საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქეთევან წამებულის შესახებ მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს. დიპლომატის განცხადებით, კვლევა შეეხება როგორც ქეთევან დედოფალს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
ელჩმა ამის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა.
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერს ირანის ელჩი. (ტვ პირველი)











კომენტარები