ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ “ოცნების“ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას“.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გააკეთა განცხადება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით „უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“.
ამ დადგენილების მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე; უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, წარმართოს კვლევა მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ უნიკალურ ბაზებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები), რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში.
ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.
მოვითხოვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას”. – წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში გივი მიქანაძემ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები წარადგინა.“ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.














კომენტარები