აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ კრემლის კრიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზასთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო და თქვა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია “სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის”.
“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ არის ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობა. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ქმედებების კრიტიკის კრიმინალიზაცია სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის”, – თქვა მოსკოვში აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის, მოსკოვის სასამართლომ კრემლის კრიტიკოს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კომენტარები