იყო წლები, როცა მანქანის გაქირავების სერვისი საერთოდ არ არსებობდა, ეგ რაა, საერთოდაც იყო დრო, მანქანა არ არსებობდა. მერე ჯერ იყო „დამაპიპინებიე“, შემდეგ იყო – მათხოვე, ან, გამიყვანე, ძმურად და უცებ გაჩნდა ახალი ეპოქა – სად გავაჩერო მანქანა? აი, „სად გავაჩერო მანქანა“–სა და „სად ჯანდაბაში დავტოვო მანქანა“–ს შორის გაჩნდა სერვისი – მანქანის გაქირავება.
თავიდან სარეკლამო ტექსტები მთლიანად ტურისტებზე იყო მორგებული – ქირავდება მანქანა ტურისტებზე – დაახლოებით ასეთი წარწერებით, თითქოს მანქანით მხოლოდ ტურისტი დადიოდეს, ან ყველა ტურისტი მანქანით დადიოდეს. ამასობაში გაირკვა, რომ ტურისტებს ან ფეხით ბოდიალი ურჩევნიათ უმეტესად, ან თუ ქირაობენ მანქანას, უმეტესად მძღოლითურთ და გადმოცემის თანახმად, მითი ნომერი 7976–ის მიხედვით, სწორედ ამ დროს, მივიდა მანქანის გაქირავების სერვისში ქალი, დიახ, ქალი და სრულიად გამართული ქართულით ითხოვა მანქანის ქირაობა.
– ქალი, თან გამართული ქართულით მანქანას ქირაობსოო? – რად უნდა, ნეტა რად უნდაო, – მხრების აჩეჩვა უნდოდა და ბოლო წამს, თმები აიჩეჩა მანქანის მეპატრონემ.
როგორც ისტორიის წიგნში დაიწერება ოდესმე, მითი ნომერი 15633–ის მიხედვით, ახალი წლის წინა დღეები ყოფილა და წასული ეს ქალი ამ ნაქირავები მანქანით, გაჰყოლია უკან მანქანის გამქირავებელი მეორე მანქანით, უნდა ვნახო, სად მიყავს ეს ჩემი მანქანაო. მისულა ეს ქალი სახლთან, გამოუტანია ჩემოდანი, ჩაუდევს საბარგულში. წასულა დასავლეთისკენ. გზად ყავა მოუნდა, გააჩერა სადაც მოუნდა, დალია ყავა. დაისვენა იმდენი ხანი, რამდენიც უნდოდა. შეცივდა? – ტანსაცმელი იქვე გამოიცვალა, მანქანაშივე. მოშივდა? გააჩერა და ისადილა იქ, სადაც უნდოდა, როგორც უნდოდა, რა დროითაც უნდოდა. იმ მუსიკას უსმენდა რაც უნდოდა, როგორ ხმაზეც უნდოდა.
ჩავიდა ბათუმში, ტაქსი არ დასჭირდა, მანქანიდან მანქანაში ბარგის გადატანა არ დასჭირდა. მიაყენა სახლთან პირდაპირ და გადავიდა. ახალი წლის მეორე დღეს პიკნიკზე წავიდა მეგობრებთან ერთად ქობულეთის ერთ ლამაზ სოფელში, დაანთეს კოცონი, გაეხვივნენ პლედებში, თერმოსებიდან ოხშივარი ამოუშვა ცხელმა სასმელმა, შეწვეს მწვადი და სიმინდი, სად იპოვეს სიმინდი დეკემბერში და მითი ნომერი 22451–ის მიხედვით, ადამიანი ყველაფერს პოულობს, – რაც უნდა, მუსიკა ჩართეს, იცეკვეს, დატკბნენ ბუნებით, გადაიღეს ფოტოები და ყურადღება! – მითი ნომერი 33651–ის მიხედვით, იქ, იმ პიკნიკზე დაიბადა სელფის გადაღების იდეა.
არ დაგავიწყდეთ, მანქანის მეპატრონე ისევ შორიახლო დაყვება და თვალს არ აშორებს.
3 იანვარს წავიდა ქალი იმერეთში ისევ მეგობრებთან ერთად. ბაქლავა იყიდეს მთელი შეკვრა, დიდი შეკვრა და ის წაიღეს, ხოდა, ეს ბაქლავა იყო დაბრძანებული ცალკე სავარძელზე, ისე, რომ არ დაიჭეჭყა და აიზილა, ისე რომ ცალკე მგზავრობის ფული გადაუხადეთ, ქალბატონოო, – არავინ თქვა. გაიშალა იმერეთში სუფრა და აი, დალია, მძღოლმა დალია. აწრიალდა მანქანის მეპატრონე, აი, ხომ ვამბობდი და გამოვიჭირეო, ჩემი ბედი რომ ვიცი, დავრჩი ამ ახალ წელს უმანქანოდ, უფულოდ, ბიზნესის გარეშეო. მაგრამ ნურას უკაცრავად, ოჯახში 18 წლის ფხიზელი მძღოლი იყო და ის დღე 3 სოფელი მოიარეს იმერეთის.
მეორე დღეს, ისევ სამ სოფელში მოასწრეს სტუმრობა და ასე გაგრძელდა 6 იანვრამდე. 6 იანვარს დაჯდა ქალი საჭესთან და წავიდა გურიაში – ღორის დაკვლაზე, ბიძის ოჯახში. ჯერ კუჭმაჭის სუნმა და მერე გურული ღვეზელის არომატმა მუცელი აუწრიალა მანქანის მეპატრონეს და ღამით ჩუმად შეიპარა, ცოტას შევჭამ და გამოვალო. ის იყო და საცაა სუფრასთან უნდა მისულიყო, რომ რაღაცას დაეჯახა და რაღა რაღაცას, ნაძვის ხე წააქცია. ღვეზელს დაავლო ხელი და გამოიქცა და მითი ნომერი 55811–ის მიხედვით, გრინჩი სწორედ მაგ კაცის მიხედვით გაჩნდა, ამიტომ, წესით, შობის ღამეს კუჭმაჭი და გურული ღვეზელი უნდა დავდოთ ფანჯარასთან, მაგრამ ეგ ტრადიცია ჯერ არ გვაქვს.
9 იანვრამდე გურული ნათესავები მოიარა ქალმა და თუ დავიჯერებდი, მეც არ მჯეროდა, მითი ნომერი 77852 რომ არა, 9 იანვარს წასულა თელავში მეგობრების სანახავად. კახელებმა, ახლა ვნახოთ, ვისი ახალი წელი სჯობსო და 12 იანვრამდე ისე გავიდა დრო, როგორც წუთი, 12 იანვარს ქალი წავიდა სამეგრელოში, იქ შეხვდა გურულ კალანდას, რა უცნაურია, არა?
17 იანვარს წავიდა არც მეტი და არც ნაკლები სვანეთში, ნათლული ჰყოლია იქ. მოკლედ, 22 იანვრამდე მოიარა ამ ქალმა საქართველო, დაისვენა, იმოგზაურა, სულ თავის გემოზე, როგორც უნდოდა, როგორც გულს უხაროდა ისე და როცა თბილისში დაბრუნდა დასვენებული, ბედნიერი, უამრავი ლამაზი ფოტოთი და ბედნიერი მოგონებით, იმ კაცს, მანქანის მეპატრონეს უთქვამს, უთქვამს რა დაუყვირია (მითი ნომერი 88888), ისეთი მაგარი ყოფილა მანქანის ქირაობა, მეც უნდა ვიქირაო საკუთარი თავისგან მანქანაო, დამჯდარა საჭესთან და წასულა სამოგზაუროდ.
მას მერე ბევრმა მანქანამ ჩაიარა და დღეს უკვე მანქანის ქირაობა მოდური გახდა, მეტი და მეტი ქირაობს, მეტი და მეტი ის ადამიანი, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ვისაც უყვარს დასვენება თავისი გემოვნებით, ვისაც უყვარს კომფორტი და რაც მთავარია, უყვარს სიცოცხლე, ამიტომ გამართული, შემოწმებული მანქანით გადის ქალაქიდან ყოველთვის.
დღეს მთავარი კითხვა მანქანის ქირაობისას მხოლოდ ერთია – გადაცემათა კოლოფის ტიპი – ავტომატური თუ მექანიკური?
შენი აზრით? დაწერე კომენტარებში, შენ რომელს არჩევდი და შემდეგ ბლოგში მე მოგიყვები რომელი სჯობს და რა სიტუაციაში, სად წასასვლელად რომელია უკეთესი, ან რომელი წვავს მეტ საწვავს და რა შემთხვევაში, იმასაც გასწავლი, რომელი სწორი კითხვები უნდა დასვა მანქანის ქირაობამდე, რომ არ მოტყუვდე.
რამდენიმე ხრიკს დღესაც გაგიმხელ:
მაგალითად, თუ ავტომატიკა გსურს იქირაო, როცა გეუბნებიან, რომ ავტომატიკაა, კი, დარწმუნდი ქირაობამდე, რომ სრულად ავტომატიკაა და არა ნახევრადავტომატური. ეს ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს შორის, მესამე ადგილზეა, არამხოლოდ საქართველოში თან.
სამაგიეროდ, თუ გამოცდილი მძღოლი ხარ, მექანიკას შედარებით იაფად იქირავებ.
მისი უდიდებულესობა დაზღვევა:
– ძალიან საჭირო, ძალიან საყურადღებოდ წასაკითხი – სადაც უნდა გეჩქარებოდეს, როგორც უნდა გეჩქარებოდეს, სანამ დაზღვევას კარგად არ გაეცნობი, საჭეს არ მიუჯდე. ყველაზე წვრილი შრიფტით რაც წერია, ის პირველ რიგში წაიკითხე.
ავტომატიკას თუ ქირაობ, დარწმუნდი, რომ დაზღვევა ფარავს საბურავებს, საქარე მინას, სარკეებს, მანქანის ქვედა ნაწილს, რადგან ზოგჯერ სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი ჩამოთვლილ ნაწილებს არ ანაზღაურებს, არადა, ავტომატური მანქანების შემთხვევაში, ასეთი დაზიანებების გამოსწორება, საკმაოდ ძვირადღირებულია.
სად უნდა ვიქირავო?
მითი ნომერი 97981–ის მიხედვით, ის კაცი, პირველად რომ გააქირავა მანქანა და ისე რომ მოეწონა, საკუთარი თავისგან თავადვე რომ იქირავა და წავიდა, ახლაც გზაშია, ამიტომ მისგან ვერ იქირავებ.
ის გრინჩი, მეორე, თუ პირველი – არ მოგაქირავებს, იმიტომ რომ არ აქვს მანქანა, მარხილიც კი არ აქვს, სხვისი მართვის მოწმობა აქვს და ფეხით დადის.
დაგუგლე: სელფი მანქანასთან, არა, არც მანდ ქირავდება, უბრალოდ, მაინტერესებს, გუგლმა თუ იცის, სელფი მანქანასთან პირველად ქობულეთის სოფელში, პიკნიკზე რომ გადაიღეს.
მე რომ მოგაქირაო? – არა, არც მე მაქვს მანქანა, მანქანა არ მაქვს მე და გრინჩსაც არ აქვს მანქანა და გრინჩი ხომ არ გამოვდივარ ამ ლოგიკით?
მივხვდი – მანქანა უნდა იქირაო იქ, სადაც მანქანები ქირავდება.
და მე ვიცი, სად ქირავდება, ფერის, მოდელის, გადაცემათა კოლოფის მიხედვით, კი, ფასის მიხედვითაც. თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც…
თუ ხმამაღლა კითხულობ ახლა და მარტო არ ხარ, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვინც გეტყვის, რომ იცის, სად ქირავდება, კი, ბევრგან ქირავდება, ოღონდ, ყველაზე კარგი მანქანები, ყველაზე პრესტიჟულ კატალოგშია, ყველზე პრესტიჟული კატალოგი კი ისაა, სადაც „ცოცხალი“ რეკომენდაციებია იმ ადამიანების, ვინც უკვე იქირავა.
ხო, დაახლოებით რეალითი შოუს მსგავსი ამბავია – ასე ვთქვათ, რეალითი ბიზნესია – რეალურ დროში, რეალური პირები, რეალურ გამოცდილებაზე წერენ კომენტარებში და სწორედ ეს ქმნის ამ კატალოგს პრესტიჟულს და მომხიბვლელს.
ამიტომ აქ, ამ განცხადებებში ყოველთვის კარგი წინადადებები გხვდება, მაშინაც თუ მანქანას აქირავებ და მაშინაც, თუ მანქანას ქირაობ.
იქირავე და იმოგზაურე, დაისვენე, გაერთე, ისიამოვნე.
ან გააქირავე და იმ ფულით დაისვენე, იმოგზაურე, გაერთე, ისიამოვნე.
ყველა ვარიანტში, გართობის, დასვენების, მოგზაურობის და სიამოვნების გაქირავებას და ქირაობას ვაპირებთ, გამოდის და რატომ ქვია მანქანის გაქირავება კი ვერ გეტყვი.
ისე, მითი ნომერი 99 999–ის მიხედვით, ის ქალი, ვინც პირველად მანქანა იქირავა, მე ვიყავი, მერე გრინჩს გავუცვალე მართვის მოწმობა მარხილში, მეგონა სულ ახალი წელი და თოვლი იქნებოდა და ახლა აგვისტოში ზღვაში თუ ვინმე მარხილით დაინახო, – მე ვიქნები.
ახალ წელს გილოცავ, ადამიანები მოგზაურობენ ბედნიერი მოგონებებისთვის, ბედნიერი წუთებისთვის, ამიტომ სწორედ ამას გისურვებ, თანაც ულევად!
(R)














კომენტარები