებენ ამ ხალხს რუსულ-ქართული ურთიერთობის დასაწყებად? ცხადია, არა. ამაზე ფიქრიც კი აბსურდია. დაიცავენ პუტინის, რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და შესაბამისად, ამ დელეგაციის მოსკოვში ვიზიტი არაფერ შედეგს არ მოიტანს. ერთიც არის. რუსეთს დღეს ფინანსურად არ ულხინს და ამ დროს, საქართველოდან მიდის დელეგაცია რუსეთის დაფინანსებით. ამ დელეგაციის წევრების თვითმფრინავით ფრენა, მათი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება ფული ჯდება, უწყობენ რაღაც კონფერენციებს და ესეც ფული ჯდება. კაცო, ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ გახარჯავს დეფოლტის მდგომარეობაში მყოფი რუსეთი ამ ფულს? იმიტომ, რომ სათავისო მიზნებისთვის სჭირდები და არა საქართველოს ინტერესებისთვის, სათავისოდ გამოგიყენებს. შეხვდნენ ჩვენი პრემიერი თუ პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებს, იქნებ ეს „მცოცავი ოკუპაცია“ მაინც შეაჩერონ.ამის წინააღმდეგი არ ვარ. ამ „რბილი ძალის“ პოლიტიკისა კი არ მჯერა.
კომენტარები