საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გრენლანდიაზე შეთანხმების მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, რაც მოსალოდნელი იყო ის მივიღეთ: აშშ გრენლანდიის მილიტარიზაციას განაახლებს და ისეთი გარე ძალების ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდავს, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. თავად კი მიიღებს პრიორიტეტულ დაშვებას. ამასთან, ვაშინგტონი ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვაო გზაგამტარებს მკაცრ მონიტორინგს გაუწევს. ეს უკანასკნელი გეოპოლიტიკურად ყველაზე წონიანი შედეგი იქნება.
თუმცა ეს ჯერ კიდევ მონახაზია და საბოლოო სახე როგორი ექნება ან რამდენად ყველა მხარე დასთანხმდება პირობებს, ვნახოთ.საბოლოოდ, თუ შეთანხმება შედგება აშშ მიიღებს იმას, რისი უფლებაც ისედაც ჰქონდა 1951 წლის შეთანხმებით, უბრალოდ უფრო მეტი კონტროლით, თუმცა ცუდია, რომ საკმაო მედია გაშუქებითა და კონფლიქტური ტონით ხდება ეს ყველაფერი, რასაც გრძელვადიანად შერეული შედეგები ექნება:1. აშშ-ს მხრიდან არქტიკის მილიტარიზაცია დაჩქარდება – ეს კარგი შედეგია, რადგან რუსეთი საკმაოდ წინ იყო ამ ამბავში;შესაძლოა აშშ-მ საკუთარ ბაზებზე გარკვეული ან სრული სუვერენიტეტის გავრცელება მოითხოვოს ანუ გადავიდეს აშშ-ს კონტროლის ზონაში – ამის პრეცედენტი გვაქვს კვიპროსზე, სადაც ბრიტანეთს ორი სუვერენული ბაზა აქვს – აკროტირი და დეკელია. რამდენად გამოვა ეს ვნახოთ, მაგრამ მოთხოვნის შესახებ მინიშნებები არის.2. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ გზაგამტარების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია – დედამიწაზე საზღვაო სახელმწიფოებისათვის რამდენიმე წერტილია ყველაზე ღირებული. ჩრდილოყინულოვანი ოკეანისა და მისი მომიჯნავე ზღვებიდან წყნარ და ატლანტის ოკეანეში მოსახვედრად ყველაზე მოკლე გზა სწორედ გრენლანდიის მომიჯნავედ გადის.ვინც ამ ზონებს გააკონტროლებს მათ ექნებათ ოკეანეების გასაღებიც. ბრიტანეთი, ისლანდია, აშშ, კანადა, ნორვეგია და დანია ამ მხრივ ფუნდამენტური მნიშვნელობის მოქმედი ძალები არიან.3. ევროპული ქვეყნები დააჩქარებენ მილიტარიზაციას – ისინი კარგად ხვდებიან, რომ თავადაც სჭირდებათ მილიტარიზაციის პროცესების მაღალი ტემპით წარმართვა და მხოლოდ აშშ-ს მხრიდან ხშირად შეცვლილი პოზიციების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ამით მათი შანსი გაზარდონ საზოგადოებაში მილიტარიზაციის მხარდაჭერა გაიზრდება. ვნახოთ, ეს პროცესი ყველაზე საინტერესოა რა შედეგით დასრულდება. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი იყო.4. სამხედრო ძალების მნიშვნელობა იზრდება – საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მუშაობისათვის ძალაა საჭირო. საერთაშორისო სამართლით რაიმე საკითხი რომ დაიძრას დღის წესრიგში განსახილველად, მასაც ძალა სჭირდება. ძალის დასაბალანსებლად კი ძლიერი მოკავშირეობაა საჭირო. ეს გაკვეთილი უნდა იყოს როგორც პატარა ისე დიდი სახელმწიფოებისათვის.5. პერსონალური ამბიციები კვლავ მნიშვნელოვანია – ცივი ომის შემდეგ დასავლეთის გარკვეული ნაწილი უბრალო ბიუროკრატებმა მოიცვეს, რომლებიც აღარც პერსონალურ ამბიციებს აქცევდნენ ყურადღებას და აღარც ისტორიას. ახლა ეს ყველაფერი იცვლება. საერთაშორისო პოლიტიკის კლასიკური რეალიზმის თეორია, რომელიც ერთი პერიოდი აკადემიურ წრეებშიც შედარებით უკუგდებული იყო, რადგან პერსონალურ ხასიათზე აკეთებდა აქცენტს, ახლა სრულ დაბრუნებას ახორციელებს.საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მხოლოდ უსულო სისტემა და მას ადამიანები, თავიანთი მიზნებითა და ხასიათით ქმნიან. 2500 წლის შემდეგ თუკიდიდე – ბერძენი სამხედრო და მკვლევარი – გაიღიმებდა ამ ყველაფერზე და იტყოდა “ხომ გეუბნებოდითო”.6. მსოფლიო ძალიან სწრაფად ცვალებადი გახდა – რაც უფრო ცვალებადია მსოფლიო და იქ მოქმედი პირების განწყობები, მით უფრო გაურკვეველი იქნება ის საბოლოო შედეგი, რომელზეც ახალი სისტემა დაშენდება. ანუ ახლა გარდატეხისა და ახალი ცივი ომის ეპოქაში შევდივართ. ცივ ომებს კი მესამე სახელმწიფოებში თანმდევი ცხელი ომებიც ახლავს ხოლმე თან.7. სამომავლოდ გრენლანდიის დამოუკიდებლობის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება – როგორც კი ისეთ ეკონომიკურ საშუალებებს მიაღწევს გრენლანდია, რომ დანიის გარეშეც შეძლებს საკუთარი კეთილდღეობის სუბსიდირებას, მისი დამოუკიდებლობა უფრო ხელშესახები გახდება, თუმცა, ცხადია, მისი აშშ-სთან ურთიერთგადაჯაჭვულობა შენარჩუნდება.
დაბოლოს: ჯონ ბოლტონი – ტრამპის ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი და ძალიან სერიოზული ანალიტიკოსი აშშ-ში – ამბობს, რომ ტრამპის ხასიათი იმდენად ცვალებადია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ხშირად რამდენიმე დღეში სრულიად ან ნაწილობრივ ფორმირდება, ხოლო იგი სწრაფად იცვლის პოზიციასო. შესაბამისად, საბოლოო შედეგი როგორი იქნება ამას ახლო მომავალში ვიხილავთ.














კომენტარები