ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე, რომელიც “წულუკიანის კომისიაზე” არმისვლის გამო დაიჭირეს, ციხიდან წერილს ავრცელებს:
მეგობრებო, ვიცი, ძალიან დიდია, მაგრამ, კარგა ხანია არაფერი დამიწერია და აი ასეთი გამომივიდა. მოკლედ, რაც არის, ის არის. საახალწლოდ საკითხავად თუ მიიღებთ, ინებეთ.
სუსხიანი, თოვლიანი, მაგრამ ამავე დროს, კაშკაშა მზიანი დილაა ვილნიუსის სარკინიგზო სადგურზე. ყინვა -20 გრადუს ცელსიუსზე დაბლაა, მაგრამ, მზის სხივებს ქვეშ დგომა ძვლების ტკივილამდე გახსნისგან გიხსნის, სუსხი კი ჰაერს და გონებასაც ასუფთავებს, მოვლენათა მშვიდი და საღი აღქმის საშუალებას გაძლევს. უკვე ყველაა შეკრებილი – მეგობრები. არა, უფრო – ძმები და დები. ნაღდები, ღირსეულები, მამაცები, ჩვენს გვერდში დგომისთვის საკუთარი ყოფის ყველანაირი ასპექტით, მათ შორის, სიცოცხლით გარისკვაზე წამსვლელები და უკვე ბევრჯერ წასულები, მხიარულები, ხმაურიანები, საკმარისად გიჟები, გადარეულები, თავგადასავლების მოყვარულები, პოლიტიკოსები – მთავრობიდანაც და ოპოზიციიდანაც, დიპლომატები, სამხედროები, ძალოვნები, ჟურნალისტები, ექიმი, ფარმაცეფტი, რესტორატორი, ტაქსის მძღოლი. მოკლედ, ყველანაირები, მაგრამ, რაც მთავრია, ერთად, ერთი განწყობით, ერთიანი მუხტით – ეს დღე მიქციონ უნიკალურ თავგადასავლად, წარუშლელ შთაბეჭდილებად, შეუცვლელ მოგონებად.გუშინ საღამოს მოფიქრებული სურპრიზის დღეა. პირველი მოცემულობა არის ბაკურიანის კუკუშკას მსგავსი ორთქმავალი და მასზე გამობმული ერთადერთი ნახევრად ღია ვაგონი, რომელსაც უცბად ვავსებთ და ვიძრებით მხიარული შეძახილებით და ყიჟინით – წავედით!!!ძლივს ვეტევით, ვინაიდან ვაგონი პირთამდე სავსეა საოჯახო მეურნეობაში დიდი ხნის მარაგის უზრუნველმყოფელი სანოვაგით. ეს საჩუქარია მათთვის, ვისაც ვესტუმრებით. აქვეა სასმელიც, რომლის მიღებასაც სასწრაფოდ ვიწყებთ, განსაკუთრებით მოღიავებულზე მდგომები, მოძრაობისას, რომ არ გავიყინოთ. გაფრთხილებაც ისმის – სასმელით ზედმეტად არ დავიტვირთოთ, მასპინძლები ამ საქმეში ჩვენზე ძლიერები არიან და თავები უნდა შევინახოთ. ომახიანი სადღეგრძელოების შემდეგ დგება დრო გამხელისა – სად მივდივართ?ჩვენი დანიშნულების ადგილია სოფელი, რომელმაც, მაცხოვრებელთა რაოდენობასთან შედარებით, ყველაზე მეტი წარმომადგენელის სიცოცხლე შესწირა რუსულ ოკუპაციასთან პარტიზნულ ბრძოლას. წლების და წლების მანძილზე მთელი სოფელი იბრძოდა იარაღით ხელში, მშობლიურ ტყეებში მომხვდურთა წინააღმდეგ. მოხუცები და ახალგაზრდები, კაცები და ქალები, ბავშებსაც კი ჰქონდათ თავიანთი, დამხმარე როლი. საბოლოოდ, როდესაც ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, უკვე მრავალი წლის გასაბჭოებულ ლიეტვუაში, ბრძოლა შეწყვიტეს იმ პირობით, რომ სოფელს არვინ მიეკარებოდა და მისცემდნენ თავისი წესით ცხოვრების გარანტიას ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. თუ ეს პირობა დაირღვეოდა, ბოლო ძალებით მტერს მაქსიმალურ რისხვას დაატეხდნენ და ასე დატოვებდნენ ამ ცხოვრებას.წლების მანძილზე ამ ადამიანების საარაკო ბრძოლამ და გაუტეხელობამ იმდენად დიდი შიში დანერგა ოკუპანტებში, რომ გადარჩენილთა პირობები მთელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში შეასრულეს. საოკუპაციო მმართველთა ხშირად ცვლადი რიგებიდან ვერცერთმა შემდგომმა ვეღარ გაბედა გადარჩენილთა წინააღმდეგ გალაშქრება. გადარჩენილები კი, მეგობრებო, მხოლოდ სოფლის მაცხოვრებელ ქალთა ნაწილი იყო. დიახ. არც ერთი კაცი, მხოლოდ ქალები თოფებით, ბრძოლაში ამაზონებივით გაწაფულნი და მრისხანენი. ამ მრისხანებამ შეაჩერა მტერი და აქცია ეს სოფელი საბრძოლო დიდების, ერთიანობის, სიმამაცის, ღირსების, მეგობრობის, სიყვარულის სამარდჟამისო ადგილად. უკვე თხრობისას ვიგრძენი, რომ ეს თავგადასავალი ჩემთვის წარუშლელ მოგონებად იქცეოდა.ორთქმავალმა სვლა შეანელა, გამოჩნდა სოფლიც – მკვიდრად შეკრული ხის სახლები, დამხმარე ნაგებობები, ლამაზი, მოვლილი ეზოებით. სოფლის ყველა გზაზე თოვლი იდეალურად გატკეპნილი, გასწორებული, ზედ მოსრიალე აქ დამზადებული მარხილებით, რომლებშიც აქვე გაზრდილი ჯანიანი ცხენებია შებმული. თუმცა ცივილიზაციასაც აშკარად არ გაურბიან – ყველანაირი ტექნიკა, ხარისხიანი, სახეზეა, მაგრამ რისი გაკეთებაც სოფელში შეიძლება ყველაფერს თავისი ხელით აკეთებენ. მშრომელი ხალხია.მასპინძლებიც გამოჩნდნენ, შეძახილებით გვეგებებოდნენ, ხმაურიანები, მხიარულები. მატარებელი ჩამოდგა და მისალმებების შემდეგ მაშინვე საქმეზე გადავიდნენ – მოგვეხმარეთ ეს ყველაფერი გადავზიდოთ, ბეღელში შეგვატანინეთ, ბარემ ეს რაღაცეებიც წამოგვაღებინეთ, ნუ ახალტურებთ, ცოცხლად, ნუ ზარმაცობთ. აშკარად, უჩვენოდ უფრო სწრაფადაც მოერეოდნენ ყველაფერს, მაგრამ ამ ფორმით უცებ გაგვაშინაურეს, ზედმეტი ცერემონიების გარეშე.სულ მალე ყველა ერთმანეთს სახელებით მივმართავდით, ერთად, შეწყობილად ვმონაწილეობდით მზადებაში, გაწყობაში. თავისი ოჯახის წევრებად გვაქციეს და თავი სახლში გვაგრძნობინეს, თან იქაურობას გვაცნობდნენ. ეს სივრცე ფაქტიურად მუზეუმიცაა. დროშები, ნაბრძოლი, დახეული, მომწვარი. ფორმები, სიგელები, ჯილდოები, იარაღი – მთელი არსენალი შენახული აქვთ, ზოგი გამოსაფენად, დანარჩენი სარდაფში. სურათები, ყველა თავისი ისტორიით, კონკრეტული გასვლების, მისიების ისტორიით. აქ ეს შედეგები გვქონდა, ასე და ასე ვაარალეთ, დავაკოშმარეთ. წარმატებები, მარცხები, აქ ესენი დავკარგეთ, აქ კიდევ ესენი. ბევრი, ძალზე ბევრი დანაკარგი, სოფლის დიდი ნაწილი. ყველა კაცი. ქალები. ბავშვებიც კი. არც ერთი გახსენებისას სევდა და დარდი არ დაუნახვებიათ. ამბებს გვიყვებოდნენ, ემოციებით არ გვტვირთავდნენ, მხოლოდ ისტორიებით, ძალიან საინტერესო, გმირული, საარაკო ისტორიებით. ასაკის მიუხედავად ყველა ჯანზეა, ყველა ფორმაშია. მკაცრი სახეები აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულის დაღია, ისე გულღია, კეთილგანწყობილი, ჭკვიანი, იუმორით სავსე ადამიანები არიან.სუფრაც გაიშალა. სადღეგრძელოებსაც თვითონ გაუძღვნენ და შეპირებული დაამტკიცეს – ამ საქმეში ჩვენზე ძლიერები არიან ნაღდად. სხვანაირად თუ იფიქრებ, გამოგყვებიან და კისერსაც მოგაწყვეტენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო ყველა ჭიქა, რომ გერგებოდა და კისერი არავის სწყდებოდა, ზომაზე მეტად არავინ თვრება, თავად მათ მიერ შექმნილი ატმოსფერო არ გაძლევს ამის უფლებას. არც გახსენების სადღეგრძელოშია სევდა ან ცრემლი, ისე იხსენებენ, თითქოს ყველა აქ არის, მათ გვერდით. ისტორიები, ხმაური, ბევრი სიცილი, ლაზღანდარაობა, უდიდესი სითბო – ასე გავიდა საათები.კარგად რომ შებინდდა, მოდით პაუზა გავაკეთოთ და სოფელს მარხილებით შემოვუაროთო. მშვენიერო იდეაა. სამ მარხილზე განვლაგდით, როგორც დავეტიეთ და ხმაურით, ჟღარუნით, შეძახილებით წავედით წრეზე. მარხილის ბოლოში ვიჯექი ფეხებჩამოშვერილი. კი ვგრძნობდი, რომ ნელნელა ქვევით ვჩოჩდებოდი, მაგრამ ისე ვიყავი ამ ყველაფრით გართული, ვერც შევამჩნიე, როდიც ჩამოვჩოჩდი ბოლომდე და აღმოვჩნდი გზაზე, გაპრიალებილ თოვლზე მდგომი. ისინიც კაი გართულები იყვნენ და დანაკარგი ვერ შეამჩნიეს, გაუყვნენ წრეს. მივხვდი, რომ ჩემს აქ ფეხით ბოდიალს აზრი არ აქვს, დავიკარგები, ისინი კი წრეს შეასრულებენ და ისევ აქ მოვლენ, ამიტომ ასე ჯდომა განვაგრძე. როდესაც მარხილი საკმარისად დამშორდა, დამყარდა სიჩუმე. ზევით ავიხედე – თეთრი მთვარე განსაკუთრებულად კაშკაშებდა. ცა უამრავი მოელვარე ვარსკვლავით იყო მოჭედილი და უზარმაზარ დათოვლილ ნაძვებს ავერცხლისფრებდა. ჩემს წინ, ტყიდან გამოვიდა დიდი ირემი, თავი ოდნავ დამიქნია, მერე გზისკენ გაიხედა და ასე გაშეშდა. მთვარე მის უზარმაზარ რქებს შორის მოექცა, თითქოს მას ეჭირა რქებით. გავხედე სოფელს და დავინახე, თუ მომეჩვენა, თუ გავიფიქრე, ან ერთი წუთით დამანახეს ის, რასაც აქაურები ხედავდნენ, ჩვენ კი – ვერა. ისინი ტყიდან გამოვიდნენ, ჯგუფებად, რაზმებად, ყველანი. დაღლილები, ნაომრები, გამარჯვებულები. კაცები და ქალები, მოხუცებულები და ბავშვები. აქაურები შეეგებნენ, გადაეხვივნენ, შეეშველენ. სახლებში შეიყვანეს. ხარობდნენ, ხმაურობდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ამბებს უყვებოდნენ, ბევრს იცინოდნენ. ბედნიერები იყვნენ, ნაღდი ბედნიერებით ბედნიერნი. მათ ჭეშმარიტების ძიებაში დრო არ დაუხარჯავთ. მათთვის ეს იყო გზა. და ეს იყო ჯილდო, რადგან ეს გზა ღირსეულად, სიმამაცით, თავგანწირვით, გვერდში დგომით, სიყვარულით გაიარეს და ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე, ერთმანეთი გაწირეს ყველაზე ძვირფასის – თავისუფლებისთვის. ჯილდოდ კი ორივე მიიღეს, საყვარელ ადგილას საყვარელ ადამიანებთან ერთად, მათთან, ვინც უყვართ, აინტერესებთ, სიამოვნებთ და ვინც არ ბეზრდებათ, ერთად ყოფნა ჟამთა დასასრულამდე. იმიტომ არ გვინახავს სევდა მათ თვალებში, სევდა და ცრემლი. სადარდებელი არაფერი აქვთ. ისინი აქ ერთად არიან, სამუდამოდ. ამის შანსი ხომ ყველას გვაქვს. გზა ყველას საკუთარი გვაქვს, მაგრამ მის გასავლელად ყველას ამ ხალხის თვისებები გვჭირდება. უკლებლივ ყველა თვისება. ჯილდოც ყველასთვის ერთია? არ ვიცი, მაგრამ მე ასეთ ჯილდოს არაფერზე გავცვლიდი… ირემს მადლობა, რომ დამიცვა მათ დაბრუნებამდე.ჯერ ჟღარუნი გაისმა, შემდეგ მარხილიც გამოჩნდა. ძლიერი ხელები დამავლეს და უკან შემომაგდეს. შვილები თუ გყავსო, დამძახოდნენ, თორემ იმდენი ხანი იჯექი ყინულზე, აწი რა გამოვა კაცმა არ იცისო. სახლში ეგრევე ჭიქა გადამაპირქვავებინეს და საუნაში შემაგდეს, იქნებ ყველაფერი გადაგიჩესო. გამოსული მაგიდასთან მიმსვეს და გავაგრძელეთ გადაძახილებით. ასე შემოგვათენდა. ორთქლმავალმა საყვირით გვამცნო ჩასხდომის დრო. ხანგრძლივი, ძალიან თბილი დამშვიდობების შემდეგ, დავიძარით. ისინი უკან რჩებოდნენ, იქ, თავის სამუდამო ნავსაყუდელში, სადაც ვერანაირი კაპეიკით, ვერ მიხვალ, სულ მილიარდასი ათასი, რომ გქონდეს და სადაც ბაობაბების ჯარიც ვერ შეგიძღვება, როდესაც ღირსება რა არის, ისიც კი არ იცი. ქარი ამოვარდა და როგორც ლიტვაში იცის ხოლმე, თოვლმა მიწიდან ზეცაში დაიწყო ასვლა, მთელი მხედველობა გადაფარა და ყურებში გადაბმული ღრჭიალი გამესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი სამალავიდან ამოვვარდი. რა კარგია, რომ ის ვიპოვნე. სამალავი ჩემს ტვინში, რომელიც კოვიდობისას რეანიმაციაში ხანგრძლივი, მტკივნეული, გაუსაძლისი პროცედურების გადატანისთვის შევიქმენი, იმისთვის, რომ ისინი უბრალოდ არ აღმექვა. იქ სიპაპის გადახვევისას ყურსასმენებს ვაყოლებდი და სამალავს მუსიკით ვავსებდი. აქ ყურსასმენები ვერაფერს მოვარგე, ამიტომ მოყოლილივით კაშკაშა მოგონებები მჭირდება სამალავი რომ ავავსო და დავემალო ჩემი აფეთქებული სმენის ნერვის ბაროტრავმის ღრიალს, რომელიც ამ ოთხ კედელში განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის, მხოლოდ ყურებში კი არა, მთელს თავში. აქ, სადაც არ არის საყოფაცხოვრებო ხმაური, ჩემი საუბარი, ჩემთან საუბარი, ამ ღრჭიალის გადაფარვას, მხოლოდ ტელევიზორის ხმა არ ყოფნის. შვილებზე ფიქრით ვფარავ. მოლედ, ბევრი მოგონება მჭირდება, გამოგონილი ამბებიც. ერთგვარი სიზმრებია ცხადში, რომლებითაც სამალავს ვავსებ. მითუმეტეს, რომ აქ სიზმრებს არ ვხედავ. საერთოდ. ეტყობა დღის განმავლობაში ტვინი იმდენს მუშაობს, რომ ღამით, ძილში კიდევ რამის გახსენება ზედმეტად მიაჩნია. ამიტომ უბრალოდ ითიშება. ისე ვიძინებ, როგორც ნარკოზში. თვალს ვხუჭავ, მესამე დათვლაზე ვითიშები და ერთ წამში თვალს ვახელ შემდეგ დღეში, სადაც მაშინვე ვიწყებ სამალავის ამოვსებას. ეს მეოთხე მთავარ საქმეშიც მეხმარება – დროის გაყვანაში. დიახ, დრო. მთავარი ანტაგონისტი ამ კედლებში. დრო, რომელიც ჩემს ასაკში უფრო ძვირფასი უნდა იყოს, ვიდრე ადრე და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდე, აქ მთავარი დაბრკოლებაა ჩემსა და თავისუფლებას შორის და მას რაღაც უნდა მოვუხერხო, რომ სწრაფად გავიდეს. მაგრამ დროს თუ წარმოიდგენ საკნის კარიდან შემომავალ და ფანჯრის გგისოსებიდან გამავალ ხილულ ნაკადად, მიხვდები, რომ გამონათქვამები “დრო ჩემს წინააღმდეგ მუშაობს”, ან “მე დავაჩქარე მოვლენები” უსაგნოა, რადგან დრო არანაირად არ მუშაობს, არც ჩქარდება, არც ნელდება, ის უბრალოდ მიედინება და შენ საერთოდ არ აინტერესებ. აი შენი მიმართება დროსთან კი შეგიძლია შეცვალო. რაღაც მოუხერხო ისე, როგორც ღრჭიალს ყურებში. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ უმჯობესია დრო ისეთ ცეკვაში გამოიწვიო, რომელშიც რიტმს შენ თვითონ განსაზღვრავ. როგორც კი გამოწვევაზე თანხმობას მიიღებ, უნდა დაიწყო რიტმის განსაზღვრა. მე მძინავს 6 საათი. ნაკლები შეიძლება, მეტი – არა. თითქოს ბუნებრივი მაღვიძარა დგას თავში. დღის რა მონაკვეთშიც არ უნდა მეძინოს, მაქსიმუმია 6 საათი, რომელსაც აქ სრულად ვითვისებ. შესაბამისად მრჩება სიფხიზლის 18 საათი. დაღვიძებული რომ დაჯდე და დაიწყო ლოდინი ეს 18 საათი როდის გაივლის, ყველა საათი თითო თვედ გადაგექცევა და ბოლოს გაგიჟდები. ამიტომ ის უნდა დაყო დროის ისეთ ინტერვალებად, რომლის გასვლის ლოდინი არც ისე ძნელია. ესეც ვიქცევი. დილის 8-დან 9-მდე ადვილია, იოგურტი, ყავა, ჰიგიენა, გაპარსვა. გაპარსვა მნიშვნელოვანია. ყოველ დღე წმინდად ვიპარსავ. ვიღაც იფიქრებს – რა ძალა ადგას, შენც ოპერაში არ იყო წასასვლელიო. ეს ჩემი ღირსების ამბავია. ვერც საკნის კამერამ, ვერც პერსონალმა ვერ უნდა მნახოს მოუწესრიგებელი. ან თუნდაც ცუდ ხასიათზე მყოფი. ასეთ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ. 9-ზე კიკნა, ანუ “გაიღვიძე საქართველო” იწყება ფორმულაზე. ანუ ჩემთვის დრო, როდესაც მხოლოდ ფიქრით კიარა, ხმით დალაპააკებაც შემიძლია. აქ ჩვეულებრივ დღეს მხოლოდ 10-15 სიტყვას ამბობ, ამიტომ უთქმელი სიტყვები გიგროვდება და გარეთ გამოსვლას ლამობს. კიკნა ახლობელია, აქ წინ მიზის ეკრანზე და თავს უფლებას ვაძლევ კომუნიკაციაში შევიდე, მოსაზრებები გავუზიარო, ვეკამათო და ვიფიქრო, რომ ისიც მპასუხობს. სახალისოა და სასარგებლო. დროის მონაკვეთებად დასაყოფად ხელოვნური, გამოგონილი პიკები მჭირდება. ასეთია მაგალითად 11 საათზე ვაშლის, ან ბანანის, ან მანდარინის ჭამა. იცინეთ თქვენ და აქ სავსებითაც მოვლენაა, რომელიც 9-დან 11-მდე დროის მონაკვეთის სწრაფად გაყვანაში მეხმარება. 13 საათზე სადილია, 15-ზე სეირნობა 1 საათით. 18-ზე ვახშამი. მაგალითად 20:30-ზე ყავა ნამცხვრით, შემდეგ მაწონი, ჩაი. ამასობაში დღის მეორე ნახევარში ყურებადი სერიალებიცაა და რაც მთავარია ფეხბურთი, კალათბურთი და ასე, 2-3 საათიან მონაკვეთებად გადის დღე ღამის 2 საათამდე, როდესაც თვალს ვხუჭავ, ვახელ და ვიწყებ იგივეს, უკვე შემდეგ დღეში.დროის გაყვანის მშვენიერი მეთოდია საკნის დალაგება. მაგრამ ერთმა ასეთმა გენერალურმა დალაგებამ მაგარ შარში გამხვია, თუმცა საბოლოოდ მეგობარი შემძინა. გადავწყვიტე დიდი ხნის წინ შემჩნეული ფანჯრის გისოსებზე გადაჭიმული უზარმაზარი ობობის ქსელი მომეხსნა. ამ ქსელის შემოქმედ ობობას მანამდე ორჯერ ვიყავი შეხვედრილი. მაშინ ზრდილობიანი ურთიერთმისალმებით შემოვიფარგლეთ. ეხლა კი ჩემი ქმედება ბარბაროსულ თავდასხმად რომ არ ყოფილიყო აღქმული, გადავწყვიტე დალაპარაკება. ავუხსენი, რომ ქსელი უკვე ძველია, აბურდული, ცუდად გამოიყურება, რაც არცერთს არ გვეკადრება. მე ყველაფერს გავასუფთავებ, რის მერეც ის შეძლებს ახალი გააბას. პასუხს არ დაველოდე და ჩამოვხსენი. ამას ორი ცუდი ამბავი მოყვა. ობობამ ვერ გამიგო, გაიბუტა, საკანი კი ბუზებით ამევსო, თანაც მყისიერად. აქამდე საკანში კოღოც კი არ შემოსულა. ფეხსახსრიანების სულ რამდენიმე წარმომადგენელი მესტუმრა – შემოსახლებისთანავე ჩეჩმიდან, გლუვის სამყაროდან ამოსული სამი დიდი შავ ტარაკანი, თითო დღის ინტერვალით. ერთი მათიკაშვილს წააგავდა, მეორე ოხანაშვილს, მესამე მდინარაძეს. სამივე იდეალურად გავაბრტყელე და ჩავუძახე უკან ჩეჩმაში. სიგნალი მიიღეს, გაიგეს და სტუმრობები შეწყვიტეს, ერთხელ და სამუდამოდ. ამის გარდა რამოდენიმე კალია შემომიფრინდა, რომლებიც დავიჭირე და უკან, თავისუფლებაზე გავუშვი. კიდევ ერთი ბზიკი, რომელსაც ბეჭით დავაწექი, მიკბინა და მიიცვალა. სულ ეს იყო. ეხლა კი – ბუზები. თანაც ძალიან ბევრი. დავიწყე მათი მეთოდური ხოცვა. გამოგიტყდებთ და გაზეთით, რომელიც ციხიდან გაგზავნილი წერილებითაა აწყობილი. უკვე წაკითხული მქონდა, ბუნებრივია. ერთხელ სიმბოლური ამბავივ მოხდა – გაზეთი მომარჯვებული მქონდა, ბუზებს ვუმიზნებდი, ამ დროს ტელევიზორში ერთერთი სინდისის პატიმრის დედამ ასეთივე გაზეთების დარიგებისას თქვა – ამ გაზეთში გამოქვეყნებული მართალი სიტყვა ჩვენი მახვილიაო – ჭეშმარიტად! დავცხე და სამი ბუზი ერთად მოვკალი. მაგრამ რამდენ ბუზსაც ვკლავდი, იმდენივე ჩნდებოდა, მაშინვე. მოვძებნე ობობა, რომ მეთხოვა, ახალი ქსელი გაება. ვიპოვე. მაცივრის უკანა მხარესა და კედელს შორის გაუბია ახალი ქსელი და იქ მელოდებოდა აშკარად, რათა გამოეხატა ჩემს მიმართ ზიზღი. ვუხსნიდი, რომ ბოროტი განზრახვა არ მქონია, ხომ წინასწარ ავუხსენი კიდეც ყველაფერი, ეს ადგილი და ერთი ბეწო ქსელი კი არც ბუზებს დააბრკოლებდა, არც მას დაეხმარებოდა საკვების მოპოვებაში. სრული მიუღებლობა. ყველა საუბრისას პირით კედლისკენ ბრუნდებოდა და ყველანაირად გამოხატავდა, რომ სულით ხორცამდე შეურაცხყოფილია. რადგან მუდმივად ობობის ყურადღების მიქცევას ვცდილობდი, ბევრი აღარ მიფიქრია, დავარქვი ალიოშა. მოკლულ ბუზებს ტყუილად ვყრიდი და გადავწყვიტე ურთიერთობის დასათბობად ალიოშასთვის მიმეცა გამოსაკვებად. ქსელში ვყრიდი. რომ შეჭამდა, ისევ ვცდილობდი დალაპარაკებას, მაგრამ მივხვდი, რომ ერთობ თვალთმაქცი ტიპია და თანაც საკმაოდ მოხერხებულიც. ფაქტიურად უზრუნველი ცხოვრება აიწყო, ფუქსავატი. ჰამაკივით გაბმულ პატარა ქსელში კოტრიალობდა, უსაქმურობდა, ჩემი მირთმეული ბუზებით მუცელს იტენიდა, აბოყინებდა და ჰაერს აფუჭებდა. ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ბუზების მიწოდბა მკვეთრად შევუწყვიტე. იმ დღესვე გაჭრა – გამობრძანდა და დაჯდა სახით ჩემსკენ. თავიდან რა თქმა უნდა თვალთმაქცობდა, ბუზების ხათრით ვითომ მისმენდა, მაგრამ ნელნელა ჩემმა ისტორიებმა დააინტერესა. აღარ ჭირდებოდა ხვეწნა – თვოთონ მომიჩოჩდებოდა და ახალ ისტორიას ელოდა. ასე დავმეგობრდით. როდესაც 1 ოქტომბერს ყველა ბუზი დათქმულივით გაქრა და აღარასდროს გამოჩნდა, ჩემს ბოროტ ფანდად არ ჩაუთვლია, გაგებით შეხვდა. ახლა სხვადასხვა საჭმლის პატარა ნაკუწებს ვუყრი და არ ვიცი, რომელიმეს ჭამს, თუ იმდენი ბუზი ვჭამე, გაზაფხულამდე ეყოფა. ყოველ შემთხვევაში მშვენივრადაა და ითხოვს ახალ ისტორიებს. გუშინ პიტერ პენი მოვუყევი. მგონი მოეწონა. ხო, პიტერ პენი, ჩემი ცხოვრების ინსპირაცია. ვაღიარებ, რომ არ მიყვარს ზედმეტად გაზრდილი ადამიანები. არ მიყვარს რაფინირებული გაზრდა, იდეალური გეგმები, დავარცხნილი იდეები, სკურპულოზური გათვლები, მოწესრიგებული დღის განრიგი და მთელი ეს მოსაწყენი სისულელეები. არ მიყვარს თემა, რომელსაც თავგადასავლად ვერ გადააქცევ, მისია, თუნდაც შესრულებული, რომლის შესრულებისას ვერ იხალისე, რომლის გამოწვევა არ იყო აზარტული, რომელსაც არ ახლდა რისკი, თუნდაც სიცოცხლის, მაგრამ ისეთი, რომ ღირდა ამად. მოკლედ, ჩემზეა – ვისაც ჩემი აწეწილ-დაწეწილი არ მოსწონს… მე ჩემს ქაოსში ბევრად მეტ შესაძლებლობას ვხედავ ერთდროულად, ვიდრე ნებისმიერ სისტემატიზირებულ წინადადებაში. მთავარია სწორ მომენტში ჩაავლო, ზედმეტი ფიქრის და გათვლების გარეშე შებერო და გზადაგზა იმპროვიზაციებით გაალამაზო. ნამდვილი პიტერ პენისგან იმით განვსხვავდები, რომ არ ვლამობ ჩემი ჩრდილი მაინცდამაინც ზედ მივიკერო. პირიქით, მაქსიმალურად მიშვებული მყავს. ის ჩემი ნაწილია, რომელსაც აქვს უფლება ყირაზე დადგეს, მაქსიმალურად გადაგიჟდეს, წარმოუდგენელი წარმოიდგინოს. მუდმივად მეჯღანება და ნიშნებს მაძლევს. მთავარია სწორი რაკურსით დავინახო, ზუსტად მივხვდე არსს და მაშინ ნამდვილ მარგალიტს ამოვაძრობ, თავგადასავალს, რომელიც, თუ გადავრჩი, სამუდამოდ ბრდღვიალა მოგონებად დარჩება. რადგამ ამაზე ვსაუბრობთ, ერთ პიტერ პენის ისტორიას მოგიყვებით თქვენც და ალიოშასაც: უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა გარკვეული, სპეციფიური ტიპის ადამიანები დაგვპატიჟა ყირიმში. სპეციფიური, ანუ, როგორ ვთქვა – უსაფრთხოების მომიჯნავე ბინდის ზონაში მოძრავი თავგადასავლების მაძიებლები საერთო დევიზით “ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ”. შევიკრიბეთ რამდენიმე ქართველი, სამი ლიტველი, ერთი ესტონელი, ერთი პოლონელი და მასპინძელი უკრაინელები. ყველა სავსებით გიჟი-გადარეული. მოკლედ, მშვენიერი კომპანია. რა თქმა უნდა, იმ გაფრთხილებების მიღმა, რომ ყირიმის რუსული სპეციფიკის გამო თავშეკავებულად უნდა მოვიქცეთ, მასპინძლებს იმედი ჰქონდათ, რომ ზუსტადაც ჩვენებურად მოვიქცეოდით და ჩვენც მაგ განწყობით ჩავედით სიხარულით. თავდაპირველად სიმფეროპოლში ჩავედით, ბაზარს ვეწვიეთ, ყირიმელი თათრების ლიდერები გავიცანით, ძმობა შევფიცეთ, უზარმაზარი, ძალიან გემრიელი ხარისგულა პომიდვრები გავუსინჟეთ და გავემართეთ იალტაში, უშიშროების სანატორიუმში. უკვე ღამე იყო და ქალაქში გასვლას მეორე დღისთვის შეგვპირდნენ, ეხლა კი მოსვენება შემოგვთავაზეს. ძველი კაგებეს ჩვენი ლიკანის მსგავსმა ბერიას კადრების აჩრდილებით სავსე დაწესებულებამ სევდა მოგვგვარა და, როგორც მასპინძელი განმარტავდა, გარეთ გასვლაზე ვიზრუნეთ. ყველამ ჩვენი ვირეშმაკობები გავიხსენეთ და ასე გავაღწიეთ ორი მასიური რკინის, ბორბლებიანი ჭიშკრით დაცულ ტერიტორიიდან. იმ ღამეს იალტას არ უძინია. მთელი ქალაქი თავდაყირა დავაყენეთ. ყველგან ვიყავით. რუსებს მათზე მთელი სიმართლე მოვახსენეთ, სადღეგრძელოების, თუ შეძახილების ფორმით. რამოდენიმე კონფლიქტიც გამოვიწვიეთ და ყველაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ამბავი მასპინძლებამდეც მივიდა. ახალგაღვიძებულები მოვარდნენ, ჩვენი ქცევის გამო უკიდურესად შეშფოთების მიღმა უდიდეს კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, ისევე, როგორც ფეესბეს ხალხი ვერ მალავდა განსაკუთრებულ სიძულვილს, გვნახა რა მათ თავებზე გავლილი ის ხალხი, ვინც სახვადასხვა დროს ბევრჯერ ავნო, ატკინა, თან ყველა ერთად. ბერიას აჩრდილები დავაფრთხეთ და ტკბილად დავიძინეთ. ვიცოდით, მთავარი გართობა წინ იყო. მოგზაურობის ბოლო, ყველაზე დაძაბული პუნქტი – სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა, სადაც რუსული გავლენა ჩინოვნიკურ დონეზეც მაქსიმალური იყო. იქ ვიზიტის დასკვნითი აქტი იყო ჩვენთვის მოძღვნილი ბანკეტი, რომელსაც ყველა პუტინელი იძულებით ესწრებოდა. რომ არ დაგღალოთ, ბოლო სცენას დაგიხატავთ, სადაც უკვე სკამის მერე მაგიდაზე ფეხით შემდგარები ყველა ენაზე ვყვიროდით “რუსებს რა?”. მათ მარცხს, ამოწყვეტას, გადაშენებას ვუსურვებდით, მათს გარეშე სამყაროს და თავისუფლებას ვადღეგრძელებდით. არ დამავიწყდება მთლად პუტინელი სევასტოპოლის მერის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნატორის გაფართოებული, ერთი ვედრებით სავსე თვალები – წადით, გევედრებით, წადით. როცა ყველა სადღეგრძელო დავიკმაყოფილეთ და დავიღალეთ, წავედით კიდეც. გავედით ნავსადგომზე, რომლის ბოლოშიც ჩვენი იახტა (იახტა რა, აი ჩვენს კურორტებზე “რაკეტა” რომ დადიოდა, რაღაც ეგეთი) გველოდა, მაგრამ გამცილებელთა საუბედუროდ, სწორედ ამ დროს ჩამოდგა ნავმისადგომზე აი ის კრეისერი “მასკვა” მთელი ეკიპაჟით პალუბაზე. თავზარდაცემულ ჩინოვნიკებს ერთი ყუთი შამპანური მოვატანინეთ, ბოთლები კრეისერს დავუშინეთ, ვიძახდით, ამის პირველად წყალში ჩაშვებაზე ვერ მოვასწარით, დაგვაგვიანდა და ეხლა ვაკომპენსირებთო. შუა თითებს ვაჩვენებდით და ფსკერზე მალე გამგზავრებას ვუსურვებდით. სრულ გაუგებრობაში ჩავარდნილი ეკიაჟი პირდაღებული გვიყურებდა და ვერაფერსაც ვერ გვპასუხობდა. ბოლოს ამასაც გავეცალეთ. მე ტანსაცმელი გავიხადე და მეგობრებს გავატანე (საბედნიეროდ საცურაო ტრუსები წინდახედულად ჩავიცვი), ვუთხარი, რომ ცურვით გავყვებოდი და წყალში გადავეშვი. ასე მოვცურავდით – წინ ისინ, უკან მე. მიყვიროდნენ – ამოდი, შე ავადმყოფო, დაიხრჩობიო. ვპასუხობდი – მინდა, სანამ სანაპიროდან ვჩანვარ, ჩემს უკანალს უყურონო. კილომეტრზე მეტი გავყევი ასე. წყალში თავი რომ ჩავყავი, იქ მომავალი დავინახე – უკრაინელი ძმების მიერ დაძირული “მასკვა” ფსკერზე, შავი ზღვის გოგირდწყალბადოვან უსიცოცხლო ჯურღმულში. ჩემი ბავშვობის პროპაგანდისტული მულტფილმის სიმღერა შემომესმა – что тебе снится крейсер аврора? – და ვიმედოვნე, რომ ფსკერის სიზმრებში კრეისერს ის გაუგებარი ტიპებიც ეზმანება, შუა თითებს რომ აჩვენებდნენ და იქ აგზავნიდნენ, სადაც აგდია სამუდამოდ. ჩამავალი მზის შუქი თოლიებს შორის დამდგარ წყალზე ირეკლებოდა. მზის ბილიკს გავუყევი და აქ, ჩემს საწოლზე ამოვყვინთე. ალიოშა მაშინვე მხართან მომიჩოჩდა, ბევრი იწრიალა, გუშინდელი ბუზის სიმყრალით მსუყედ ამოაბოყინა, კომფორტულად მოეწყო და გაიყუჩა. მეც გავშეშდი, ეს ყურუმსაღი რომ არ გავჭყლიტო. ჩრდილიც იქვე, ჩვენს გვერდით კედელზე მოკალათდა მოხერხებულად. როგორც ხედავთ, ამ სამარტოო საკანში უკვე სამნი ვართ, მაგრამ ეს ჩვენში დარჩეს, არავის უთხრათ, არ შეიძლება, რეჟიმს ვარღვევთ. საპყრობილის მზარდი ქოცური პოპულაცია ძველ მოტივებზე აგუგუნებს – ერთად ვცხოვრობთ დიდი ფერმაში ია-ია-ო! —- ლილუ! ია-ია-ო! რომეო და ჯუ-ია-ია-ო! ჩვენ კი გულაღმაგაწოლილები, თავქვეშ ზოგი ხელ, ზოგი ფეხამოდებულები მივჩერებივათ თეთრ ჭერს, სადაც, როგორც ეკრამზე, ვუყურეთ ჩვენს სიზმრებს ცხადში. აი ასე ვებრძვით მელანქოლიას, ვეცეკვებით დროს ჩვენს რიტმში აქ, ქალაქ რუსთავში, მეთორმეტე საოკუპაციო საპყრობილის B-302 საკანში.P.S. რომ გამოვალ და სახლში საკმარის ადამიანურ სითბოს მივიღებ, აუცილებლად მოვასწრებ და ზამთარშივე ჩავალ საყვარელ მეგობართან რაჭაში. ორი მიზეზია. რაჭა ზამთარში იმდენად ზღაპრული, ჯადოსნურია, რომ ადასტურებს ჩემს თეორიას – ჩვენ, ჩვენი პერსონალური ზღაპრებით, საბოლოოდ ყველანი ერთ გლობალურ ზღაპარში ვცხოვრობთ. ზღაპარში სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის შესახებ. და მეორე – ონის მერე არის ადგილი, სადაც ბოლომდე მანქანით ვერ ადიხარ (ტყე-ღრე ფეხით ბოდიალის მოყვარული არ ვარ), ფეხით გადიხარ პლატოს კიდეზე და ფეხქვეშ ღრუბლებს ხედავ, გარშემო კი ჩვენი სამშობლოს თითქმის ყველა დიდებულ მთას. მინდა იქ ავიდე, თავი ზევით ავატრიალო, დავინახო მთლიანი ცა, კიდიდან – კიდემდე, გისოსების ოთხკუთხედი ჩარჩოს გარეშე და გულწრფელად აღმოვთქვა – დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!ამას აუცილებლად გავაკეთებ. მანამდე კი გილოცავთ შობა – ახალ წელს! გთხოვთ, მძიმე ვითარების მიუხედავად აუცილებლად იზეიმეთ. დადებითი ემოციები, გართობა, ზეიმი ასეთ დროს კიდევ უფრო აუცილებელია. დაღრეჯილობა ქოცთა ხვედრია, აქეთ ნაპირზე ლაღი ხალხი ვართ. აკი სულ ვამბობდი – ყველაზე მეტად რაც გვაძლიერებს, გვმუხტავს, ადამიანური სითბოა, შობა და ახალი წელი კი ყველაზე სწორი დღეებია ამ სითბოს მისაღებად და გასაზიარებლად. ასე რომ,იზეიმეთ და ჩვენი მილოცვაც მიიღეთ ყველამ აქეთ ნაპირზე!
ჩვენზე არ იდარდოთ, სამნი ვართ, შობასაც მივერგებით და ახალ წელსაც გავიხალისებთ. მალე ეს თვეც მიილევა და მეც შემოგიერთდებით. მართალია ნინას დაბადების დღეს სულ რაღაც 6 დღით ავცდები, მაგრამ მაგით არის მაგარი რიცხვებში არეული ქართული კალენდარი, რომ ყველაფრის კომპენსირების შანსს გაძლევს – ზედ ნინაობას გამოვალ და ამაზე მაგარი საჩუქარი რა უნდა ინატროს ნინამ წმინდანის დღეზე?














კომენტარები