ნაწილი VI
თავი XI
ადამიანების მისვლა-მოსვლა არ წყდებოდა. ცალკეული პირების ფაცი-ფუციც თვალშისაცემი იყო, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ასეთ ტრაგედიებს. გიგა მხოლოდ ხალხის მოტანილ ფულს ითვლიდა პატარა ოთახში და ნაკლებს გასცემდა რაიმე საქმის მოსაგვარებლად, რადგან იყო ჯგუფი ახლობლებისა, ვინც საკუთარ თავზე იღებდა ამა თუ იმ გასაკეთებელს. უეცრად შავი ფერის ქუდებჩამოფხატული სამი ახალგაზრდა გამოჩნდა კართან, რომელთაგან ერთი შიგნით შევიდა, ხოლო ორმა მათგანმა კი, შემოსასვლელი სივრცე დაფარა.
– გამარჯობა! – უთხრა გიგას შიგნით შესულმა.
– გაგიმარჯოს! – შეაგება დამხდურმა.
– აქ ორმოცი ათასია. – ჩაილაპარაკა მოსულმა და მაგიდაზე დადო ქაღალდის პაკეტიდან ამოღებული ფულის დიდი შეკვრა.
– ფული დავთვალოთ და მივაწერ თქვენს სახელებს. – უთხრა გაკვირვებულმა გიგამ და სათითაოდ შეათვალიერა ისინი.
– ფულის დათვლა საჭირო არაა. აქ მეტი უფრო იქნება, ვიდრე ნაკლები. – თქვა წინ მდგომმა.
– კი ბატონო, იყოს ასე, მაგრამ ვინ მივაწერო? მე თქვენ არცერთს არ გიცნობთ. მიმართა გიგამ და ფული გადასწი-გადმოსწია, რომ ზედაპირულად მაინც შეეფასებინა რაოდენობა.
– არც სახელებია საჭირო. მიაწერე – ლუკას მეგობრები. – თქვა კვლავ მაგიდასთან ახლოს მდგარმა და გასასვლელისკენ პირი იბრუნა.
რამდენიმე დღე ისე მიილია, რომ გვიან საღამოს, როცა ხალხის მოსვლა წყდებოდა და მხოლოდ შინაურები რჩებოდნენ ღამის მთევლებად, დაღლილი გიგა ოთახში კარს მიიკეტავდა და მაგიდაზე თავჩამოდებული წათვლემდა ხოლმე. საწოლში ვეღარ წვებოდა და ამიტომ, სრულყოფილი ძილი არ გამოსდიოდა. დილით, დაღლილ-დაქანცული გამოდიოდა ოთახიდან და ჩვეულებრივი წესით იწყებდა მოქმედებას. იმის გამო, რომ ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის, დაკრძალვის წინა დღის საღამოს, გიგა ძალიან ცუდად შეიქნა. მას აღარ შეეძლო ფეხზე დგომაც კი. ძალიან უჭირდა ამის თქმა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, კონსტანტინესთვის ეთქვა, რომ ის ვეღარ შეძლებდა ამ საქმის გაგრძელებას.
– ბოდიშს გიხდი, კონსტანტინე, ძალიან ცუდად ვარ და ვეღარ შევძლებ ვერაფრის გაკეთებას. გასაღები აგერ მაქვს, ჟურნალი და ფული კი ოთახშია.
– ეგენი არ მაინტერესებს! რა ფერი გაქვს და რა მდგომარეობაში ხარ?! ნეტავი, რამ გამოიწვია? გადაიღალე, ალბათ. ნამეტანი ბევრი დაგავალე. – წარმოთქვა მან და თავისი ძმა იკითხა, რომელიც უმალ მივიდა მასთან. – გიგა წაიყვანეთ ამა და ამ ადგილას! იქ მიხედავენ. ეს გასაღები კი, შენ გქონდეს და იქნებ შენ მიხედო მაგ საქმეს. ბიჭი მძიმედ არის და დაეხმარეთ! – სთხოვა კონსტანტინემ ძმას და თან დააყოლა. – საჭირო თუ გახდება, ჩვენს ახლობელ ექიმებს დაურეკეთ!
– კონსტანტინეს ძმამ ხელკავი ამოსდო გიგას და კიბეზე ლასლასით ძლივს ჩაიყვანა, სადაც უკვე მანქანა უცდიდათ.
ოჯახში მისვლისთანავე, გიგა გაშლილ ლოგინამდე მიიყვანეს, რომელსაც დაწოლიდან, ერთი წუთიც არ დასჭირვებია ჩასაძინებლად.
ლუკას სიკვდილით გამოწვეულ დარდს და ამ რამდენიმედღიან დაღლას, იმდენად გამოეცალა მისთვის ძალები, რომ მეორე დილით, ლუკას დაკრძალვის დღეს, ფეხზე გამართვაც კი ვერ შეძლო. ამიტომ, მის გარეშე ჩაიარა ლუკას გასვენებამ. ამას ძალზე განიცდიდა, მაგრამ თითქმის უწყვეტი ცრემლის გარდა, ვერაფრით გამოხატავდა პატარა ძმასთან სამუდამოდ დამშვიდობებას.
ლუკას დაკრძალვიდან, მხოლოდ მესამე დღეს შეძლო გიგამ კონსტანტინეს ოჯახში მისვლა. შვილის სიკვდილით გამოწვეულ დამწუხრებულ ცოლ-ქმარს არაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მაგრამ გიგა მაინც გულით მოიკითხეს და მადლობა გადაუხადეს ყველაფრისთვის. ქალბატონი მარიამი სამზარეულოში იყო. კონსტანტინე და გიგა კი, მისაღებ ოთახში ისხდნენ და დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. მათი საუბარი მხოლოდ ლუკას გარშემო ტრიალებდა. კონსტანტინეს ხმაშიც ეტყობოდა და მოქმედებაშიც, რომ ის ძალზე განიცდიდა თავის წარსულ დამოკიდებულებას შვილის მიმართ. მართალია, მამა ვერასოდეს წარმოიდგენდა, დღევანდელი დღე თუ დადგებოდა მის ცხოვრებაში, მაგრამ მისი უწინდელი ქმედებებისგან გამოწვეული სინანული, აშკარად და მკვეთრად გამოხატულიყო მის სახეზე. ამ საუბარში ქალბატონმა მარიამმა თეფშები უსიცოცხლოდ განალაგა მაგიდაზე და სუფრა რატომღაც ოთხ კაცზე გააწყო. მაგიდის ერთ მხარეს სანთელი აანთო და იმავე მხარეს ის სკამი მოსწია, სადაც ლუკას ყოველდღიური ტანსაცმელი ელაგა და, რომლის კიდეზეც, მისი გაცრეცილი ჯინსის ქურთუკი იყო გადაკიდებული.
– დღეიდან ლუკა ჩვენთან ერთად ისადილებს და ასე იქნება ყოველთვის. – ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა მარიამმა და თეფშებზე საჭმლის განაწილებას შეუდგა. მან, რატომღაც, თავისი თეფში ცარიელი დატოვა და კონსტანტინეს და გიგას უხმო მაგიდასთან. გიგა მარიამის მოპირდაპირედ დაჯდა, ხოლო კონსტანტინე, მეუღლის გვერდით. გიგასგან მარცხნივ სანთელი ენთო და თეფშზე საჭმელი ელაგა, რომ ამ დროს, კვლავ გაისმა დედის ხმა. – შვილო, შენ ყოველთვის უჭმელი იყავი. ახლა მე შენი თეფშიდან გადავიღებ ნახევარს და იქნებ ცოტაოდენი საჭმლის ჭამა მაინც შეძლო, დედა.
გიგას და კონსტანტინეს, ორივეს ერთად გაეჩხირათ ბურთივით რაღაც ყელში და ერთსაც და მეორესაც, ცოტა დააკლდათ, რომ ღლიალს არ ამოეხეთქა მათი ხორხიდან.
ასე გრძელდებოდა ცხოვრება ამ ოჯახში და ამ, ერთი შეხედვით, უცნაურ ქმედებაზე, ხმას არავინ იღებდა, რადგან საქმე ეხებოდა შვილმკვდარ დედას და თან ისეთ დედას, რომელიც ყოველთვის შეუვალი იყო თავის გადაწყვეტილებებში. ეს უცნაურობა, კი იყო თვალშისაცემი, მაგრამ სხვა ადამიანებში, თანაგრძნობას უფრო გამოიწვევდა. ერთი ის იყო მხოლოდ, რომ მამაკაცებისთვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა მოქმედების ეს ფორმა. საქმე მაინც ჭირისუფალ მამაკაცებს ეხებოდა, რომელთაგან ერთი იყო მშობელი, ხოლო მეორე – გარდაცვლილის სულის მესაიდუმლე. ამათგან ორივე იყო გულიანი ადამიანი და სწორედ ამიტომ უმძიმდათ, გარდაცვლილის სულთან ასეთი ფორმით შეხება. რაც შეეხება დედას, ის მათგან განსხვავებით, შვებას შვილის სულთან ამგვარი ურთიერთობით იღებდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, რომელიც უცვლელად, ერთი და იგივე წესით მიმდინარეობდა. მეოთხე დღეს, დილით, გიგა საძინებელი ოთახიდან გამოვიდა და გეზი მისაღებისკენ აიღო, სადაც კონსტანტინე ეგულებოდა. კორიდორს რომ გასცდა და ერთი ფეხი შედგა მისაღები ოთახის შესასვლელისკენ, ცოლ-ქმრის არცთუ ისე ხმადაბალი საუბარი შემოესმა:
– ჩემი შვილის საქმე, მე დამოუკიდებლად უნდა გამოვიძიო. თქვენ კი, ამაში ხელს მიშლით. – ეუბნებოდა მარიამი მეუღლეს. – ჩემს ახლობელს ბინა აქვს დაკეტილი და შეგიძლიათ, შენ და გიგა იქ გადახვიდეთ დროებით. შეზღუდული არ იქნებით და დალევთ, თუ რას გააკეთებთ, არავინ გეყოლებათ გვერდით. აქ ხელს მიშლით ამ ყველაფერში და ცხელ კვალზე თუ არ მივყევი, გამიჭირდება გამოკვლევა.
– კარგი… მაგაში ხელს როგორ შეგიშლი. გიგასთვისაც უკეთესი იქნება. – ჩაილაპარაკა კონსტანტინემ.
– რატომ? – იკითხა გაოცებულმა მარიამმა.
– იმიტომ რომ, დილას ადრე კარი ფრთხილად შევაღე და მაგიდაზე თავჩამოდებულს ეძინა. როგორც ჩანს, ლუკას საწოლში ვეღარ წვება და ეს იყო მიზეზი მისი ცუდად გახდომისა დაკრძალვის წინა დღეს. ვამჩნევდი კი, რომ რაღაც ფორმაში არ იყო და გადაღლილს გავდა, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი. კარგი, ახლავე შევუდგებით ამის სამზადისს და რამდენი ხანიც დაგჭირდება, იქ ვიქნებით. – თქვა კონსტანტინემ და ფეხზე წამოდგა.
გიგა კი უჩუმრად გაბრუნდა უკან და ოჯახის უფროსის პატარა ოთახში მისვლას, სკამზე ჩამომჯდარი დაელოდა.
– აქ ხარ? – უთხრა კონსტანტინემ ოთახში შესვლისთანავე პატარა მეგობარს და მეორე სკამზე ჩამოჯდა. – შენი ტანსაცმელი ჩაალაგე ჩანთაში. მანქანა დავიბარე, ნახევარ საათში მოვა. ცალკე უნდა გადავიდეთ დროებით მე და შენ. სასმელი წავიღოთ, რადგან მის გარეშე, შეიძლება, გამიჭირდეს ამ უბედურების ატანა, თორემ გამისკდა თავი ფიქრისაგან. ადგილს ვერ ვპოულობ, სად გავექცე ამ ფიქრებს, აღარ ვიცი. აჯობებს, წავიდეთ და დედა მარტო დავტოვოთ თავის შვილთან. თავად ასე სურს და შევუწყოთ მასაც ხელი.
– რა პრობლემაა, ახლავე ჩავალაგებ ყველაფერს. – წარმოთქვა გიგამ და ფეხზე წამოდგა.
ახალი სახლი ძალიან მოწესრიგებული და ფართო იყო. ამავე დროს, სიმშვიდე სუფევდა გარეთ და ჩანდა, რომ წყნარი ქუჩა უნდა ყოფილიყო. მარიამი ყოველდღიურად ეხმიანებოდათ. კონსტანტინე კი, მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტას სვამდა და გამუდმებით ფიქრს მისცემოდა მისი გონება. ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რას ფიქრობდა შვილმკვდარი მშობელი, მაგრამ ერთობ მძიმე იყო მისი ხვედრი. მისი ფიქრი კი, უკეთ მაშინ გახდა ცნობილი, როცა თავად წამოიწყო ამაზე საუბარი.
– იცი, რას ვფიქრობ, გიგა?
– რას, კონსტანტინე? – მიუგო გიგამ და ინტერესით მიაჩერდა.
– გონებიდან ვერ ვშლი იმ სიტყვებს, როდესაც სადარბაზოში გავედევნე და მივაძახე, რომ უკან აღარ დაბრუნებულიყო. ვერც მის ამოხედვას და თვალებს გავურბივარ ვერსად და საითაც მივბრუნდები, ყველგან მას ვხედავ. აკი ვეღარც დაბრუნდა, ის საცოდავ დღეზე დაბადებული. არაფრად აღარ მიღირს სიცოცხლე. ჩემი ბრალია ყველაფერი. სხვაგვარად უნდა მოვქცეოდი. სასტიკი მოქმედება მის მიმართ, არ იყო გამოსავალი. სხვა უნდა გამეკეთებინა რამე. დღეს ხომ ცოცხალი იქნებოდა ჩემი ბიჭი.
– კონსტანტინე, დიდ ბოდიშს გიხდი ამას რომ გბედავ, მაგრამ ერთი რამ მინდა, გკითხო: ლუკა რომ კიბეზე ჩარბოდა, ეგ სიტყვები რატომ მიაძახე?
კონსტანტინეს სახე მოეღუშა და თავი დახარა. დიდხანს იყო ასე გარინდული. თითქოს მის გონებაში სხვა და სხვა აზრი ერთად შეკრებილიყო და თითოეული მათგანი, საკუთარ პატრონს თავის სიმართლეს უმტკიცებდა. მათი ერთად თავმოყრა ქაოსს იწვევდა და გონებიდან გამოტყორცნილი ამ ქაოსის ტალღა, სახის მიმიკებს უცვლიდა შვილმკვდარ მამას, რომლის ქვეცნობიერსაც, რომელმაც ეს არეულობა გამოიწვია მის თავში, ძალიან უნდოდა, მშობელს გამართლების პოვნაში დახმარებოდა, მაგრამ მისი ასეთი მცდელობა, კონსტანტინეს სახეზე აღბეჭდილ გამომეტყველებაში, ამაოდ მოსჩანდა.
– არ ვიცი… – ამოთქვა კონსტანტინემ და თავი წამოსწია. – ახლაც არ ვიცი. – გაიმეორა და ერთ წერტილს მიაშტერდა კედელზე. – რამ მათქმევინა, ან რას ვფიქრობდი იმ დროს, ვერ ვიხსენებ. – ჩაილაპარაკა უფრო მექანიკურად. მას ეტყობოდა რომ, რაც მეტად უღრმავდებოდა ამ საკითხს, მით მეტად ეხვეოდა მისი გონება ბურანში, რასაც მისი სული, გაუცნობიერებლად მიჰყავდა სინანულისკენ. დიახ, სწორედ რომ, სინანული იყო ის ერთადერთი ძალა, რომელსაც მის გონებაში მოწოლილი ქაოსის შეჩერება შეეძლო, მაგრამ იგივე სინანულსაც ახლდა გვერდითი მოვლენები, რომელიც არანაკლები განცდების სახით დაიკავებდა ქაოტური აზრების ადგილს. ამგვარი განცდების მშვიდ ფორმებში გადაყვანა, მხოლოდ ღვთის მორწმუნე ადამიანებს ძალუძთ, რადგან ჭეშმარიტებას ნაზიარები მათი გონება, სინანულს სწორ მიმართულებას მისცემს. კონსტანტინეს შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა: ის ათეისტია, მაგრამ პატიოსანი, დიდად მოაზროვნე და ღრმად განსწავლული, რაც უდაოდ დაეხმარება სინანულის თავის ადგილზე დაყენებაში, მაგრამ ურწმუნოების გამო, ის მისგან გამოსულ განცდებს ვეღარ გაუმკლავდება. ეს კი, ძალიან სწრაფად აისახება მის ჯანმრთელობაზე, რაც, პირველ რიგში, გამოვლინდება კბილების უეცარ მორყევაში. სახეზე იყო, სწრაფად შეძენილი დიაბეტის სიმპტომი და გიგას მოთხოვნაზე – წასულიყვნენ ექიმთან და ჩაეტარებინათ გამოკვლევა, კონსტანტინეს პასუხი ასეთი იყო:
– ექიმთან წავიდე იმისათვის, რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივო?!
ამგვარი მიდგომა, ასე მწვავედ გამოხატული ავადმყოფობის მიმართ, ყოველთვის ლეტალურად მთავრდება, ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის კი, ცოტა გვიან. კონსტანტინეს შემთხვევაში, როცა ის, გარეგნულადაც და შინაგანადაც, კლდესავით კაცის შტაბეჭდილებას ტოვებდა, ბიჭის გარდაცვალებიდან, არცთუ ისე გვიან მიეახლა უეცარ სიკვდილს. მას მხოლოდ გიგა ამჩნევდა, რომ თავისი ცხოვრების ახალი წესებით, შვილთან შეხვედრის გზას, ის შეგნებულად იმოკლდებდა. მისი ყოველი დღე, თითქოს სიცოცხლესთან დამშვიდობებას გამოხატავდა. მთელი ცხოვრება ლაღი და პირდაპირი, მოღუშული და გულჩათხრობილი გამხდარიყო. საუბრის დროს, ის ლაპარაკობდა ყველაფერზე, მაგრამ აღარაფერს ამბობდა. გიგა ცდილობდა, რომ სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა, მაგრამ მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი გამხდარიყო.
ამასობაში, უზენაეს სასამართლოში ჩაინიშნა პროცესი, რომელსაც ლუკას მკვლელი უნდა გაესამართლებინა. კონსტანტინემ სასამართლოში წასვლაზე უარი განაცხადა და მარიამმა პროცესზე წაყოლა გიგას სთხოვა.
სხდომათა დარბაზში დასწრება შეზღუდული იყო და მხოლოდ ახლობელ ნათესავებს ჰქონდათ დასწრების უფლება. ამიტომ, სკამების ორი მწკრივიდან, სადაც მოწინააღმდეგე მხარის ადამიანები უნდა განთავსებულიყვნენ, ერთ-ერთი მთლიანად ცარიელი იყო, ხოლო მეორეზე მკვლელის ოჯახის წევრები და ნათესავები ისხდნენ. მარიამმა და გიგამ იმ ცარიელი სკამებისკენ აიღეს გეზი და მეორე რიგში მოთავსდნენ. სასამართლოს თავმჯდომარეც მალევე გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას, მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და თავის განკუთვნილ სკამზე დაჯდა. მან მოკლედ შეახსენა იქ დამსწრე ყოველ ადამიანს, სასამართლო პროცესზე მოქმედებისა თუ ქცევის ნორმები და თავად კი, ყოველგვარი წესების უგულებელყოფით, გამომსვლელთათვის განკუთვნილ კათედრასთან, მოწიწებით უხმო მოკლულის დედას. მოსამართლის გადაწყვეტილება, ყოველი ნორმალური ადამიანისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რადგან მან ეს გააკეთა ორი რამის გამო: ერთი ის იყო, რომ ქალბატონი მარიამი რესპუბლიკაში ერთ-ერთი უპირველესთაგანი იურისტი ბრძანდებოდა, ხოლო მეორე – სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, მან ზეპირად იცოდა და მისთვის, როგორც შვილმკვდარი დედისთვის, ეს შეიძლება, ზედმეტი და ძალიან დამღლელი ყოფილიყო. იმის გამო, რომ მოსამართლე დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში, კოლეგიალობის მიხედვით, მისი ასეთი ქმედება ყველა ასპექტში გამართლებული იყო, მითუმეტეს, მან კარგად იცოდა, რომ საგამოძიებო ორგანოებში დაბერებული ქალბატონი, პროცესზე “ხელცარიელი” არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა და მის სიტყვას, შეიძლებოდა, პროცესის მიმდინარეობა განესაზღვრა.
ქალბატონი მარიამი სკამიდან მძიმედ წამოდგა, ჩანთიდან მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და კათედრის მიმართულებით გაემართა. საქაღალდე თავის წინ დადო, ერთი ხელით კათედრის კიდეს დაეყრდნო და საუბარი საკმაოდ დაბალ ხმაზე დაიწყო. დარბაზში მსხდომი ადამიანები ერთიანად გასუსულიყვნენ და, რომ იტყვიან – ბუზის გაფრენის ხმა ისმოდაო, ასეთი სიჩუმე სუფევდა. საუბრის დაწყების წინ, დამსწრე საზოგადოებას თავი მდაბლად დაუკრა და სხდომის თავმჯდომარეს, პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.
– თითოეული თქვენგანი, ვგულისხმობ პროცესში მონაწილე სახელმწიფო მხარეს, კარგად მიცნობთ. იცით, რომ მე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ობიექტურობისთვის არ მიღალატნია. მართალია, იურისტს კანონით ეკრძალება ნათესავის და მეტადრე, ოჯახის წევრის საქმის გამოძიება, მაგრამ ამ საქაღალდეში არსებული, მტკიცებულებებით გამყარებული კვლევები და მის საფუძველზე დაწერილი დასკვნა ამტკიცებს იმას, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი ახალგაზრდა მკვლელი არ არის.
ამ დროს, დარბაზში მსხდომმა ადამიანებმა, ძირითადად, განსასჯელის ახლობლებმა, ერთნაირად ამოიგმინეს, რომ გიგას, მოპირდაპირედ მჯდომი ორი ქალბატონის საუბრის ხმა გარკვევით ჩაესმა:
– ვინ არის ეს ქალი? – იკითხა ერთმა.
მეორე ქალბატონს მარიამისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე მიუგო გვერდით მჯდომს.
– რესპუბლიკაში ერთ-ერთი უმაღლესი რანგის იურისტი, რომლის გამოძიებული საქმეები არასოდეს გადაიხედება.
– რატომ? – იკითხა ისევ პირველმა.
– ამის მიზეზი, მისი უმაღლესი კვალიფიკაცია და უმწიკვლო რეპუტაციაა. სხვათაშორის, ამხელა პიროვნება, უღარიბეს პირობებში ცხოვრობს.
– რას ლაპარაკობ! – გაიკვირვა იმ ქალბატონმა, რომელიც გაფაციცებით ისმენდა ინფორმაციას გამომსვლელის შესახებ.
– მე თქვენ გადმოგცემთ ახლა ამ საქაღალდეს და როგორც მოკლულის დედა, გთხოვთ, რომ მხედველობაში მიიღოთ ჩემგან წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები. – აგრძელებდა შეუვალი ტონით, მაგრამ კვლავ დაბალ ხმაზე მარიამი. – ასევე მოვითხოვ, როგორც დედა, რომ განსასჯელი გათავისუფლდეს და რაც შეიძლება, სწრაფად! – მან მძიმედ ამოისუნთქა და თავმჯდომარისკენ მიმართული მზერა განსასჯელისკენ მიმართა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში თავი მაღლა არ აუწევია და ახლა კი ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან. – შენ კი, ერთ რამეს გეტყოდი შვილო. – წარმოთქვა მარიამმა და დარბაზიც იმაზე უფრო მეტად მიჩუმდა. – მე მჯერა, რომ სასამართლო აუცილებლად გამიწევს ანგარიშს და შენ მალე გაგათავისუფლებენ. შენ და ჩემი ლუკა, ბაღიდან ერთად მოდიხართ. შემდეგ სკოლა და ერთ კლასში ყოფნა. ერთ უბანში გაიზარდეთ და გამორჩეული მეგობრები იყავით. – აქ პატარა პაუზა გააკეთა და განაგრძო. – შენთან ერთი თხოვნა მექნება მხოლოდ: არასოდეს წინ აღარ შემხვდე და თვალი არსად მოგკრა.
დარბაზში მსხდომ ადამიანებში ერთიანად იფეთქა ტირილის ხმამ. მარიამმა კი, თავისი საქაღალდე თავმჯდომარეს წინ დაუდო და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა დარბაზი, რომელსაც უკან მიჰყვა გიგაც. უზენაესი სასამართლოს ცენტრალური შემოსასვლელიდან რომ გავიდნენ, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მარიამი შეჩერდა და გიგას თავისი ხელჩანთიდან წამლის ამოღებაში დახმარება სთხოვა. სასამართლო დარბაზში მიღებულმა სტრესმა, ქუჩაში გამოსვლისას იჩინა თავი, რაც მისი სუნთქვის გაძნელებასა და თავბრუსხვევაში გამოისახა. გიგამ ჩანთაში წამალი სწრაფად მოძებნა და ძალადაშრეტილ ქალბატონს გაუწოდა.
– უკან შევბრუნდეთ, იქ სკამზე მაინც ჩამოჯდებით ცოტა ხნით. შეწუხდა გიგა და ხელკავი ფრთხილად ამოსდო მძიმედ მშუნთქავ მარიამს, რომელსაც წამალი უკვე ენის ქვეშ დაედო.
– არა! – მტკიცედ ამოთქვა ქალმა და მეორე ხელის აწევით შეაჩერა თავის გვერდით მდგომი. მხოლოდ რამდენიმე წუთი. – თქვა კვლავ მან.
გიგა სახეზე შეჰყურებდა ახალი გარდაცვლილი შვილის დედას, რომელიც თითქოს არ უცდიდა წამლის მოქმედებას და საკუთარ სულში უკანასკნელი ძალების მობილიზებას უფრო ახდენდა. მან ძალიან სწრაფად მოახდინა ჩვეული, მტკიცე გამომეტყველების აღდგენა, რომელიც ერთი სიტყვით დააბოლოვა:
– წავიდეთ! – წარმოთქვა გამართული ხმით და ქუჩას ნელი, მაგრამ აწყობილი ნაბიჯებით გაუყვა.
სასამართლო მათი სახლიდან შვიდი-რვა წუთის სავალზე იყო და ამდენად, არ გასჭირვებიათ ამ მანძილის დაფარვა. სადარბაზოს კიბეს რომ მიადგნენ, გიგამ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
– ქალბატონო მარიამ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხოთ: განსასჯელის სკამზე მჯდარი ლუკას მეგობარი, მისი მკვლელი არ არის?
კიბის დასაწყისში შეჩერებული მარიამი გიგასკენ შებრუნდა და ასე უპასუხა:
– ის მკვლელი არ არის. – თქვა და კიბეს ნელა აუყვა.
ჩაფიქრებული გიგაც მიუყვებოდა კიბეს მაღლა და ფიქრობდა იმაზე, თუ რა იგულისხმა მან თავის სიტყვაში. ამ ფიქრში, უნებურად გაახსენდა ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა ინდოეთში, როცა ტახტრევანზე მჯდომ ალექსანდრეს მოჰგვარეს დამარცხებული და დაჭრილი მეფე პოროსი. გამარჯვებულს დამარცხებულისთვის უკითხავს – როგორ მოგექცეო? პოროსს ასეთი პასუხი გაუცია – მეფურადო. ეს პასუხი ორნაირად გაიგებოდა: ისე, როგორც შენ, მეფეს გეკადრება, ხოლო მეორენაირად – როგორც მე, მეფეს მეკადრებაო. ალექსანდრეს კითხვა შეუბრუნებია და პოროსს ამაზე ასე უპასუხნია: მე ვთქვი ერთხელ და დავამთავრეო. ეს გაახსენდა გიგას, რომელიც ალექსანდრეს მსგავსად, ვერასოდეს შეიტყობს – ის მკვლელი იმიტომ არ იყო, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რომლითაც მეგობარი იმსხვერპლა, თუ სხვამ მოკლა და მან დაიბრალა? მის გონებაში ამოუხსნელ ამოცანად დარჩება ეს ამბავი და სხვა მსგავს ფიქრებთან ერთად, მეგზურივით გაჰყვება მთელი ცხოვრება.
ამ ამბებიდან მოკლე ხანში, ოჯახი თავის უდიდეს ტრაგედიასთან ერთად, უილაჯოდ გაუყვება სიცოცხლის რიტმს. გიგასაც მალევე მოუხდება საქართველოდან გამგზავრება, რომელიც, დაახლოებით, ორ წელიწადში შეიტყობს კონსტანტინეს გარდაცვალებას.
გაივლის მრავალი წელი და ხნეს მიტანებული გიგაც დაბრუნდება საქართველოში. დაბრუნდება ნაადრევად დაბერებული, უამრავ ჭირ-ვარამ გადავლილი და ჯანგატეხილი. სიბერეში ადამიანს ხშირად ახსენდება თავისი წარსული. გიგასაც ჰქონდა სხვათა მსგავსად მოგონებები, რომელთა შორის, პირველ ადგილს ყოველთვის იკავებდა კონსტანტინეს ოჯახში გატარებული დრო, რომელზე ფიქრიც იწყებოდა განსაკუთრებული სიამოვნების თანხლებით და მთავრდებოდა მძიმე ნაღველით. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ამ ოჯახის მიერ მის მიმართ გაღებული უანგარო მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, მისთვის ადამიანურობის საზომად ქცეულიყო. ეს სასიამოვნო მოგონებები მწარე ფორმას მაშინ იღებდა, როდესაც ლუკას გარდაცვალება გაახსენდებოდა, რომელსაც იქვე მოჰყვებოდა კონსტანტინეზე ფიქრი, როცა მამა, შვილის დაკარგვის შემდეგ, ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯში სიკვდილს ეძებდა.
უკვე მობერებულ გიგას, ერთ ღამეს ლუკა დაესიზმრა. იმ ადგილზე იდგნენ ორივე, ბოლოს რომ შეხვდნენ ერთმანეთს. ლუკა ისევ ოცი წლის იყო და ისევ ისე უღიმოდა მთლიანად გაჭაღარავებულ გიგას, რომელსაც უთხრა:
– გიგა, ჩემო ძმაო და მეგობარო, იმედი მქონდა, რომ დედაჩემს გადასცემდი ჩემს დანაბარებს.
– ვერ მოვახერხე, ლუკა, კონსტანტინეს გარეშე ამისი თქმა.
– არაუშავს… იქნებ ახლა მაინც შეძლო.
– გპირდები, რომ ამას თუ პირადად ვერ ვეტყვი, ხმას მაინც მივაწვდენ.
– კარგი, ძმაო! – კვლავ გაუღიმა ლუკამ და გიგას დამშვიდობების ნიშნად გადაეხვია.
გიგა მაშინდელივით ზემოთ აუყვა ქუჩას. ლუკა კი, პირდაპირ წავიდა. როგორც უწინ, ახლაც შებრუნდა გიგა ლუკასკენ, რომელიც ისევ იმ გაცრეცილი ჯინსის საყელო აწეული ქურთუკით აჩქარებული მიდიოდა. უეცრად ისიც შემობრუნდა გიგასკენ, ხელის აწევით ძველებურად დაემშვიდობა და გზა განაგრძო.
გიგას რომ გამოეღვიძა, ჯერ კიდევ არ იყო გათენებული. გული აჩქარებოდა და სწრაფად სუნთქავდა. სიზმარი რომ აღექვა, ფიქრებმა მოიცვა მისი გონება.
ქუჩის მხრიდან დრო და დრო შემოდიოდა ქალაქში ახლად ამოძრავებული მანქანების ხმაური. სიცოცხლე გრძელდებოდა. საწოლზე წამომჯდარი, ნაღველმოწოლილი და ხნესმიტანებული კაცი კი, თავდაღუნული იმას ფიქრობდა, როგორ მიეწვდინა ლუკას დანაბარები, მისი ღრმად მოხუცებული დედისთვის.
დასასრული
კომენტარები