ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ისრაელსა და პალესტინას შორის ეს პირველი ომი არ არის, მაგრამ ასე აქტიურად მსოფლიოს მასშტაბის თუ მესამე მსოფლო ომის შესაძლო დაწყებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ერთი ფაქტორი, რამაც ეს საკითხი ასე გაააქტიურა, რუსეთ–უკრაინის ომია. სხვა რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს მოსაზრება?
– რუსეთ–უკრაინის ომს ირიბი კავშირი აქვს ამ საკითხთან, მაგრამ პირდაპირი ამ ეტაპზე არ გააჩნია. პრინციპში, ისრაელი აპირებს სრულმასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის დაწყებას, აამოქმედა კონსტიტუციის მე–40 მუხლი და ამით გამოუცხადა ომი პალესტინის ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს. ამ ეტაპზე ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია, საავიაციო და საარტილერიო იერიშები მიიტანა პალესტინის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე, „ჰამასის“ სამხედრო ბანაკებსა და ზოგადად, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. დაემუქრება თუ არა ისრაელი სამხედრო ძალით პალესტინის სახელმწიფოებრიობას, ამას ახლო მომავალში ვნახავთ. ეს არის კლასიკური ჰიბრიდული ომი, რომელსაც ჯიჰადისტები ისრაელის წინააღმდეგ ანხორციელებენ. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ისრაელს ებრძვის არაფორმალური სამხედრო–პოლიტიკური კოალიცია, რომელშიც შედიან პალესტინა, ლიბანი, სირია, ირანი, რუსეთი და ერაყი. ეს კოალიცია 2015 წელს ჩამოყალიბდა „ისლამურ ხალიფატთან“ ბრძოლის ეგიდით. კოალიცია დღემდე არსებობს, პირდაპირ არ ჩანან, მაგრამ მჯერა, რომ იმაში, რაც „ჰამასმა“ გააკეთა ღაზაში და ისრაელის სხვა ქალაქებში, ამ სახელმწიფოთა ფარული დახმარების გარეშე ვერ შესძლებდა. ირანის ხელისუფლებამაც კი შორს დაიჭირა თავი „ჰამასის“ დახმარებაზე, თუმცაღა, მოუწონა მას ის სისასტიკე, რაც ღაზაში ჩაიდინეს მისმა წარმომადგენლებმა. საიდან გაუჩნდა „ჰამასს“ რუსული წარმოების, ორმაგი დანიშნულების რეაქტიული ყუმბარმტყორცნები –რპგ–7გ და ირანული „კამიკაძე–დრონები“? საიდან გაუჩნდა ასეთი მოტივირებული მებრძოლთა ჯგუფები, რომლებიც გადავიდნენ ოცეულიდან ასეულის დონის კარგად შეიარაღებულ ტაქტიკურ ჯგუფებზე? თან გადაადგილდებიან კვადროციკლებით, „კოპტერებით“ და ანხორციელებენ აერო–მობილურ ოპერაციებს და ზღვიდანაც ანხორციელებენ შეტევებს. ზღვიდან, ჰაერიდან, მიწიდან – სამივე მიმართულებიდან პირდაპირ უტევენ ისრაელს. პირველი 2–3 დღის განმავლობაში, ისრაელს სერიოზული დანაკარგები ჰქონდა, როგორც სამხედრო მოსამსხურეების, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების. ასეთი დიდი დანაკარგი ისრაელს არ ჰქონია მას შემდეგ, რაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, 1948 წლიდან. თანაც ვისგან?„ჰამასი“ და ისლამური ჯიჰადი არიან არასახელმწიფოებრივი აქტორები, ამას ხაზი უნდა გავუსვა. ისინი იყვნენ კლასიკური ტერორისტული ორგანიზაციები და დღეს გადაიქცნენ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელთაც შესძლეს ასევე სერიოზული სადაზვერვო სამსახურები. ვინც ჩამოვთვალე, ეს ქვეყნები ეხმარებიან ამ ორგანიზციებს, მისცეს იარაღი, ტერორისტები აქციეს მებრძოლებად და ესენი ხელმწამოსაკრავი სახელმწიფოები არ არიან. ამიტომაც გამოითქვა არაერთი ვარაუდი, რომ შესაძლოა, ფართომასშტაბიანი ომის დაიწყოს მსოფლიოში სხვა და სხვა ქვეყნის ურთიერთდაპირისპირების შედეგად.
– როგორ ფიქრობთ, ირანი ღიად ჩაერთვება ისრაელთან ომში? ბევრი ამას არ გამორიცხავს.
– მაგაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, ამ ეტაპზე მაგის ნიშნები არ ჩანს. ირანი არა, მაგრამ შესაძლოა, „ჰეზბოლა“ ჩაერთოს ომში. „ჰეზბოლა“ ირანი არ არის, მაგრამ ეგეც დიდი უბედურებაა. “ჰეზბოლას“ ჰყავს 100 ათასამდე კარგად მომზადებული სამხედრო მოსამსახურე. ფაქტობრივად, სამთავრობო პოლიტიკური ძალაა, ლიბანის საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ სეგმენტს აკონტროლებს. რესურსებზე წვდომა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე „ჰამასს“, თან მას ოფიციალურად აფინანსებენ ირანი, სირია და რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა გააჩნია. თუ „ჰეზბოლა“ ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, რისი ალბათობაც დღითი–დღე იზრდება, მაშინ უკვე სერიოზული დილემის წინაშე დადგება ისრაელი. სირიიდან „ჰეზბოლამ“ რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ისროლა ისრაელის მიმართულებით, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ის ომის მონაწილე მხარეა. ამას ჯერ არც ისრაელის ხელისუფლება აცხადებს. მოკლედ, ვითარება ძალიან რთულია. როგორც ჩანს, ისრაელი არ იყო ჰიბრიდული ომისთვის მზად, სიტუაცია მეტად მყიფეა, მხარეები გადავიდნენ საინფორმაციო–ფსიქოლოგიური ომის რეჟიმზე, ინფორმაცია უკვე იწრიტება. თუ თავიდან ისრაელის ხელისუფლება ცოტა დაბნეული იყო, ახლა უკვე თავს ისე აჩვენებს, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. იგივე ითქმის „ჰამასის“ ლიდერებზეც, რომლებიც ცდილობენ, თავდაჯერებულად მოაჩვენონ თავი თავიანთ მომხრეებს.
– უკვე ებრაელი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ რაც მოხდა, ეს არ უნდა გამოპარვოდა ისრაელის სპეცსამსახურებს და ეს მათი ჩავარდნა იყო. უპირველესად, დაიმსხვრა მითი „მოსადის“ უძლეველობის შესახებ?
– კი, ეს ნამდვილად იყო ისრაელის სპეცსამსახურების ჩავარდნა, თუ მეტი არა. „ჰამასი“ ერთი წელი ამზადებდა ამ ოპერაციას და ეს ახლა გახდა ცნობილი ისევ „ჰამასის“ ლიდერის განცხადების შემდეგ. ეს დრო – 1 წელი დამაჯერებელია, რადგან ასეთ ოპერაციას მოკლე დროში ვერ დაგეგმავ და ვერ შეასრულებ. ჯერ შეჭრა ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან, მერე 5 ათასზე მეტი რაკეტა ესროლეს ისრაელს და მათ შორის, თელ–ავივსა და სხვა დიდ ქალაქებს. სხვა საქმეა, სად რამდენი რაკეტა აფეთქდა და რამდენი გაანეიტრალეს ისრაელის საჰაერო–თავდაცვის სისტემებმა. ასევე, დღემდე ისრაელის ქალაქებში არიან „ჰამასის“ ტერორისტები, მათ შორის, პოლიციელთა ფორმაში გადაცმულები და ეს დიდი საფრთხეა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. უდავოა, ჩავარდა „მოსადიც“, ისრაელის სხვა სპეცსამსახურებიც. ამას რამდენიმე ახსნა აქვს, ჩემი აზრით. ეს არის ბიუროკრატიული ხმაური, როდესაც შესაძლოა, არსებობს ინფორმაცია კონკრეტული საფრთხის შესახებ, მაგრამ არ ხდება მისი დამუშავება, ანალიტიკურად მისი გათვლა–გაანალიზება. ეს დაემართა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, 2001 წლის ცნობილი ტერაქტების წინ –მათ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელ ტერაქტებზე, მაგრამ უგულვებელყვეს. მეორე, როგორც ჩანს, ისრაელის სპეცსამსახურები, ძირითადად გადაერთნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის მიმართულებაზე. ერთია, როდესაც ებრძვი და დასდევს ტერორისტებს და მეორეა, სახელმწიფოებრივი ტიპის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლა. ისრაელის სპეცსამსახურები ეფექტურად ებრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ნაცისტებს“, რომლებიც ჰოლოკოსტის სათავეებთან იდგნენ, წარმატებით ებრძოდნენ ტერორისტებს და ფაქტია, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს ტერორიზმთან ბრძოლის იმხელა გამოცდილება, რამხელაც ისრაელს. ამას ვერ დავუკარგავთ. თუმცა, სხვა არის სახელმწიფოს გამართული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლა. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ „ჰამასი“ მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციაა და პალესტინა სხვაა, ფაქტია, რომ დღეს „ჰამასი“ უდგას სათავეში პალესტინას და სრულად იყენებს საკუთარი მიზნებისთვის ქვეყნის რესურსებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა სათანადო ყურადღება არ გაამახვილეს იმ ძალებზე, რომლებიც უშუალოდ დგანან „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის უკან – მათი კოორდინირებული ძალის ეფექტი ვერ გათვალეს. ერთია, როდესაც შენს წინააღმდეგ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს სპეცსამსახურები იბრძვიან, და სხვა და უფრო რთულია, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები გებრძვიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურთა ალიანსი. ეს ქვეყნები კი ზემოთ ჩამოვთვალე. ადრე ისრაელის სპეცსამსხურები ებრძოდნენ მხოლოდ არაბული სამყაროს სახელმწიფოებს, თან ამ სახელმწიფოთა შორის მუდამ უთანხმოება იყო და ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი, რომ ისრაელი მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა. ახლა ისრაელს ღიად თუ ფარულად უპირისპირდებიან რუსეთის, ირანის, სირიის ინტეგრირებული სპეცსამსახურები, ასევე სხვა ქვეყნებისა, არაბულ სამყაროშიც უკვე აღარ არის ძველებური დაპირისპირება და უკვე ჩანს, ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლაში, იმავე არაბული სახელმწიფოებისგან უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება, ვიდრე ადრე „ჰამასთან“ თუ სხვა „ჯიჰადისტურ“ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში. თვალსაჩინოებისთვის, რომ „ჰამასს“ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ეხმრებოდნენ, სამ მაგალითს მოვიყვან. 1.„ჰამასმა“ ტყვედ აიყვანა ისრაელის სპეცოპერაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ–მაიორი, მისი დაცვა გაანადგურეს და ისე. ეს იყო დეტალურად, სკურპულოზურად დაგეგმილი ოპერაცია, ყველა უმცირესი ნიუანსის გათვალისწინებით. 2.ისრაელის ერთ–ერთ ბირთვულ ობიექტზეც კი განახორციელა შეტევა „ჰამსმა“, მისი კონტროლის მიზნით. ჰქონდათ ზუსტი კოორდინატები, სად, საიდან, როგორ უნდა შეეტიათ. იქ იყო ბრძოლები. რა იცოდნენ „ჰამასის“ მებრძოლებმა, სად რა სახის ბირთვული ობიექტი იყო, რომლის ხელში ჩაგდება სჭირდებოდათ და როგორ უნდა დაეგეგმათ და განეხორციელებინათ ისეთი ოპერაცია? ეს მაფიქრებინებს, რომ მათი მომზადება მოხდა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიურო ჯარები. 3. მოტოპლანებით გადაადგილება და აერომობილური სადესანტო ოპერაციების ჩატარება. ამ ყველაფრის მერე ცხადი ხდება, რომ ის ძალები, ვინც ეს გაკეთა, არ მომზადებულან ღაზის სექტორში, უცხო ქვეყნის ტერიტორიებზე ემზადებოდნენ, რადგან ამას სერიოზული, ხანგრძლივი მომზადება და უმაღლესი კვალიფიკაციის ინსტრუქტორები სჭირდება, ასეთები კი ღაზაში არ არიან.
– მივა იქამდე საქმე, რომ ისრაელმა ატომური ბომბი გამოიყენოს?
– ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ ჩანს და არც ამ აზრს აფიშირებს და ავითარებს ისრაელი. თუმცა, რა გითხრათ. იმდენად მოულოდნელი იყო „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ვერავინ გათვლიდა. ასეთივე არაპროგნოზირებადია დღეს ყველაფერი, მათ შორის, ისრაელის მიერ ატომური ბომბის გამოყენების შანსი.
კომენტარები